პირველი შემოსავალი ბავშვობას უკავშირდება. 7-8 წლის ასაკში მივხვდი, ბავშვს რომ ბევრ რამეს ავალებენ უფროსები, შემოსავლის წყაროდ შემეძლო მექცია. ქალაქგარეთ სახლში ხშირი მისვლა-მოსვლა იყო, ამიტომ ჭიშკრის ყოველ გაღებაში 50 თეთრს ვითხოვდი. ეს რომ სხვა ბავშვებმა გაიგეს, დიდი კონკურენცია გაჩნდა, თუ ვინ გააღებდა ჭიშკარს. პირველი სამსახური კი, 22 წლის ასაკში დავიწყე. ახალი დამთავრებული მქონდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტი, ბრენდინგ სააგენტო branding.ge-ში რომ მოვხვდი სტაჟიორად. იმდენად ანაზღაურებაზე არ მქონდა მოთხოვნა, რამდენადაც ძალიან მინდოდა გამოცდილება შემეძინა. არასოდეს დამავიწყდება ის გასაუბრება – უშუალოდ დამფუძნებელი შემხვდა და გამოსაცდელ დავალებად მომცა, სპილო მიმეყიდა მისთვის. ისეთი კითხვა იყო, რომ მაშინვე მივხვდი – სწორ ადგილას მოვხვდი. თავიდან ვნერვიულობდი, მეშინოდა, რომ ბევრი შეიძლება მოეთხოვათ ჩემგან და ვაითუ, ვერ გამემართლებინა მოლოდინი. თუმცა, ისეთი გარემო დამხვდა, დავინახე, რომ არაფერი ყოფილა საშიში. მივხვდი, არ უნდა მომრიდებოდა კითხვების დასმა და ცოდნის ამგვარად შეძენა. ამ სამსახურში, დაახლოებით, ათი თვე გავატარე – ინფორმაციის მოძიებაში, სხვადასხვა კომპანიისთვის ვიფიქრებდით სახელს, შეფუთვას, ლოგოს… უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის ასეთი პირველი სამუშაო გამოცდილება იმდენად საინტერესო იყო, ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, ისევ სამსახურში რომ მივსულიყავი. მთელი დღე ისე გადიოდა, შემოქმედებით საქმეში ჩაფლული, დროს ვერ ვგრძნობდი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ათი თვე იყო ჩემთვის.
შემდეგ, „ბილაინში“ აღმოვჩნდი, B2B მარკეტინგის სპეციალისტად. ძალიან დიდი გუნდი მუშაობდა და ყველას თავისი როლი ჰქონდა. იქ ვისწავლე, როგორია კორპორაციული ცხოვრება – ურთიერთობა სხვადასხვა დეპარტამენტთან, პროფესიული განვითარება, კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობა. დიდი ოჯახივით ვიყავით და ძალიან გავიზარდე, ტექნიკური მიმართულებით, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ტელეკომუნიკაციის სფერო – დღემდე ასე ვთვლი, რომ განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში ამ სფეროში მოხვედრა და გამოცდილების მიღება ნამდვილად გამართლებაა. აუცილებელია, ახალგაზრდებმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებში მიიღონ გამოცდილება, რასთან ერთადაც ზუსტად ხვდები, რისი კეთება გინდა ცხოვრებაში. ყველაზე დიდ გამოწვევად დღემდე რჩება, როცა მეუბნებიან რამეზე, არ გამოვაო. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება, ესა თუ ის პროექტი გამოვიყვანო და სისრულეში მოვიყვანო.
ირინა ადეიშვილი – The Body Shop საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი, GPC-ის სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელი