5
Sep
2019

“სულ მცირე, 25-ჯერ ამცირებს ხარჯს” – “ირნეროს” ინოვაციური ფანჯარა თვითწმენდის ფუნქციით

5 Sep 2019

Startauperi
Startauperi


ძნელია დატკბე ლამაზი ხედით, თუკი ფანჯარა, საიდანაც იყურები, გასაწმენდია. ასეთი რამ კი, მეგაპოლისებში, სადაც ჰაერის დაბინძურება ზოგჯერ კრიტიკული ზღვრის მიღმაა, ხშირად ხდება. სწორედ ამიტომ, მაღალსართულიან შენობებზე ხშირად დაინახავთ მინის მწმენდავებს, რომლებიც ფანჯრების გასუფთავებაზე ზრუნავენ. თუმცა, ეს არც ისე მარტივი პროცედურაა – ერთი მხრივ, ადამიანური ფაქტორი გვევლინება რისკის სახით, მეორე მხრივ ხარჯი – ფანჯრების წმენდას კოლოსალური რაოდენობის წყალი და არცთუ მცირე ფინანსები სჭირდება. რა მოხდებოდა, ამ საქმის კეთება მექანიკური სისტემით რომ იყოს შესაძლებელი? – ლუკა პაჭკორიას ეს კითხვა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა, სადაც მაღალსართულიანი შენობების წმენდა უწყვეტ პროცესში მიმდინარეობს. თავდაპირველად, ეს უფრო სპორტული ინტერესი იყო. კუსტარულად ააწყო პირველი პროტოტიპი. იმუშავა. აზარტში შესულმა კონსტრუქციის დახვეწა განაგრძო და ასე დაიბადა სტარტაპი “ირნერო” და მისი ინოვაციური ფანჯარა, თვითწმენდის ფუნქციით. იდეის ავტორმა თანამოაზრეები შემოიკრიბა და კომპანიამ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავებაზე დაიწყო ზრუნვა. შედეგად, შეიქმნა მზის პანელების თვითმწმენდი მექანიზმი, ჰაერისა და წყლის ქართული ოზონატორი, ამ პროდუქტების სამართავი სპეციალური პლატა და აპლიკაცია, რომელიც მალე მთლიანად შეძლებს ჭკვიანი სახლის მართვას.

“ჩვენი მთავარი პროდუქტი არის ჭკვიანი ფანჯარა, თვითწმენდისა და შიდა სივრცის ვენტილაციით, ფანჯარაში ინტეგრირებული მაოზონებელი მოწყობილობით, შიდა და გარე სივრცეების ჰაერის ანალიზატორ-სენსორებით (CO-ს, ტენიანობისა და სხავა სენსორებით). ყველა ეს ფუნქცია იმართება დისტანციურად ჩვენივე შექმნილი მობილური აპლიკაციით. Smart ფანჯრის ნებისმიერი დეტალის გამოცვლა და სერვისი ხდება შენობის შიდა მხრიდან. ჩვენი სისტემა აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. Smart ფანჯარა დაპატენტებულია საქპატენტში. ასევე, ჩვენ შევქმენით მზის პანელების თვითმწმენდი მოწყობილობა, იმავე პატენტით დაცულობის ფარგლებში”.

 

M: მზად არის ქართული ბაზარი ასეთი პროდუქტისთვის? რამდენად დგას მისი საჭიროება?

საჭიროება დგას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სხვათა შორის, BDO დაგვეხმარა ბიზნეს გეგმის შედგენაში. მათი კვლევის საფუძველზე დაიდო შეფასება, რომ საკმაოდ რენტაბელურია ქართული ბაზრისთვის. ფანჯრების წმენდაზე იხარჯება კოლოსალური შრომაც, მასალაც და ფინანსებიც. მაგალითად, თბილისში, კვადრატულის ფასი 5 ლარიდან იწყება, მაშინ, როცა ეს ფანჯარა თავად წმენდს საკუთარ თავს, მაქსიმუმ 20 თეთრის დანახარჯით. ანუ, სულ მცირე, 25-ჯერ მცირდება დანახარჯი კვადრატულ მეტრზე. თანაც, გათვლილია ისეთ კლიმატურ პირობებზეც, სადაც არის წყლის დეფიციტი, მტვერი და ა.შ. ეს ფანჯარა არის ეკონომიურიც, ეკოლოგიურიც და უსაფრთხოც.

და არამხოლოდ ფანჯარა. წმენდა ძალიან სჭირდება მზის პანელსაც. ცნობილია, როცა მზის პანელის ზედაპირი დაბინძურებულია, მისი ეფექტურობა იკლებს დაახლოებით 25%-35%-ით და საჭირო ხდება მწმენდავების დაქირავება განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში მაღალ სართულებზე, რაც ასევე ხარჯებთან და რისკებთანაა დაკავშირებული. ხოლო მეგავატიანი სიმძლავრეების ფერმებისთვის კარგი საშუალებაა დაზოგონ წმენდასთან დაკავშირებული თანხები და მიიღონ სრული ეფექტურობით მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია. ჩვენი სისტემის გამოყენებით მოვახერხეთ მზის პანელების ზედაპირის თვითწმენდა. მზის პანელებისა და ჩვენი მოწყობილობის ინტეგრირებით გარანტირებულია მათი სრული ეფექტურობა, ამ სისტემის გამოყენებით ვამცირებთ ხარჯებს და რისკებს.

 

M: რამდენად კონკურენტულია პროდუქტი, ფასის თვალსაზრისით, იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე, მაგალითად, ფანჯრების ჭარბი არჩევანია?

ჩვენი ჭკვიანი ფანჯარა პრემიუმ ხარისხის პროდუქტია და ის შეესაბამება ყველა მაღალ სტანდარტს, შესაბამისად, მისი ფასი არ არის იაფი. თუმცა, ნამდვილად ბევრად ჩამოუვარდება საზღვარგარეთულ ბაზრებზე არსებულ პრემიუმ-კლასის ფანჯრების ფასს. ის სრულიად კონკურენტუნარიანია პრემიუმ კლასის ალუმინის სხვა ფანჯრებთან. ჩვენი პროდუქტის ფასი არ აღემატება ამ კლასის სხვა ფანჯრების ფასს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მისი საშუალებით მომხმარებელი დაზოგავს მაღალ სართულზე ვიტრაჟების მწმენდავების დაქირავების დანახარჯებს. ჩვენი სისტემა ერთი ფანჯრის წმენდაზე ხარჯავს არაუმეტეს 20 თეთრისა – ეკოლოგიურად სუფთა საწმენდის სითხის ფასი. შიდა სივრცის სავენტილაციო სისტემა და მასში ინტეგრირებული მაოზონირებელი მოწყობილობა უზრუნველყობს ოთახის გაწმენდას ბაქტერიებისა და სხვადასხვა სპეციფიკური არასასიამოვნო სუნისაგან.

 

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

ჩვენი სამიზნე სეგმენთი დეველოპერული კომპანიებია ვინც აშენებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, ბიზნეს ცენტრებს. ჩვენი პროდუქტები ასევე საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს რესტორნებისა და სპორტული დარბაზებისათვის. ვინაიდან ჩვენი სისტემა უზრუნველყობს სუფთა და ჯანსაღ გარემოს.

M: აპლიკაციას რა დანიშნულება აქვს?

ჩვენ დავიწყეთ ერთი ფანჯრით და იმდენად სერიოზული პლატა გავაკეთეთ, რომ შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ მთელი სისტემა სახლი, რომელზეც დაერთდება სიგნალიზაცია, სარწყავი სისტემა… ამიტომაც, შევქმენით აპლიკაცია, რომლის გამოყენებით ხდება თვითწმენდის, ოზონირების, ვენტილაციის, შიდა და გარე სივრცეების ანალიზატორების კონტროლი (ჰაერის ხარისხის დაბინძურების სენსორებზე ვსაუბრობ) და კიდევ იმდენი ფუნქციის დამატებაც შეგვიძლია, რომ საბოლოოდ, ჭკვიანი სახლის მართვა იქნება შესაძლებელი.

M: როგორც ახსენეთ, “ირნეროს” შექმნამდე, ამ მიმართულებით გამოცდილება არ გქონიათ. როგორ აქციეთ ეს ჩანაფიქრი ჯერ მზა პროტოტიპად, შემდეგ კი ბიზნესად?

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, აბსოლუტურად ყველა ხარჯი საკუთარი რესურსიდან გავიღეთ. არც ნაცნობები გვყოლია, ინტერნეტით მოვიძიეთ და ნახაზებითა და ჩანახატებით ვესტუმრეთ თურქეთს. იქ დავამზადებინეთ პროფილები, დავაპროექტეთ კონსტრუქციული დეტალები, როგორ უნდა აიწყოს ფანჯარა და დიზაინსა და მექანიკურ ნაწილზე ვიზრუნეთ. გვქონდა აუცილებელი მოთხოვნა, რომ ფანჯარას ჰქონოდა ვენტილაციის საშუალება და ყველა დეტალის გამოცვლა ყოფილიყო შესაძლებელი. სტრეს-ტესტებიც ჩავატარეთ და წარმატებით გაიარა.

M: როგორ აპირებთ ბიზნესის პოპულარიზაციას?

ჩვენ ვცდილობთ გავიტანოთ ჩვენი პროდუქტები გლობალურ ბაზარზე. ალიანს ჯგუფის ინიციატივით და GITA-ს მხარდაჭერით, 7 აგვისტოს თბილისში ჩატარდა სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Unbound Fintech Abu Dhabi და Tech For Good-ს კატეგორიაში საუკეთესო სტარტაპი გავხდით ჩვენ, კომპანია “ირნერო”. ოქტომბერში მივემგზავრებით აბუ-დაბიში გამართულ MENA-ს წამყვან TIP ღონიზძიებაზე და ვიბრძოლებთ საუკეთესო სტარტაპის ტიტულისთვის. ამით გვეძლევა საშუალება გავაცნოთ ჩვენი Smart სისტემა გლობალურ ბაზარს. გვექნება შეხვედრები პოტეციურ ინვესტორებთან.

ასევე, ხელშეკრულების ფარგლებში ვთანამშრომლობთ თსუ-თან, მემორანდუმის ფარგლებში საწარმოს სპეცილისტები მოვამზადეთ საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრში სადაც მოწყობილი გვაქვს საექსპერიმენტო ლაბორატორია, ვთანამშრომლობთ ბიზნეს აქსელერატორთან “სპარკი” და BDO-სთან.

M: როგორი გამოწვევების წინაშეა სტარტაპი ამ ეტაპზე?

დღესდღეობით, ბიზნესი არის საწარმოო მოდელის დონეზე. გვინდა გვქონდეს საწარმო, დაზგა-დანადგარები, რომ წარმოება გავზარდოთ და ბაზარზე მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ამ ეტაპზე, ჩვენი უმთავრესი გამოწვევაა ინვესტიციის მოზიდვა და საწარმოს შექმნა რათა საქართველოსა და ამიერკავკასიის ბაზარს მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი. შესაბამისად წარვადგინოთ ჩვენი ჭკვიანი სისტემა გლობალურ ბაზარზე.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა