in

2020 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები – ინტერვიუ „ირაოს“ გენერალურ დირექტორთან, ვახტანგ დეკანოსიძესთან

„16-წლიანმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, ამ კრიზისს, თავდაუზოგავი შრომის ფასად წარმატებით გავმკლავებოდით“

პანდემიის გამოცხადებისთანავე, კომპანიები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალ რეალობასთან ექსტრემალური ადაპტირების გადაუდებელი საჭიროების წინაშე დადგნენ. დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ ბევრი მათგანისგან განსხვავებული ტაქტიკის სწრაფად შემუშავება მოითხოვა. კომპანიებს, რომლებმაც ციფრულ სერვისზე უფრო ადრე იზრუნეს, რეალობაზე მორგება უფრო გაუადვილდათ და მალევე მიხვდნენ, რომ სტაბილური განვითარებისთვის ახალი და უფრო მოქნილი სერვისების შეთავაზება დასჭირდებოდათ. ასე მოიქცა „ირაო“, რომელმაც გრძელვადიანი პერსპექტივების სწრაფად გაანალიზებისთანავე დაიწყო “ახალ რეალობაზე” მორგებული და სრულიად ახალი სერვისების დანერგვა. როგორ აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე და როგორ განვითარდა „ირაო“ 2020 წელს, დეტალებზე კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე გვესაუბრა. 

bog
bog-mob

როგორ იმოქმედა პანდემიამ ზოგადად სადაზღვევო სფეროზე?

ვახტანგ დეკანოსიძე: პანდემია, როგორც იცით, ყველა სფეროს შეეხო და მათ შორის, სადაზღვევო სფეროსთვისაც დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. საკმაოდ მძიმე გავლენა იქონია სადაზღვევო ბაზრის ზრდასა და განვითარებაზე. როგორც უმეტესობა ინდუსტრიებისა, სადაზღვევო ინდუსტრიაც საერთოდ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, ვირუსმა კარდინალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოითხოვა ძალიან მოკლე ხანში. ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ რთული წელი გვქონდა. მთელი გუნდი გაათმაგებული ძალებით ვცდილობდით, ყოველდღიურად, ახალ გამოწვევებთან გამკლავებას, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის უწყვეტად მიგვეწოდებინა ყველა სერვისი.

ვითარებიდან გამომდინარე, მოიმატა მომართვიანობამ ჯანმრთელობის კონკრეტულ სერვისებზე, რომლის შედეგადაც, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა ჩვენ მიერ სამედიცინო მიმართულებით ანაზღაურებული ზარალების ოდენობა და შეადგინა 10.7 მლნ ლარი. ყველა პროდუქტის მიხედვით ანაზღაურებულმა თანხამ, ჯამურად, 20.5 მლნ-ს მიაღწია.

პანდემიის დასაწყისიდან შეინიშნებოდა რიგ სადაზღვევო პროდუქტებზე მოთხოვნის კლება, ხშირ შემთხვევაში – საერთოდ გაქრობაც. გაუქმებული ფრენებისა და რეგულაციების გამო ასეთი პროდუქტია სამოგზაურო დაზღვევა.

2020-ში ქართული სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა დადგა სერვისების დისტანციურ რეჟიმში სწრაფად გადაყვანის ამოცანის წინაშე. დღევანდელი გადმოსახედიდან, სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ „ირაოს“ 16-წლიანმა გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, ამ კრიზისს, თავდაუზოგავი შრომის ფასად, წარმატებით გავმკლავებოდით.

2020 წელი ბევრი კომპანიისთვის აღმოჩნდა გამოწვევა, როგორ შეძლო „ირაომ“ ახალ რეალობაზე გადაწყობა?

როგორც ზემოთ აღნიშნეთ, 2020 წელი ყველა კომპანიისთვის იყო დიდი გამოწვევა, რასაც, ობიექტურად რომ ვთქვათ, საკმაოდ კარგად გავართვით თავი. აქ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფდი:

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში მოგვიწია ახალ რეალობასთან ადაპტაცია. „ირაო“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, რათა თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ დაეყენებინა.

ასევე გეტყვით, რომ 2020 წლის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო ციფრული მიმართულების გაძლიერება, პანდემიამ კი უფრო დააჩქარა ჩვენი გეგმები და, კარგი გაგებით, გვაიძულა დაგეგმილზე უფრო მნიშვნელოვნად მოკლე დროში მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ახალი დისტანციური მომსახურებები. უკვე ზაფხულში ჩვენს დაზღვეულებს შევთავაზეთ ახალი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც „ონლაინ“ ანაზღაურების სერვისი გავამარტივეთ და დაზღვეულებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაცია და მიმართვის მიღება „ონლაინ“.

აღსანიშნავია ასევე, რომ 2020 წლის მანძილზე „ირაოს“ ოჯახის ექიმებმა 120 ათასამდე კონსულტაცია გასწიეს, რომლის, დაახლოებით, 50% სწორედ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ჩვენი სამედიცინო გუნდი, განსაკუთრებით კი, ჩვენი ოჯახის ექიმების მიერ გაწეული სამუშაო ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ხაზგასასმელია – ისინი მართლაც რომ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ მთელი წლის განმავლობაში. მე არაერთხელ გამომიხატავს მათ მიმართ მადლიერება და ახლაც გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და დიდ მადლობას ვუხდი მათ და მთელ ჩვენს სამედიცინო გუნდს.

გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებზე ვართ ორიენტირებული, მათი მდგომარეობა და კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ „ირაომ“ გადაწყვიტა, ამ რთულ ვითარებაში გვერდში დასდგომოდა ისეთ კომპანიებს, რომლებიც პანდემიამ განსაკუთრებულად დააზარალა და სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესს დაზღვევის გადასახადზე საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. ამით პანდემიით დაზარალებულ სექტორებს მივეცით შესაძლებლობა გადაევადებინათ  ხარჯების გაწევა ისე, რომ არ დარჩენილიყო მათი აქტივები დაზღვევის გარეშე. ეს საშეღავათო პერიოდი  შეეხო ასევე ფიზიკურ პირებსაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ამ არაპროგნოზირებადი ქარტეხილის მიუხედავად, „ირაომ“ მიზანმიმართულად შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი და შეძლო, რომ კრიზისი არ დასტყობოდა მათ კეთილდღეობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში ყველა თანამშრომელმა თავი იგრძნოს თავისუფლად და დაცულად. თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის საჭიროება თუ დაინახეთ და როგორ დააკმაყოფილეთ ბაზარი?

როგორც აღვნიშნე, პანდემიამ დააყენა საჭიროება, დროულად დაგვენერგა დისტანციური სერვისები და ჩვენც, პირველ რიგში, ამ კუთხით განვვითარდით. დავნერგეთ „ონლაინ“ პლატფორმა – „პირადი  სივრცე“, რომლის მეშვეობითაც ჩვენს დაზღვეულებს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ნებისმიერ დროსა და ადგილიდან შეუძლიათ.

2020 წლიდან ჩვენი სადაზღვევო პოლისების  შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ „ონლაინ“ რეჟიმში. ამ ეტაპზე ჩვენს პორტალზე ხელმისაწვდომია სამოგზაურო, ავტომფლობელთა  მესამე  პირის წინაშე  პასუხისმგებლობისა და ქონების დაზღვევის შეძენა. სხვა საცალო პროდუქტების შეძენისთვისაც აღარ არის საჭირო კლიენტის ვიზიტი ოფისში, ჩვენი პორტალის მეშვეობით დაზღვევის მენეჯერებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად გამოწერონ სადაზღვევო პოლისი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ციფრული მიმართულებით განვითარებაზე და „ონლაინ“ არსებული პროდუქტების ჩამონათვალს სულ მალე შევმატებთ სხვა სადაზღვევო პროდუქტებსაც.

გეტყვით იმასაც, რომ მუდმივად ვსწავლობთ და თვალს ვადევნებთ ჩვენს მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს, შესაბამისად, ვცდილობთ შევთავაზოთ სიახლეები პროდუქტებისა თუ სერვისების მიმართულებით. მოგეხსენებათ, 2020 წელს განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ სამედიცინო მომსახურებას ჰქონდა. ეს აღმოჩნდა ჩვენთვის ბიძგი, რომ შეგვებიჯებინა ჯანმრთელობის საცალო დაზღვევის ბაზარზე და მომხმარებლისათვის შეგვეთავაზებინა ინდივიდუალური დაზღვევა – „პულსი“, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მყოფი უცხოელი სტუდენტებისთვის გახდა სავალდებულო.

რა რჩევებს მისცემდით კომპანიებს, რომლებიც გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრობენ?

ეს საკმაოდ რთული და, ალბათ, ძალიან ფართო დიაპაზონის კითხვაა. ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამ კითხვის პასუხად. თუმცა მე ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ძალიან მარტივია: შეუპოვრობა, შრომა, შრომა და შრომა. თანამშრომლების პატივისცემა, მათი დაფასება და, რაც მთავარია, კლიენტებისათვის რეალური სიკეთის, ღირებულებების შექმნა.  ჩემი აზრით, ამ ფაქტორების გარეშე ვერცერთი გუნდი ვერანაირ გრძელვადიან ამოცანას ვერ შეასრულებს.

რაც შეეხება „ირაოს“ სამომავლო გეგმებს . . .

გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ პანდემია ძალიან გვიშლის ხელს. თუმცა ისიც ვიცით, რომ ყველა დაღმასვლას აღმასვლა მოსდევს და გვინდა, რომ პანდემიის დასასრულს, რომლიც არცთუ ისე შორსაა, მომზადებულები შევხვდეთ. შესაბამისად, ამ პასიურ პერიოდს ჩვენს სასარგებლოდ ვიყენებთ, რომ უფრო მეტად განვავითაროთ და დავხვეწოთ ჩვენი პროდუქტები, არ ვანელებთ მუშაობის ტემპს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დიდი სურვილიც, რომ მომავალში ბევრჯერ გავაოცოთ სასიამოვნოდ  ჩვენი დაზღვეულები და მათ ბევრი სიახლე შევთავაზოთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Apple Watch-ს სისხლში შაქრის დონის გასაზომი სენსორი ემატება

შეხსენება აფექტურ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს – იმ ბავშვთა სახელების ბრელოკები, ვინც ავარიაში გარდაიცვალნენ