როდის ხვდებით, რომ ახალი საქმე უნდა დაიწყოთ? ან, როგორი საქმე გიზიდავთ – გირჩევნიათ უკვე არსებული კომპანიის ნაწილი იყოთ თუ წამოწყებაში საწყისი ეტაპიდანვე ჩაერთოთ? დღეს, ირმა ელბაქიძეზე მოგიყვებით. 15 წლის განმავლობაში, ის არაერთ ბიზნესპროექტში მუშაობდა და დღემდე პოულობს აზარტს 0-დან დაიწყოს საქმიანობა და არამხოლოდ ხელშესახები შედეგი მიიღოს, არამედ თავისი გუნდისთვის მაღალი მოტივაციის შენარჩუნება შეძლოს. პროფესიით თარჯიმან-რეფერენტმა ამ მიმართულებით ხუთი წლის მანძილზე იმუშავა. იყო ლექტორიც და როდესაც ამ პროფესიის მიმართ ინტერესი დაკარგა საკომუნიკაციო სფეროში გადაინაცვლა, მისთვის საინტერესო საქმეების აღმოსაჩენად. მაინც, რას ნიშნავს, იწყებდე საქმეს 0-დან, მიგყავდეს შედეგამდე და ყოველთვის იყო მზად თავიდან დასაწყებად? ჩვენს შეკითხვებს ირმა ელბაქიძე პასუხობს.

M: მოდით, მიმოვიხილოთ თქვენი კარიერული გზა – პროფესიონალური განვითარების რა ეტაპები გაიარეთ?
სხვა მიმართულებების ძიებისას, მოვხვდი ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში, სადაც დავიწყე კარიერა გაყიდვებიდან და შემდეგ მარკეტინგში გადავინაცვლე. ამავე კომპანიის დახმარებით, რამდენჯერმე მოვხვდი სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენციებსა და სწავლებებზე, სადაც ავიმაღლე ჩემი ცოდნა მარკეტინგის მიმართულებით.
უკვე 15 წელია საკომუნიკაციო სფეროში ვარ. გამოცდილება მივიღე სტუმარმასპინძლობის სფეროშიც – გახლდით საერთაშორისო ტურისტული კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ, გადავინაცვლე სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში, სადაც ბაზარზე ახალი კომპანიის ბრენდინგი და მარკეტინგი ჩავიბარე. ორი წლის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ და დღეს, ეს კომპანია წარმატებით ოპერირებს.
2021 წლის აპრილში გადავწყვიტე საკუთარი ბიზნესი წამომეწყო და დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება უფრო მრავალფეროვანი საქმიანობისთვის დამეთმო. ჩემს მეგობრებთან ერთად, დავაფუძნე მარკეტინგული სააგენტო Beston, რომელიც ემსახურება როგორც ქართულ, ასევე უცხოური კომპანიებს.
2022-ის თებერვლიდან, ასევე, საინვესტიციო და დეველოპერული კომპანია Swef Land Group-ის ბრენდინგისა და პიარის განყოფილებას ჩავუდექი სათავეში და ერთად, საინტერესო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ.
M: თქვენს პრაქტიკაში რამდენჯერმე იყო, როდესაც პროექტს მისი წამოწყებიდან მალევე შეუერთდით. თქვენი ხედვით, რითაა საინტერესო პროექტში მისი განვითარების საწყის ეტაპზე ჩართვა?
ვფიქრობ, როდესაც კომპანიის მარკეტინგსა და ბრენდინგში საწყის ეტაპზე ჩართვა პიროვნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ჰგავს. ფაქტობრივად, ახალ პიროვნებას ქმნი, ახალი ისტორიით. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ის შენი შვილობილია. ყურადღებას აქცევ ყველა დეტალს, ამოსუნთქვას, თუ ვინმე აუგად მოიხსენიებს მძაფრად რეაგირებ ან თუ შექების ობიექტი ხდება, ძალიან გეამაყება. თავიდან ბოლომდე შენი ნაწილია – ქმნი სლოგანს, ვიზუალურ სიმბოლოს, ირჩევ ფერთა გამას, საკომუნიკაციო სტილს და იწყებ აქტიურ კამპანიებს ამბის მისატანად საზოგადოებასთან, რომელსაც ახალი სახელი უნდა გააცნო და შეაყვარო. როდესაც ამას წარმატებით აკეთებ, სიამაყითა და მოტივაციით ივსები.
M: როგორ უფრო სჯობს ასეთ პროექტთან/კომპანიასთან თანამშრომლობა, კარიერის ადრეულ ეტაპზე თუ მოგვიანებით, როცა უკვე გამოცდილება გაქვს დაგროვებული?
თუ დამწყები ხარ, ჩემი ხედვით, ყველა ეტაპზე საინტერესო უნდა იყოს. ასეთ დროს, შესაძლებლობა გაქვს გამოცადო შენი ძალები და პორტფოლიო ძალიან საინტერესო ქეისებით შეივსო. თუ უკვე გამოცდილი სპეციალისტი ხარ, ყოველთვის გსიამოვნებს ახალი გამოწვევები და ისევ და ისევ გინდება შენი ქმნილებებით ტკბობა. როდესაც ძალიან დიდი კომპანიის გუნდში ხარ და სისტემურად ყველაფერი უკვე ისეა აწყობილი, თითქოს, ნაკლებად გაქვს შესაძლებლობა ექსპერიმენტებისა და ახალი იდეებისთვის. ამიტომ ხშირად, წარმატებული მარკეტერები ნულიდან იწყებენ.
M: როგორ უნდა მოიკრიბო ძალა და დაიწყო 0-დან ნებისმიერ ასაკში?
რა კარგი შეკითხვა დასვი, იცი, მე ვფიქრობ ყველაფერი თვითმოტივაციის უნარზეა დამოკიდებული. თუ არსებობს შენი მოტივაციის წერტილები, რაც არ გაჩერებს ერთ ადგილზე და ყოველთვის გიბიძგებს მოქმედებისკენ, ყოველთვის მზად იქნები, ნებისმიერ დროს დაიწყო ნულიდან.
2021 წლის აპრილში, როდესაც დავტოვე დიდი კომპანია, ძალიან ბევრმა მითხრა, ამ ასაკში, თან პანდემიის ფონზე დიდ რისკზე მივდიოდი. ჩემი მოტივაცია, პირველ რიგში, არის ჩემი ოჯახი და ჩემი სულიერი მდგრადობა. სწორედ ეს ორი რამ მაძლევს ძალას ნებისმიერ დროს დავიწყო ნულიდან.
მათთვის, ვისაც ასაკზე აქვს კონცენტრაცია და ჰგონიათ, რომ მხოლოდ 30 წლამდეა შესაძლებელი კარიერული წინსვლა და ცვლილებები, ვეტყვი, რომ სულ რაღაც 3 თვეში ვხდები 40 წლის და მეამაყება, დღესაც ისეთი შემართებით ვარ ცხოვრების მიმართ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მჯერა კარგი ამბებისა და კეთილი ადამიანების.
M: როდესაც საქმე 0-დან არის გასაკეთებელი, რა უნარები გეხმარებათ, შედეგების მისაღებად გუნდის მოტივირებაში?
პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმარების უნარი, მიზნის გამოკვეთა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. დღეს, ათი წლის წინანდელი მეთოდები აღარ მუშაობს. გუნდის წევრებს არ უნდა შეუზღუდო დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. პირიქით, უნდა შეაქო ისინი, ვინც ამას აკეთებენ და იამაყო ასეთი სპეციალისტებით შენს გუნდში. თუ ისინი სხვა კომპანიებსაც უწევენ ხარისხიან მომსახურებას, მაგრამ შენს ოფისში სხედან, ეს ორმაგად დასაფასებელია. ასეთი მიდგომით გუნდს აჩვენებ, რომ მათი ყველა წუთი ღირებულია და არ არიან შეზღუდულები.
M: როგორ ახერხებთ თვითმოტივაციას რთულ სიტუაციაში?
რთულ სიტუაციებში ვჩერდები, ვმშვიდდები, ვიწყებ ლოცვას და შემდეგ – მედიტაციას. ჩემი სულიერი სიმშვიდე არის ჩემი თვითმოტივაციის წყარო, როდესაც გონება დამშვიდებულია, მას სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.
M: ახლა, რას მოიცავს თქვენი საქმიანობა და რა მიმართულებით გეგმავთ სამომავლოდ განვითარებას?
ამ ეტაპზე, ვუძღვები საკუთარ სააგენტოს და დეველოპერული კომპანიის ბრენდინგის და პიარის განყოფილებას. მაქვს 10-წლიანი გეგმა, 5 წლის მანძილზე კიდევ აქტიურად ვიქნები მარკეტინგის სფეროში. სხვადასხვა ვორქშოპსა და ტრენინგშიც მივიღებ მონაწილეობას. შემდეგ გადავინაცვლებ ტრენერების კატეგორიაში, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო სფეროა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება აუდიტორიებში და დარბაზებში, სადაც სფეროთი დაინტერესებული ადამიანები არიან შეკრებილნი. ასევე, მაქვს პატარა გესთჰაუსი, რომელსაც 10 წლის შემდეგ უფრო აქტიურად მივაქცევ ყურადღებას, მივიღებ საინტერესო სტუმრებს და ვეცდები ვიყო დასამახსოვრებელი მასპინძელი.
[R]