პირველი სამსახური იყო ტელეკომპანია ,,იმედი“ – ჯერ იმედის დილა, შემდეგ საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკა“. ძალიან პატარა ვიყავი – 17 წლის. პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. დილაში სიუჟეტებს ვაკეთებდი და ეს იყო პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში, მაგრამ რეჟიმი და ტელევიზია რასაც ჰქვია, უკვე საინფორმაციოში ვიგრძენი. ,,ქრონიკაში“ გადასვლა გიორგი თარგამაძემ შემომთავაზა, ახლაც ზუსტად მახსოვს როგორ დამირეკა მისმა მდივანმა და შეხვედრაზე შემითანხმდა. არ მავიწყდება და მგონია რომ არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი დღე ე.წ. ნიუსრუმში. გაკვირვებული ვიყურებოდი და ვფიქრობდი რომ სადღაც სხვა პლანეტაზე მოვხვდი. ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა ასეთი სისწრაფით გეკეთებინა საქმე, რომელიც დილით თემის ჩაბარებას, რესპონდენტების შეთახნმება/ჩაწერას, გადაღებაზე გასვლას, მოსვლას, ტექსტის წერას და მონტაჟს გულისხმობდა. მაგრამ ტელევიზიაში მართლაც ყველაფერს ეჩვევი და მეც ,,გავერიე მარაქაში“. მალევე მივიღე ახალი გამოწვევა – საინფორმაციო გამოშვება უნდა წამეყვანა. პირველი ეთერიც გუშინდელივით მახსოვს:
შაბათი დღეა, გამოშვება 11 საათზე იწყება. მაკიაჟი 2 საათით ადრე უკვე გაკეთებული მაქვს, თმაზე დიდი შავი ბაფთა მიკეთია და რა თქმა უნდა, სოლიდური პიჯაკიც მაცვია. გამოშვებისთვის ტექსტები მოვამზადე და დავჯექი. ბოლო ერთ წუთში ეთერში მუსიკა და საათი რომ გავიდა გონება დამებინდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო – ერთ-ერთ ნიუსად დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენები მქონდა და მახსოვს ტექსტში სიტყვა ,,დნესტრისპირეთი“ რამდენჯერაც შემხვდა, იმდენჯერ შემეშალა. მართალია, გამოშვების შემდეგ მთელი ნიუსრუმი გასამხნევებლად ტაშით ,,შემეგება“, მაგრამ მე მაინც უკმაყოფილო ვიყავი. ასე დავიწყე და ნელ-ნელა ეთერის გაყვანაც ვისწავლე. ახალგაზრა როცა ხარ შეცდომებს უფრო მარტივად უყურებ და მათ გამოსწორებაზე მუშაობა ერთგვარი მოტივაციაც არის. მეც ასე ვიყავი, მქონდა დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან პატარა ასაკში მიმყავდა საინფორმაციო გამოშვება, დილით 6 საათზეც ხშირად ვდგებოდი, მაგრამ მივიღე კარგი გამოცდილება. ვისწავლე მუშაობა, საკუთარი თავის იმედზე ყოფნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დამოუკიდებლობა. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ. ახლა სტრატეგიულ კომუნიკაციაში გადმოვინაცვლე და ჩემი მთავარი გამოწვევაა – საინტერესო და კრეატიული პროექტები გავაკეთო.
ირინე ხიზანიშვილი – საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალი Steps-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.










