19
სექ
2018

„ზღვარზე ვმუშაობ და ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება“ – ინტუიტური კერამიკოსი, ირინა სალმინა #თაობა

19 სექ 2018

არის, თუ არა ინჟინერ-ტექნიკოსის ადგილი ხელოვნებაში და თუ კი, რა გზა უნდა გაიაროს მან საკუთარი ენერგიისა და აზროვნების სრულყოფილი ექსპრესიის მისაღწევად? ირინა სალმინას  სახელოვნებო საქმიანობა 27 წლის ასაკიდან დაიწყო და დღემდე, საკუთარი თავის, ინტერესებისა და სასიამოვნო განცდების ძიებით გრძელდება. ძიება კი ყოველ ჯერზე, სპონტანური შემოქმედებითი პროცესია. არავინ, არც თვითონ იცის ზუსტად, რას გამოიტანს კერამიკული ღუმელიდან. ალტერნატივების მოსინჯვა, როგორც ცხოვრების წესი, მუდმივად თან სდევს და შედეგზე მეტად, ამა თუ იმ კრეატიულ გადაწყვეტაზე ფიქრის პროცესი ანიჭებს სიამოვნებას.

რომ მეკითხებიან, ყველაზე კარგად რა შეგიძლია, ვპასუხობ – ფიქრი“.

 

არ მახსოვს როგორ დაიწყო, ალბათ, მასალის დამუშავების პროცესს მოვკარი თვალი, დავინტერესდი კერამიკით და საკუთარ თავს ვკითხე – „ხომ არ ვცადო?“ ვიპოვე სტუდია, სადაც რამდენიმე ქართველი კერამიკოსი მუშაობდა, ნიკოლაძის სასწავლებლის ტერიტორიაზე, მათ ყოველდღე ვურეკავდი და ვთხოვდი, რომ მივეღეთ. ერთხელაც, გაჭრა ჩემმა ცდამ და მიმიღეს. ზედმეტად მოწადინებული ვიყავი და უამრავი კითხვა მიჩნდებოდა. ამდენ პასუხს ვერ მიიღებ, მხოლოდ შენი მოძიებული ინფორმაციით, მისი გაანალიზებით, ცდებითა და დაუზოგავი მუშაობით შეგიძლია განვითარება. პასუხს მხოლოდ შენ თვითონ სცემ საკუთარ თავს, ამიტომ, დავიწყე წიგნების გამოწერა და საკუთარ თავზე მუშაობა“.

ირინას ბავშვობისას ხელოვნების მიმართ ინტერესი არ ჰქონია, მხოლოდ, უნდოდა, მოცეკვავე გამოსულიყო, თუმცა, ამასთან, ძალიან მოსწონდა მათემატიკა და სხვადასხვა ენის შესწავლით იყო დაკავებული. სკოლის დასრულების შემდეგ, ინჟინერ-ტექნიკოსის პროფესიის დაუფლება გადაწყვიტა. სწავლის – ახლის შემეცნების პროცესი ყოველთვის მოსწონდა და ენთუზიაზმით ავსებდა, თუმცა, რაც აკლდა, იყო კრეატივი. ამიტომაც, სპორტით აქტიურად დაკავების პარალელურად, „ავარჩიე ჩემს პროფესიაში მიმართულება, სადაც უფრო მეტი კრეატივი იყო. სისტემებს, სკრიპტებს ვწერდი და ძალიან საინტერესო იყო, თუმცა მაინც მაკლდა რაღაც“.

ინჟინერ-ტექნიკოსობიდან კერამიკოსობამდე
ვიყავი „ცისკოს“ ინჟინერი. ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ქსელურ მოწყობილობებს. სულ მიჭირდა ოფისში მუშაობა, რადგან არ შემეძლო ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა. კი მიყვარს ეს ინჟინერია და ტექნოლოგიები, მაგრამ დიდი ხანი კომპიუტერთან ვერ ვზივარ. ვარ აქტიური, ხან ყავას გავაკეთებდი, ხან წყალს დავლევდი, თუ იყო საჭირო ღამით ვრჩებოდით, ვმუშაობდით ამ ლაბორატორიაში და ა.შ. სულ მეგონა, კი გამომდის, ვაკეთებ, მაგრამ ბოლომდე ჩემი არ არის. სულ მაინტერესებდა, რა არის ჩემი. პარალელურად მქონდა ჩემი ბიზნესი, ეს იყო შესასხურებელი რუჯის სერვისი. (ერთი პერიოდი, მოსკოვში ვცხოვრობდი და ვნახე, რომ რაღაც ახალი კოსმეტიკური პროცედურა იყო. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, რაღაც მომენტში, უმუშევარი დავრჩი, ვიფიქრე, რომ ეს სერვისი შემომეტანა. მოვიძიე კონტაქტები, ვიპოვე კომპანია ამერიკაში, ჩამოვიტანე, ვისწავლე. შემდეგ კი, გავაგრძელე მუშაობა ჩემი პროფესიით). ამის შემდეგ, სამსახურიდან წამოვედი, რადგან მეტი დრო მჭირდებოდა კერამიკისთვის. დამრჩა ბიზნესი და გავაგრძელე კერამიკა. ვმუშაობდი სტუდიაში, ან სახლში მომქონდა თიხა და სამზარეულოში ვამუშავებდი, გამოსაწვავად კი სტუდიაში მიმქონდა.

ის, რამაც ირინაში ხელოვანი გაათავისუფლა ესპანელი კერამიკოსის მასტერკლასი აღმოჩნდა, რის შემდეგაც, ახალბედა ხელოვანმა შიში დაკარგა:

ალბერტო ბუსტოსი არის ესპანელი სკულპტორი, რომელიც ყველა წესს არღვევს. მისი მასტერკლასის შემდეგ, რამდენიმე თვეში გავხსენი ჩემი სტუდია. ძალიან დამაინტერესა მისმა ნამუშევრებმა, 4 დღე ვიყავი გზაში, რომ იქ მივსულიყავი. ამ მასტერკლასმა მომცა თავისუფლება. ამის მერე ექსპერიმენტებისა და მასალის შიში დავკარგე. ძალიან თავდაჯერებული გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარია ვმუშაობ, ეს არის ყველაზე მაგარი შეგრძნება, რომელიც დღემდე მაქვს.

ვიქირავე პატარა ფართი და იქ დავიწყე ცდები, მაგრამ ძალიან უხეშად. ვიფიქრე, რომ ასე არ გამოვიდოდა და სხვა პირობები მჭირდებოდა. ნახევარი წლის განმავლობაში, მოვიფიქრე რაღაც ტენოლოგია და სანამ პიკამდე არ მივიყვანე, ვერ დავწყნარდი. შევქმენი Mess Ceramics, ვიქირავე დიდი სტუდია, ღუმელიც ვიყიდე და აი, ღუმელი რომ ვიყიდე, იქ დაიწყო ახალი ექსპერიმენტები. დიდ სირთულეებს უკავშირდება კერამიკოსისთვის, როცა საკუთარი ღუმელი არ აქვს. სახლში რაღაცას გააკეთებ, მაგრამ სხვაგან გამოწვაზე ბევრს ვერ მიიტან, ტრანსპორტირება რთულია. მე კი დავინტერესდი კერამიკით 2013-ში, მაგრამ, სერიოზული მიდგომით კერამიკულ გზაზე მხოლოდ წელიწადნახევარია რაც ვარ. ფაქტობრივად, ვარ დამწყები, თუმცა, ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ წელიწადნახევრის განმავლობაში.

ინტუიტური კერამიკოსი
მუშაობის პროცესში ფიქრობ, როგორ გააკეთო, პრობლემა როგორ გადაჭრა, ეძებ ინფორმაციას ინტერნეტსა და წიგნებში, ეს ყველაფერი ერთად რომ გროვდება, რაღაც იხსნება. ჩანახატებს არ ვაკეთებ, ყველაფერი ხდება ინტუიციით. ზოგჯერ არ ვიცი, რა გამოვა ღუმელიდან. თუ ვფიქრობ, რომ ვაკეთებ ინსტალაციას, კი, ვაკეთებ ინსტალაციას მაგრამ რა საბოლოო ფორმა ექნება, არ ვიცი. უცებ რაღაც იდეა მომივა და შეიძლება, საერთოდ, სხვანაირად გადავაკეთო. სკულპტურას თუ ვაკეთებ, ან რაღაც ლარნაკს, ვიწყებ ძალიან უხეშად და თვითონ ეძლევა ფორმა პროცესში. პროგნოზირებადი და წინასწარ განსაზღვრული არ არის რა გამოვა ღუმელიდან. ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, იცი, რომ ფორმას არ შეიცვლის, შეიცვლის ფაქტურასა და ფერს. ვფიქრობ ხოლმე, რადგან სპონტანურია ეს პროცესი, ე.ი. შიგნიდან გამოდის.

ზღვარზე მუშაობა
დავიწყე საინტერესო ტესტები შუშასთან. შუშა სხვადასხვა ჭიქურთან სხვადასხვანაირად დნება. ბოლო დროს, ძალიან ბევრს ვრისკავ, ზღვარზე ვმუშაობ, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება. როცა შესწავლილი გაქვს რაღაც მასალის თვისებები და ძალიან თამამად მუშაობ. მასალას, რომელზეც ახლა ვმუშაობ, არ მოსწონს თხელი ფორმები, იმიტომ რომ დაბალტემპერატურიანია და ცოტა სქელი უნდა იყოს. მაგრამ, ისე დავიწყე ფორმების გაკეთება, რომ ძალიან თხელი გამოდის და შეიძლება, ერთ მომენტში გატყდეს კიდეც.

M: როდიდან დაიწყო ირინა სალმინას ნამუშევრების გამოფენები და რომელ არტისტებთან გქონდა კოლაბორაცია?
პირველი გამოფენა იყო წელს, შოთა საგანელიძესთან ერთად. ის მოვიდა ჩემთან ოქტომბერში და იდეა ამიხსნა, დავინტერესდი, დავიწყეთ მუშაობა. დასაწყისიდან ამოცანა იყო მარტივი. მითხრა, რომ მოდი 10 ფილა გავაკეთოთ კერამიკაში, შენი ფაქტურები და ფერები მომწონს და მე გავაკეთებ ასოებს. რომ დავიწყეთ ამ ფილების გაკეთება, დამატებითი იდეები წამოვიდა. ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, სიტყვების გარეშეც კი და სულ ვფიქრობდი, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება. ზოგჯერ ღამე ვწერდი, მოდი ასეთი რამ ვცადოთ, დილამდე რაღაც ექსპერიმენტებსი ვიყავით, ერთად ვფიქრობდით. ვცადეთ, რომ ყველა ფილა განსხვავებული ტექნოლოგიით გაგვეკეთებინა. 4 თვე, დღე და ღამე ვმუშაობდით, რადგან რაღაცები არ გამოგვდიოდა, ხელახლა ვაკეთებდით. ბოლოს ძალიან გადაღლილები ვიყავით, როცა მოვრჩით და ბოლო ნამუშევარი გამოვიტანე ღუმელიდან და ვთქვი: „აი, შოთა, დამთავრდა“. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა, ძალიან ვნერვიულობდი და მაინტერესებდა ხალხის რეაქცია.

პირველი გამოფენის შემდეგ, ირინას გონებაში ახალი „რა გავაკეთო“ გაჩნდა და ასე დაიწყო მუშაობა ბუნებრივი ტექსტურების რეპროდუცირებაზე – თიხის მასაში შექმნა ფერადი ზედაპირები და რელიეფები. თუმცა, პირველად, როცა ამ კოლექციაზე მუშაობა დაიწყო, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამბობს, რომ ეს ფორმები გონებიდან ამოიტანა და მხოლოდ ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თიხისა და მინის შერევით „არასრულყოფილი“ ფორმები მიიღო, გაიაზრა, რომ ბუნებაში მიმდინარე ეროზიის პროცესს იმეორებდა. ეროზია, როგორც ბუნების ძალების (წყალი, ქარი, სითბო, ყინვა) ზემოქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირის გადარეცხვა და ამ მუდმივი პროცესისგან მიღებული გეოლოგიური ფორმები ირინას ბოლოდროინდელი შემოქმედების ახსნად იქცა. 

ამ დროს, მასალების პრობლემა მქონდა და უნდა მომეფიქრებინა, როგორ გამეკეთებინა რაღაც იქიდან, რაც მქონდა. ამასთან, როგორ შეიძლებოდა ეს საინტერესო ყოფილიყო და თან, მეც მესიამოვნა. პროცესში ასეთი ფორმები გავაკეთე, აღმოჩნდა, რომ მოვიფიქრე ტექნიკა და დავიწყე მისი დამუშავება. შედეგის ნახვის შემდეგ, მივხვდი, რომ ძალიან ორგანული ფორმებია. ბუნებაში როცა ეროზია ხდება, იშლება რაღაც მასალები და მე უკვე ვეცადე, რომ ეს გადავიტანო კერამიკაში“.

M: როგორ გგონია, საით წაგიყვანს ეს სპონტანურობა და ექსპრესიულობა? 
არ ვიცი. არც ველოდი, რომ ასე გამეხსნებოდა ის, რაც ახლა იყო გამოფენაზე. სიზმარში რაღაცას ვნახავ და წკაპ, სხვა, ახალ რაღაცას ვიწყებ, რაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რაც მანამდე იყო. 20 წლიანი გამოცდილება როცა გაქვს, მაინც სულ სწავლობ, ასეთია კერამიკის სპეციფიკა და მე, მით უმეტეს, როგორც დამწყებმა, კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო და ვცადო.

M: კერამიკის მიმართულებით, ხედავ თუ არა საქართველოში განვითარების პერსპექტივას და როგორ წარმოგიდგენია შენი ადგილი აქ?
ვყოფილვარ ესპანეთში, თურქეთში, ისრაელში, რომ მენახა, რა სიტუაციაა იქ კერმიკის მიმართულებით. საქართველოში, ბუნებრივია, ყველა კერამიკოსს უნდა განსაკუთრებულის გაკეთება, მაგრამ მერე ისეთი დრო დგება, რომ რაღაცა რუტინული მაინც უნდა გააკეთო, რომ გაიყიდოს. თუ ვერ ყიდი ექსკლუზიურ ნამუშევარს, უნდა აიყვანო მოსწავლეები, გააკეთო სუვენიერები და ა.შ. აქ ყველა კერამიკოსი გადის ამ გზას, რადგან რთულია ხელოვნებით ფული იშოვო. მე არ ვარ მასპროდუქტის ადამიანი. ძალიან სერიოზულად ვაკეთებ ერთ რაღაცას და დიდ დროს ვხარჯავ ერთ ნამუშევარზე. უნდა ვცადო, რომ გავყიდო ის ისეთ ფასში, რომ სამუშაოს გაგრძელება და ცხოვრება შევძლო. ექსკლუზიური კერამიკული პროდუქტის გაყიდვა აქ ცოტა ძნელია. ამიტომ, ვფიქრობ, სამომავლოდ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, ჩემნაირი არტისტისთვის, უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა.



განხილვა