in

ირო ცაგარეიშვილი – #პირველისამსახური

ჩემი პირველი შეხება პროფესიულ სამყაროსთან სტაჟიორის როლში იყო, 18 წლის ასაკში – NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, სადაც ვმუშაობდით იმაზე, რომ ამ ორი ორგანიზაციის შესახებ სწორი ინფორმაცია გაგვევრცელებინა საზოგადოებაში და დაგვემსხვრია მითები მათ შესახებ. მაგრამ, რეალური პირველი სამსახური, როდესაც ცხოვრებაში პირველად ჩამერიცა ხელფასი, იყო Milkyway Production-ში, შემოქმედებით სააგენტოში, 19-20 წლის რომ ვიყავი.

მილქივეიში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. მაშინ აქტივიზმით გატაცებული, თეთრი ხმაურის მოძრაობაში (თხმ) ვიყავი, ასევე, ანტისაოკუპაციო მოძრაობა გვქონდა მეგობრებს, მოკლედ, ხან რა აქციას ვაორგანიზებდით, ხან – რას. თხმ-ში მედია მენეჯმენტის მიმართულებითაც ვაქტიურობდი – სოციალური მედიის მენეჯმენტი და ქართულ თუ უცხოურ მედიასთან კომუნიკაცია მებარა ჩემს მეგობრებთან ერთად.

აქედან გავიცანი Milkyway-ის გუნდიც, მაშინ ძალიან მაინტერესებდა უმცირესობების უფლებები, მათთან ერთად ვმუშაობდი ისეთ კვლევებზე და შემდეგ ისეთი საკომუნიკაციო მასალის შექმნაზე, როგორიც იყო – ნარკოპოლიტიკა, LGBTQ+ თემის უფლებები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია/რეიტნეგრაცია, ქალთა უფლებები, ა.შ. 

როგორც ვეძახით ხოლმე, ჩემი სამუშაო მიმართულება იყო „ყველაფერშიკობა“. მინდოდა, რაც შეიძლება ბევრი მესწავლა, ვერთვებოდი როგორც კვლევების ნაწილში, ისე ვიზუალების შექმნაში, ქოფირაითინგში, მოკლედ – ყველაფერში.

ჩემს ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი ერთდროულად მოხდა. მილქივეიში მუშაობის მომენტში, რა დროსაც თან სხვადასხვა მოძრაობაში ვიყავი ჩართული, დავიწყეთ მეგობრებმა პირველი ქრაუდფანდინგ პლატოფორმის – fundraiser.ge-ის შექმნა, რომელიც საწყის ეტაპზე, ძირითადად, სოციალური პროექტებისთვის იყო განკუთვნილი, რომ საჯაროდ  და კითხვის ნიშნების გარეშე მოგვებილიზებინა ფინანსები ისეთი პროექტებისთვის, როგორებიც იყო – დემონსტრაციის დაორგანიზება, სხვადასხვა ჯგუფის დახმარება, სოციალური პროექტების განხორციელება. შემდეგ კი, წილის გაცემაზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგის (equity based crowdfunding) შექმნა გადავწყვიტეთ – და სწორედ ამან მიმიყვანა სტარტაპებამდე, ტექნოლოგიებამდე, ინვესტიციებამდე – ანუ, იმ გზამდე, რაც დღეს მაქვს არჩეული.

ცხოვრებისა და ჩემი პროფესიული განვითარების ყველა ეტაპზე ყოველთვის ერთი გამოწვევა, უფრო მეტად კი ფიქრი და დარდი მაქვს – „არის ეს ის, რაც მართლა მინდა, რომ ვაკეთო“? ამაზე ვისაუბრე – Spotlight-ზეც, თუ ვინ წერს ჩვენს კოდს, ვინ ახდენს გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ვისი მოლოდინების გამართლებისთვის ვცხოვრობთ. ადრე, ამ ყველაფრის მეშინოდა. დღეს, ვხვდები, რომ პროფესიული rollercoaster-ის ამ გზას გავდივართ ყველა, უბრალოდ, ან ვაღიარებთ ხმამაღლა, ან – არა.

ირო ცაგარეიშვილი – „აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის“ დირექტორი

არდადეგებიდან სკოლამდე – მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად

Tasteit – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული