გარემოსდაცვითი გამოწვევები, როგორებიცაა – კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დანაკარგები და სხვა. – თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი გამორჩეულად აქტუალური საკითხებია. ცალკეული ქვეყნები, კერძო, საჯარო თუ სამოქალაქო სექტორი, ასევე, ინდივიდები, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ცდილობენ, წვლილი შეიტანონ ამ პრობლემებთან გამკლავებაში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორში არსებული დიდი და ცნობილი ბრენდების ჩართულობა, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ შესაბამისი პრაქტიკული თუ სოციალური გავლენა, ერთი მხრივ, თავიანთ თანამშრომლებზე, და საზოგადოებაზე, რომლისთვისაც ამა თუ იმ კომპანიის მხრიდან გაჟღერებული მესიჯები და ღირებულებები მნიშვნელოვნად აღიქმება, მეორე მხრივ, მათი როლი გარემოს დაბინძურების შემცირების მხრივ მნიშვნელოვანია.
მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ქონა საერთაშორისო კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანოთ ავტომობილების ცნობილი ბრენდი – Nissan, რომელიც ცდილობს, საავტომობილო ინდუსტრიაში დაამკვიდროს ტექნოლოგიები, რომლებიც ამცირებს გამონაბოლქვს, ასევე, ახარისხებს და გადაამუშავებს წარმოებისას წარმოქმნილ ნარჩენს.
გარემოსდაცვით ღირებულებებს ამკვიდრებს ყველასთვის ცნობილი კომპანია Google-იც, სადაც წარმოქმნილი ელექტრო ნარჩენი გადამუშავდება და კვლავ ბრუნდება წარმოებაში. ამგვარი მიდგომით, ისინი ხელს უწყობენ წრიული ეკონომიკის მოდელის პრაქტიკაში გამოყენებას.
გარემოზე ზრუნვის მნიშვნელოვანი კომპონენტი ნარჩენების სწორის მართვაა. აღსანიშნავია პლასტმასას ნარჩენი, რომელიც გარემოში დიდი ოდენობით გვხვდება და იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის ნარჩენს ასეულობით წელი სჭირდება დასაშლელად, ის საკმაოდ დიდ ზიანს წარმოადგენს როგორც ადამიანებისთვის, ასევე ზღვისა და ოკეანეების ბინადრებისთვის. პლასტმასას ნარჩენის წარმოქმნაში დიდია კერძო სექტორის როლი – ისინი შესაძლოა იყვნენ როგორც მწარმოებლები, ასევე პირდაპირი ან ირიბი მომხმარებლები. პლასტმასას ნივთები ფართოდ გამოიყენება როგორც ინდუსტრიულ, ასევე, საოფისე საქმიანობაში და მის შესამცირებლად შეტანილი ნებისმიერი ორგანიზაციის წვლილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხი მსგავსად დანარჩენი მსოფლიოსა, საქართველოშიც მწვავედ დგას.
საქსტატის ბოლო მონაცემებით (2021 წლის იანვარი) თბილისში 1.202 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და დასაქმების მაჩვენებელი 42,9%-ია. კვლევები აჩვენებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოფისებში ძალიან გავრცელებულია დიდი რაოდენობით ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება. კერძოდ, ხშირად გამოყენებული ნივთებია: პლასტმასის ფაილები, დანა-ჩანგალი, ჭიქები, პოლიეთილენის პარკები, და PET ბოთლები. ამასთანავე, საჯარო ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვისას, დაწესებულებები იყენებენ ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელს.
ამ ტენდენციის გათვალისწინებით, სწორედ CENN-მა, ვენის სადაზღვეო ჯგუფის წევრ დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაოსთან“ პარტნიორობით, გერმანიის სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის (GIZ) ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაციების Prevent Waste Alliance-სა და Rare-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, ახალი, ქცევის ცვლილების მიდგომაზე დაფუძნებული პროექტი „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასას შემცირება თბილისის ოფისებში“ წამოიწყეს. პროექტი მიზნად ისახავს კომპანია „ირაოს“ შიდა ორგანიზაციული პოლიტიკისა და თანამშრომელთა ქცევის ცვლილების გზით, მინიმუმამდე დაიყვანოს მათ მიერ თბილისის ოფისში მოხმარებული ერთჯერადი პლასტმასა.
სადაზღვეო კომპანია „ირაო“ იქნება საქართველოს ბაზარზე არსებული ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც შიდა ორგანიზაციული პოლიტიკის ცვლილებით, მწვანე შესყიდვების დანერგვით თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და საოფისე სივრცეში პლასტმასას ალტერნატივების გაჩენის გზით მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და ამით კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მისცემს მაგალითს
შიდა პოლიტიკის ცვლილების შედეგად, კომპანია „ირაო“ წლის განმავლობაში პოლიეთილენის პარკების მოხმარებას 33 000-ით შეამცირებს. ამასთანავე, თბილისის ოფისის ყველა თანამშრომელს ინდივიდუალური მოხმარებისთვის მრავალჯერადი წყლის ბოთლები გადაეცათ. ხოლო იმ შემთხვევებისთვის, თუკი პლასტმასა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იქნება გამოყენებაში, ოფისში პლასტმასას დახარისხების ურნები განთავსდება.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკა და კვლევები ადასტურებს, კერძო სექტორის ჩართულობა ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მათი გარემოსდაცვითი ღირებულებები გავლენას ახდენს როგორც საზოგადებოებაზე, მათ მომხმარებლებზე, ასევე, სხვა კომპანიებს უბიძგებს თავადაც გახდნენ გარემოსადმი მეტად მეგობრულები. შესაბამისად, ჩვენ მიერ ხსენებული პროექტი და სადაზღვევო კომპანია „ირაოს” ინიციატივაც, ვფიქრობთ, რომ დიდი ნაბიჯი იქნება მნიშვნელოვანი ძვრების დასაწყებად ამ სფეროში.
[R]