29
Jan
2019

“ყველა ნახატში სულის პატარა ნაწილს ვდებ” – ირმა კუსიანის ოქროსფერი შემოქმედება

29 Jan 2019

ერთხელ თუ მის სახელოსნოში აღმოჩნდით, აუცილებლად დაგეუფლებათ სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც თან გაგყვებათ და შემდეგ ხშირად შეგახსენებთ თავს. ფუნჯები, სხვადასხვა ხელსაწყო, საღებავები, დასრულებული თუ ჯერ კიდევ დაუსრულებელი ნახატები და მიმდინარე მუსიკა თქვენდა უნებურად მოგგვრით სურვილს, დაივიწყოთ ყველაფერი და ერთიანად გადაეშვათ შემოქმედებაში, მიუხედავად იმისა, ხატავთ თუ არა. ეს ის მომენტია, როდესაც არა რომელიმე კონკრეტული ნახატი, არამედ მთელი გარემო ერთი დიდი კომპოზიციაა, რომელსაც თითქოს შემოქმედმა სული შთაბერა.

mBank QR
mBank QR

სწორედ ამ სახელოსნოში ირმა კუსიანი საკუთარ ქმართან – მერაბ გაგილაძესთან ერთად წლებია, ხატავს. ორი მხატვრის მიერ გაზიარებული ერთი სივრცე ხშირად ხდება მომაჯადოებელი ნახატების დაბადების ადგილი. ნახატების, რომლებიც მრავალი კოლექციონერისა თუ უბრალოდ ხელოვნების მოყვარული ადამიანის სამყოფელში იდებს ბინას..

როგორც თავად გვიყვება, არ ახსოვს, როდის დაიწყო ხატვა. მისთვის ეს ის პროცესია, რომელშიც მთელი ცხოვრებაა, ჩართულია. არც პირველი ნახატი ახსოვს, თუმცა, განსაკუთრებულად იხსენებს ზეთში შესრულებულ პირველ ნახატს – საკუთარი სოფლის მთებს. მხატვრული განათლების მიღება პირველად 13 წლიდან, სამხატვრო წრით დაიწყო, რასაც შემდეგ მოჰყვა თოიძე და სამხატვრო აკადემია. თუმცა, რეალურად, იგი არა ფერწერის, არამედ, ტანსაცმლის დიზაინის კუთხით წავიდა. მაგრამ ეს მისთვის დროებითი აღმოჩნდა, რადგან მის ერთადერთ საქმიანობას წლებია, მხატვრობა წარმოადგენს.

M: გვესაუბრეთ თქვენს კარიერაში არსებულ წარმატებებსა და შემთხვევებზე, რომლებიც განსაკუთრებით ტკბილად გახსენდებათ…

ჩელსიში იყო დახურული გამოფენა, თუ არ ვცდები, 2008 წელი იყო და ამ გამოფენაში ჩემი ნახატიც იღებდა მონაწილეობას. არ ვიცი, რატომ და როგორ, თუმცა, ეს ნახატი გახდა ჩელსის გამოფენის სახე, რომელზეც სპეციალური კონკურსი ტარდება ხოლმე. ბანერები, მოსაწვევები, საინფორმაციო ბუკლეტები ჩემი ნახატით იყო გაფორმებული.

მახსენდება ასევე ერთი გამოფენა, რომელიც ირლანდიაში მქონდა და რომელზეც ყველა ნახატი გაიყიდა. ამ შემთხვევამ თვითონ გალერისტიც გააკვირვა, მითხრა, რომ მსგავსი რამ იშვიათად ხდება. თუმცა, მაშინ დროც კარგი იყო – არ იყო ფინანსური კრიზისი. მხატვრებს ერთი უბედურება გვჭირს – როდესაც კრიზისია, გაყიდვები ეგრევე წყდება და როდესაც ეს კრიზისი მთავრდება, სხვა რაღაცებთან შედარებით, ბოლო არის მხატვრობა, რომელსაც ხალხი “ხელს კიდებს”.

საზღვარგარეთისკენ გზა მალევე გაიკაფა. როგორც თავად გვიყვება, თბილისში ჩამოსული უცხოელები ხშირად მიდიოდნენ ხოლმე მის სახელოსნოში და ნახატებს ყიდულობდნენ, რაც მას მოტივაციას სულ უფრო უმძაფრებდა. შემდეგ უკვე გაიცნო დილერი, რამაც მისი ნახატებისთვისა და მისთვის შესაძლებლობათა ასპარეზი გააფართოვა.

M: საიდან იღებთ შთაგონებას და რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ხატოთ?

შთაგონებას ვიღებ ყველაფრიდან – სიზმრიდან დაწყებული, მუსიკით დამთავრებული. იმისთვის, რომ დავხატო, მჭირდება მშვიდად ყოფნა. ასეთ დროს არაფერზე უნდა ვღელავდე, დროებით უნდა უარვყო პირადი განცდები და არ ვინერვიულო. რაც მთავარია, მჭირდება მუსიკა – ფაქტობრივად, როდესაც ვხატავ, ყოველთვის ვუსმენ მას.

M: რისი თქმა გსურთ თქვენი ნამუშევრებით?

ჩემი ნამუშევრებით გამოვხატავ ხასიათს, განწყობას, წუთის დაჭერას, მდგომარეობას.. როგორც ფოტოაპარატი აღიქვამს და დაიჭერს მომენტს, ისევე ვცდილობ, რომ ჩემი ხასიათიდან გადმოვცე შესაბამისი განწყობა. თუმცა, ძირითადად, სიმშვიდეს გადმოვცემ..

M: რას ნიშნავს თქვენთვის ხატვის პროცესი და არის თუ არა იგი “გადარჩენის გზა”?

როდესაც ვზივარ და ვხატავ, ყველაფერი მავიწყდება გარშემო. არაფერი მახსენდება, არაფერზე ვფიქრობ, ვარ მხოლოდ მე და ის კონკრეტული დეტალი, რასაც ვხატავ. აი, წარმოიდგინეთ, ვინ ვართ ადამიანები – სიცოცხლისთვის გვჭირდება საკვები და ტანსაცმელი, გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ და ერთი შეხედვით, ხელოვნება სულაც არ არის სიცოცხლისთვის საჭირო ფაქტორების სიაში. თუმცა, რეალურად, იგი ისე გვჭირდება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. არ და ვერ ვიქნებით ადამიანები, თუ არ იქნება ხელოვნება – თუ მუსიკა არ იყო, თუ მხატვრობა არ იყო, თუ კინო არ იყო და ა.შ სწორედ ეს გამოგვარჩევს დანარჩენი ცოცხალი არსებებისგან, რომ გვაქვს გონება და აზროვნება და რომ რაღაცა უნდა შევქმნათ. მხატვრობა მხოლოდ სასიამოვნო მომენტები არ არის, მასში სევდიანი მომენტებიცაა, დამტანჯველია, როდესაც არ გამოგდის რაღაც. მხატვრობა ხშირად აღიქმება მარტივ პროცესად, თუმცა, ეს ასე სულაც არაა..

M: წინასწარ ყოველთვის იცით, რას დახატავთ თუ ტილოსთან მოგდით იდეები? 

წინასწარ ყოველთვის ზუსტად ვიცი, რას დავხატავ. ჯერ ჩანახატებს ვაკეთებ, ვიცი, სად რა წერტილი, ან ფოთოლი იქნება. ასე ვთქვათ, გამიზნულად ვხატავ..

M: არის თუ არა განსხვავება იმაში, თქვენთვის დახატავთ თუ სხვისთვის? 

არა, პირიქით – ჩემთვის ნებისმიერი შეკვეთა დიდი გამოწვევაა. ამ დროს საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ მე ეს შემიძლია და აუცილებლად გავაკეთებ. რასაკვირველია, ბედნიერებაა ის, რომ რასაც ხატავ შენთვის, ისიც იყიდება, თუმცა, არც ზემოხსენებულ ვარიანტთან მაქვს რაიმე პრობლემა. რა თქმა უნდა, არის ნახატები, რომლებიც სულ მახსოვს, სულ მომწონს და მენატრება.. ყველა ნახატში ჩემი სულის პატარა ნაწილს ვდებ, შემდეგ კი მათ ნახატების საშუალებით ვარიგებ.

M: არ იცლებით?

არა, არ ვიცლები. ხომ ყველაფერი მოძრაობაა, ჰოდა ესეც განახლების პროცესია – გასცემ და მოდის..

M: ძალიან ბევრი ამსგავსებს თქვენი და თქვენი ქმრის ნახატებს…

კი, ასეა, თუმცა, რეალურად, მე ყოველთვის განწყობისა და ემოციების გადმოცემა მიყვარს, მერაბი კი სულ ისტორიებს ყვება საკუთარი ნახატებით. 25 წელია გვერდიგვერდ ვსხედვართ და ისე ვხატავთ. შეუძლებელია ერთმანეთზე გავლენა არ გვქონდეს. ხან ის იღებს პატარა რაღაცას ჩემი ნახატიდან, ხან მე – მისი ნახატიდან. ძალიან ბევრი რამ მასწავლა ჩემმა ქმარმა, რადგან მე ფერწერა ასე კონკრეტულად არ მისწავლია… თავისდა უნებურად დავიწყე და ბოლოს ასე გამოვიდა. ჩვენ სულ ერთად ვხატავთ, ვირჩევთ მუსიკას, ხანდახან ლექციებსაც ვუსმენთ, წიგნებს ვუსმენთ, რადგან წიგნის წაკითხვის დრო ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა, დროის უკმარისობის გამო. ამიტომ აუდიო წიგნები ძალიან გვეხმარება.

M: გქონიათ თუ არა შემოქმედებითი კრიზისი?

რასაკვირველია, მქონია. აი, მაგალითად, ერთწლიანი კრიზისიც მქონია – თავადვე ავიღე “ტაიმაუტი” და ამან ძალიან მიშველა, სულ სხვა თვალით დამანახა ყველაფერი. ადამიანს ყოველთვის სჭირდება შესვენება.

M: როგორ ფიქრობთ, რა სირთულეებს აწყდება მხატვარი?

ხანდახან თავ-ბედს ვიწყევლი რომ მხატვარი ვარ.. ყოველთვის ბედნიერი ვერ ხარ და ვერ დახატავ ბედნიერად, მასე არ ხდება. ყოველთვის ხატავ შინაგანი ემოციების ფონზე, შინაგანი ემოციები კიდევ მუდამ ერთგვარი არ არის. ასევე, ხანდახან მგონია, რომ სულ ტყუილად ვაკეთებ ამ ყველაფერს, ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ ხანდახან, რომ აღარ მინდება ხატვა. ასეთ დროს მგონია, რომ რადგან უკეთესი მხატვრებიც არსებობენ, უაზრობაა ჩემი მხატვრობა. თუმცა, ეს ცხოვრებაა და არავინ დაგვპირებია, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულები და გამორჩეულები ვიქნებით..

M: რა დროს ანდომებთ ერთ ნახატს?

2 კვირიდან 1 თვემდე მჭირდება ერთი ნახატის დასახატად. რთული ტექნიკაა – წებოს, გაშრობასა და სხვადასხვა დეტალს დრო მიაქვს. ამიტომ, რამდენიმე ნახატს პარალელურად ვხატავ და როცა ერთი შრება, მეორეს ვხატავ. ზოგადად კი, დღეში 8 საათი ვხატავთ მეც და ჩემი ქმარიც.

ალბათ, 3 სიცოცხლე არ მეყოფა, რომ ზუსტად ისეთი ნახატი დავხატო, როგორიც მინდა. ნახატი მხოლოდ დასრულებისას მომწონს, 1 კვირის შემდეგ კი აღარ მომწონს. უკმარისობის განცდა მაქვს ყველა ნახატზე – არც ერთი არ მგონია სრულყოფილი და ეს ბუნებრივიცაა…

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა