in

Iron Brothers – ქართული სტარტაპი, რომელიც საექსპედიციო მანქანებისთვის სპეციალურ ნაწილებს ქმნის

Startauperi
Startauperi

რა იქნებოდა, მთაში მოგზაურობისას, მზის პანელები რომ გვქონდეს, ავტომობილის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად? ან თუნდაც, საშხაპე სისტემა, რომელიც მოგზაურობის კომფორტს გვაგრძნობინებდა? მოგზაურობამ და ექსტრემალური სპორტის სიყვარულმა ზუკა ჩიკვაიძეს მსგავსი ნივთებისა თუ ეკიპირების საჭიროება დაანახა. პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერისთვის, უკვე 10 წელია, მსგავსი ნახაზებისა და დიზაინის შექმნა ჩვეული საქმიანობაა. საექსპედიციო მანქანებისთვის ნაწილების დიზაინის შექმნასა და წარმოებაზე საქართველოში მსგავსი სერვისის უკმარისობამ დააფიქრა. შემდეგ, ფილმ „ფორსაჟი 9“-ზე მუშაობისას, მეტი გამოცდილება შეიძინა და საკუთარ ძმასთან ერთად, ამ იდეის ბიზნესად გარდაქმნა გადაწყვიტა. ასე გაერთიანდნენ „რკინისმიერი ძმები“ ერთ საქმეში და ქართული და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა დაიწყეს Iron Brothers-ის ბრენდის ქვეშ.

„დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც მომხმარებელს საექსპედიციო მანქანების ნაწილების დიზაინს, 3D მოდელირებასა და ნაწილების წარმოებას ერთ სერვისად შესთავაზებს. ამ კომპონენტების ერთობლიობით ჩვენ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიან პროდუქტს შევქმნით,“ – გვიამბო ზუკა ჩიკვაიძემ.

M: ზუკა, როგორც ახსენე, დიდი ხანია ამ ბიზნესიდეაზე ფიქრობდი. რამ მიგიყვანა მისი რეალიზების გადაწყვეტილებამდე?

ავტომობილების ტექნიკურ დონეზე ცოდნა „ფორსაჟი 9“-ზე მუშაობის დროს ავიმაღლე. ფილმის გადაღებისას, ვხელმძღვანელობდი გუნდს, რომელსაც გადასაღები მანქანების მომზადება ევალებოდა. ამ პროცესში სამი ჯგუფი ვიყავით ჩართული: ქართველები, ამერიკელები და ინგლისელები. მუშაობის დროს, საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რასაც საბოლოოდ, წარმატებით გავუმკლავდით. გადავწყვიტე, ყველა ეს მიმართულება გამეერთიანებინა და თავად მეწარმოებინა ის დეტალები თუ აქსესუარები, რაც მოგზაურობის დროს გვჭირდება ხოლმე.

მთაში მოგზაურობისას, მზის პანელები, ავტომობილის ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად და საშხაპე სისტემა დიდი კომფორტია. ასევე, ასეთ დროს, ძალოვანი ბამპერები, სამაგრები და სხვა აქსესუარები გჭირდება.

ეს იდეა ჩემს გონებაში დიდი ხნის მანძილზე იხარშებოდა. შემდეგ, მეგობრის რჩევით, საგრანტო პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გამოცხადდა და შევავსე აპლიკაცია. მეორე ტურში გადასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ პროექტის განხორციელება რეალური იყო და სათანადო სერიოზულობით მივუდექი. ბიზნესგეგმა ჩემს ძმასთან ერთად დავწერე. სახელის იდეაც აქედან მოდის – Iron Brothers.

M: როგორია Iron Brothers-ის კონცეფცია?

Iron Brothers-ის მიზანია, საქართველოში ამ სფეროში საჭირო ნაწილებისა თუ აქსესუარების წარმოების დონე აამაღლოს და მათი ვიზუალური მხარე დახვეწოს.

ბაზარზე არსებულ კონკურენციაში ჩასართავად მზად ვართ. ჩვენს ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, მაღალი ხარისხის პროდუქტის შესაქმნელად გამოვიყენებთ.

ჩვენთან, მანქანების საექსპედიციოდ მომზადება მოხდება. დამზადდება წინა-უკანა ძალოვანი ბამპერები, საბარგულები, მაცივრის სლაიდერები, მზის პანელები, საშხაპე სისტემები, კარვებიდა და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა ნივთები.

M: ბიზნესის თვალსაზრისით, რა პერსპექტივა დაინახეთ ამ საქმეში?

მოგზაურობა ჩემი ცხოვრების სტილია. ამიტომ, კარგად მესმის არსებული საჭიროება. ამავდროულად, საკუთარ თავზე გამოვცადე ბაზარზე არსებული ხარისხი, რამაც ამ პროექტის განხორციელება გადამაწყვეტინა.

ტურიზმის ზრდასთან ერთად, მსგავს მანქანებზე მოთხოვნაც მატულობს, რაც ჩვენი პროდუქტის საჭიროებას გაზრდის.

M: რა რესურსები გჭირდებოდათ ამ საქმის დასაწყებად და როგორ მოიპოვეთ?

საჭირო ხელსაწყოებსა და დანადგარებს წლების მანძილზე ვაგროვებდი. თუმცა, გადამწყვეტი როლი პლაზმური ჭრის დანადგარმა შეასრულა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული იყო. პროექტში „აწარმოე საქართველოში“ გრანტის მოპოვებამ შესაძლებლობა მომცა შემეძინა დანადგარი, რითაც მაღალი ხარისხის დეტალების წარმოებას შევძლებ.

M: ვინ მოიაზრება თქვენს სამიზნე სეგმენტად?

ჩვენი სეგმენტია 4X4 ავტომობილების მომხმარებლები, ოვერლენდერები, მონადირეები, უფროუდერები და თავგადასავლების მოყვარულები.

M: თუ გაქვთ გათვალისწინებული საერთაშორისო ბაზარზე გასვლა?

საქართველოს გარდა, პროდუქტების რეალიზებას მეზობელ ქვეყნებში: თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვგეგმავთ. შემდეგ, „ამაზონის“ საწყობის დახმარებით, ამერიკასაც „დავიპყრობთ“.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ერთად ყოფნის 10 წელი: „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოვებს

Dying Light 2-ის კონკურსში ქართველი ხელოვანების ნამუშევარმა გაიმარჯვა!