„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე” – ამას რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში წერდა და ნამდვილად გენიალური ფრაზაა. მართლაც, ჩვენ რა უნდა დავწეროთ დედაზე ისეთი, რაც აქამდე არ დაწერილა, ამიტომ ყველაზე ლამაზი და საინტერესოა ინდივიდუალური ისტორიები, რადგან ყველა დედაშვილობის მიღმა საკუთარი მოთხრობა იწერება.
Marketer-ში გადავწყვიტეთ, 3 მარტის, დედის დღისადმი მიძღვნილი სტატიების სერია წარმოგვედგინა, რომლის ფარგლებშიც, სულ სხვა თვალით შეგახედებთ ცნობად, წარმატებულ ქალებს. ისინი ჩვენი რესპონდენტები სხვა დროსაც ყოფილან, თუმცა ამ ამპლუაში – პირველად!
ირინა საყვარელიძე ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელია. არაერთი პროექტი გვინახავს, რომლის ფარგლებშიც ის ხან უფროსი ქოფირაითერის, ხან კრეატიური ხელმძღვანელის როლში გვევლინებოდა. ამ სტატიიდან კი მისი, როგორც დედის მცირე პორტრეტს წარმოგიდგენთ.
ირინა საყვარელიძე:
პირველი რა გახსენდებათ სიტყვაზე „დედა” – ამ სიტყვაზე მახსენდება დედაჩემი, ბებია და დეიდები.
ცხოვრების რა ეტაპზე გახდით დედა თავად – ორჯერ გავხდი დედა, თან ცხოვრების სრულიად განსხვავებულ ეტაპებზე: პირველად, როდესაც დამწყები მარკეტერი ვიყავი, მეორედ – როდესაც თავი შემოქმედებით ინდუსტრიაში ვიპოვე.
თუ აღმოგიჩენიათ საკუთარ თავში, რომ უფრო მეტად დააფასეთ დედა, როცა თავად გეყოლათ შვილი – გამიმართლა, რომ დიდი ბებია, ბებია, დედა, დეიდები ცხოვრების ყველა ეტაპზე საუკეთესო მაგალითს მაძლევდნენ, ამიტომ მგონია, ყოველთვის ვაფასებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა შემდეგ უფრო ხვდები რაღაცებს. განსაკუთრებით, როცა იმაზე ფიქრობ, 90-იანებში რა გამოიარეს.
როგორია თქვენი, როგორც დედის ერთი „სამუშაო” დღე – ის ორი პატარა ადამიანის გრაფიკსაა მორგებული – ბედნიერი, ლაღი და ცოტა დამღლელიც. პ.ს. ბუნებრივი კვების აქტიური ფაზებით.
რას უპასუხებდით გავრცელებულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც, დედობა ხელს გვიშლის მუშაობაში – ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ყოველთვის ისეთ ადამიანებთან და სფეროებში ვმუშაობდი, ვინც მაქსიმალურად ხელს მიწყობდა „დედობაში”.
ვფიქრობ, დღესდღეობით, როცა არსებობს დისტანციური მუშაობის გამოცდილებაც, ბევრად მარტივია დიდი დრო გაატარო ბავშვებთან, იყო პროდუქტიულიც და კარგი მშობელიც, მით უფრო, რომ წლები მალე გადის და ჩვენი შვილები მალე იზრდებიან. მთავარი მაინც დროის მენეჯმენტი მგონია. ამას ჩემს თავსაც ვახსენებ სულ.
ყოფილა თუ არა თქვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა დედობის გამო უარი გითქვამთ ახალ შემოთავაზებაზე და რატომ – დიახ, საინტერესო პროექტებიც ყოფილა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, მაინც სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ხვდები, რა მალე იზრდებიან ბავშვები, ამიტომ იმ მომენტში ასე ჯობდა.
რა რჩევას მისცემდით ახალბედა დედებს, რომლებსაც სჭირდებათ კარიერული მოტივაცია –
დროის სწორი დაგეგმვით, ყველაფრის მოსწრებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც არსებობს არაერთი პროგრამა, ხელსაწყო და გარემო, რათა იყო აქტიური პროფესიონალი და თან, აქტიური დედა.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი