in

მეცნიერებმა ირმის ნახტომის გარეთ პირველი სავარაუდო პლანეტა აღმოაჩინეს

იგი M51-ისა და Whirlpool-ის სახელით ცნობილ გალაქტიკაში შენიშნეს

ასტრონომებმა NASA-ს ტელესკოპით ფაქტები მოიპოვეს, რომლებიც ირმის ნახტომის გარეთ პირველი პლანეტის აღმოჩენაზე მეტყველებს. ამ დროისათვის დაახლოებით 5000 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი – პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო.

M2
M2

მეცნიერებმა ეს ნასას Chandra X-ray Observatory-ისა და იმ ტექნიკების გამოყენებით შეძლეს, რომელთა მეშვეობითაც კოსმოსის დიდი სივრცის დასკანერება მოხერხდა. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე აღმოჩენილი ნებისმიერი ეგზოპლანეტა მაქსიმუმ 3 ათასი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ახლად აღმოჩენილი შესაძლო ეგზოპლანეტა კი მეცნიერებმა ჩვენს მეზობელ გალაქტიკაში შენიშნეს, რომელიც M51-ისა და Whirlpool-ის გალაქტიკის სახელითაა ცნობილი. ამრიგად, პლანეტა ჩვენგან, დაახლოებით, 28 მილიონი სინათლის წელიწადით იქნება დაშორებული.

ეს ახალი შედეგები ტრანზიტებს ეფუძნება, როდესაც პლანეტა ვარსკვლავს ჩაუვლის წინ და პატარა ჩრდილები წარმოიქმნება. ამ ჩრდილთა თვისებების გაანალიზებით მეცნიერებს ციურ სხეულთა დეტალების, თუნდაც ზომისა და თავიანთ მზეებთან მათი სიახლოვის განსაზღვრა შეუძლიათ. ეს ზოგადი მეთოდი უკვე ათასობით ეგზოპლანეტის მოსაძებნად არის გამოყენებული.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები რენტგენის სხივთა ნათებაში გაჩენილ ჩრდილებს აკვირდებოდნენ. ეს სხივები ბინარული ვარსკვლავებისგან მოდის. ჩვეულებრივ, ისინი ნეიტრონულ ვარსკვლავს ან შავ ხვრელს მოიცავს, რომელიც სხვა ახლომდებარე ვარსკვლავიდან იღებს აირს. ამის შემდეგ კი რენტგენის სხივებში გაცხელებული მატერიისა და ვარვარის ხილვა ხდება შესაძლებელი.

რადგანაც რენტგენის ყველა სხივი ვერ აღწევს დედამიწამდე, მეცნიერებს შეუძლიათ, საფირმო ჩრდილები იხილონ. როგორც წესი, ამგვარი რეგიონი ვარსკვლავზე პატარაა – ანუ, სინათლის დაჩრდილვა მეტად მკაფიოა, ტექნიკის გამოყენება კი უფრო დიდ სივრცეზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტის კანდიდატის მოსაძებნად…

“ჩვენ მიერ შემუშავებული და გამოყენებული მეთოდი ამჟამად ერთადერთი ხელმისაწვდომი მეთოდია სხვა გალაქტიკებში ეგზოპლანეტების მოსაძებნად. ეს არის უნიკალური ტექნიკა, რომელიც იდეალურია ნებისმიერ მანძილზე პლანეტების მოსაძებნად, საიდანაც სინათლის მრუდის გაზომვა შეგვიძლია” – აღნიშნავს დოქტორი დი სტეფანო.

ტრანზიტი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში რენტგენის გამოსხივება ნულამდე შემცირდა. ამ და სხვა მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლო ეგზოპლანეტა დაახლოებით სატურნის ზომისაა. თუმცა იგი ნეიტრონულ ვარსკვლავსა თუ შავ ხვრელს იმაზე ორჯერ მეტი მანძილიდან უვლის, ვიდრე სატურნი – ჩვენს მზეს.

მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერები დაზუსტებით ვერ ამბობენ, რომ კანდიდატი ჩვენი გალაქტიკის მიღმა აღმოჩენილი პირველი პლანეტაა. ამას ნაწილობრივ ისიც უშლის ხელს, რომ მონაცემების მიხედვით, მას 70 წელი დასჭირდება, რომ ბინარული პარტნიორის წინ თავიდან ჩაიაროს… შესაბამისად, ამგვარი ნიშნების აღმოჩენა ახლო მომავალში ნამდვილად ვეღარ მოხერხდება. გარდა ამისა, ეგზოპლანეტების ჩვენი გალაქტიკის გარეთ აღმოჩენა ისეთ პრობლემას აწყდება, როგორიცაა რენტგენის სხივების წინ აირის ან მტვრის ჩავლა და მათთვის გზის გადაღობვა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როდის მოიპოვებენ მეცნიერები დამატებით მტკიცებულებებს – რა თქმა უნდა, თუკი გახდა ეს შესაძლებელი…

რატომ უნდა ვიაროთ ღვინის დეგუსტაციაზე?

ახალი ლიბერთის საცალო სეგმენტისა და პროდუქტების დეპარტამენტს ანი ჯიბლაძე უხელმძღვანელებს