in

Iron Burger – „ჯანსაღი ბურგერი, ნახშირწყლების გარეშე“

რამდენიმე წლის წინ, ვინმეს „ჯანსაღი ფასთ ფუდი“ რომ ეხსენებინა, ამ სიტყვათა შეთანხმებას, ალბათ, არავინ დაიჯერებდა. დღეს კი მსოფლიოში ძალიან პოპულარულია – კეტო ბურგერები, ანუ ბურგერი დაბალი ნახშირწყლების  შემცველობით. არც თბილისი აღმოჩნდა გამონაკლისი და სულ ახლახან „აირონ ბურგერი“ გამოჩნდა, სადაც როგორც დამფუძნებელი, ლევან თათოშვილი ამბობს, ჯანსაღი და ხარისხიანი კეტო მენიუ ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.

სწორი კვება „აირონ ბურგერის“ გუნდის ცხოვრების სტილია და სურთ, ეს სხვებსაც გაუზიარონ. ამიტომ შეიქმნა ბრენდი, სადაც „ყველა შეძლებს გემრიელი და რაც მთავარია, ჯანსაღი ბურგერებისა თუ სხვა კერძების დაგემოვნებას“. მზადება რამოდენიმე თვის წინ დაიწყო. მართალია, პანდემიამ ცოტა გეგმები შეაფერხა, მაგრამ გუნდს მთავარ მიზანზე უარი არ უთქვამს – ორი თვის წინ, მხოლოდ pick up – delivery სერვისი „გაეშვა“, სექტემბერში კი „აირონ ბურგერის“ პირველ რესტორანი გაიხსნება.

ლევან თათოშვილი: ძალიან მიყვარს გემრიელი და ამავდროულად, ჯანსაღი კვება. რამოდენიმე წელი ვფიქრობდი ისეთი ბრენდი შემექმნა, სადაც კარგი და გემრიელი საკვები გაიგივებული იქნებოდა ჯანსაღ კვებასთან. მინდოდა, სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთთან შემეთავსებინა. და აი, გამოვჭედეთ „აირონ ბურგერი“, როგორც ყველაზე „მტკიცე“, „ფოლადის“ ბრენდი. სახელიც სწორედ აქედან წამოვიდა და პირველად საქართველოში მომხმარებლებს შევთავაზეთ ჯანსაღი – „კეტო მენიუ“.

რა შედის ამ მენიუში?

„კეტო მენიუ“ მოიცავს კერძებს, რომლებიც ნაკლებ და დაბალანსებული რაოდენობის ნახშირწყლებს შეიცავს. ძირითადად, მზადდება ბოსტნეულითა და ხორცით. ამიტომ, ჩვენი ბურგერი, სტეიკი და ყველა სხვა პროდუქტი ჯანსაღია. ასევე, გვაქვს განსხვავებული გემოები, შესაზავებლად ვიყენებთ ავოკადოს, მანგოს და მხოლოდ ჯანსაღ, ცოცხალ, არაკონსერვირებულ სოუსებს. მე პირადად ვარ ხარისხის კონტროლში ჩართული. ჩვენი შეფ მზარეული წლების მანძილზე ლიეტუვაში ცხოვრობდა და დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, ძალიან კარგი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.

ბრენდი „აირონ ბურგერი“ დაახლოებით, სამი თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა. თუმცა, ჯერ მხოლოდ pick up – delivery მომსახურებით . . .

დიახ. გაზაფხულზე ვგეგმავდით რესტორნის გახსნას. პანდემიის გამო, გეგმები კი შეგვეცვალა, მაგრამ არ გვინდოდა, ბრენდის „გაშვება“ შეფერხებულიყო. ამიტომ, გავაკეთეთ „ონლაინ“ პლატფორმა – ვებგვერდი და Facebook გვერდი. აქ, მომხმარებელს შეუძლია, ნახოს ჩვენი მენიუ და ერთი დაწკაპუნებით გამოიძახონ „აირონ ბურგერი“. შეკვეთა თბილისსა და მის შემოგარენში (წყნეთი, კოჯორი წავკისი) მაქსიმუმ, 30 წუთის განმავლობაში მიგვაქვს, ერთი ტარიფით. ჩვენი მიტანის სერვისი გვაქვს, შესაბამისად, პასუხისმგებლები ვართ მიტანის დროზე და არც პროდუქტს ვაძვირებთ, როგორც ეს მიტანის მომსახურების მქონე სხვა კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში იქნებოდა.

აირონ ბურგერის“ რესტორანი როდის იხსნება და რას შესთავაზებთ მომხმარებელს განსხვავებულს?

10 სექტემბრიდან, სატესტო რეჟიმში, ვუმასპინძლებთ სტუმრებს ალ. ყაზბეგის 29-ში (წითელი პარკის მოპირდაპირე მხარეს). თუმცა, 1-ლი ოქტომბრიდან სრული დატვირთვით ავმუშავდებით. ჩვენთან მომხმარებლებს ჯანსაღ და გემრიელი ბურგერებსა თუ სხვა კერძებთან ერთად, დახვეწილი ინტერიერი, კომფორტული, მყუდრო და სასიამოვნო გარემო დახვდებათ.

ეს არ იქნება ტიპიური „ფასთ ფუდ“ რესტორანი. „აირონ ბურგერში“ იქნება 3 სივრცე. პირველი – ბურგერის ოთახი, მეორე – ლაუნჯ – ბარი, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, მთელი დღის განმავლობაში დაჯდეს და იმუშაოს სრულიად უფასოდ. და მესამე – იქნება განცალკევებული დარბაზი, სადაც სტუმრები შეძლებენ, დიდ ეკრანზე უყურონ მათთვის სასურველ სპორტულ აქტივობებს, ითამაშონ კომპიუტერული თამაშები და ამავდროულად, მიირთვან სპეციალურად „აირონ ბურგერისთვის“ დამზადებული ცოცხალი „კრაფტ“ ლუდი.

ანუ მენიუში სასმელი და სხვა კერძებიც არის . . .  

ჩვენთან იქნება ის კერძები, რაც ბოსტნეულისა და ხორცისგან მზადდება. გვაქვს ლავა გრილი, ანუ ლავის ქვაზე დამზადებული გრილი, რომელიც ჩვენს ხორცს უნიკალურ გემოვნურ თვისებებს აძლევს. ყოველ დღე ვიღებთ ახალ ხორცს, ბუნებრივია უმაღლესი ხარისხისას, ქიზიყიდან. ბოსტნეულს, სპეციალური ხელსაწყოთი, მიღებისას, ნიტრატების შემცველობაზე ვამოწმებთ. რაც შეეხება დამხმარე მასალებს კერძებისთვის, გვაქვს ასევე უმაღლესი ხარისხის, მხოლოდ ფრანგული და ბელგიური დამხმარე მასალები.

თქვით, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ხარისხს. ეს პროდუქტს არ აძვირებს?

ზუსტად ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინდა, დავამკვიდროთ მიდგომა, რომ ხარისხი არ ნიშნავს ძალიან ძვირს. ბაზარზე იგივე ფასებით ვპოზიციონირდებით, როგორც ჩვენი კონკურენტები. ხარისხი კი არის მართლაც გამორჩეული და ამაში პირველი სტუმრობისთანავე დარწმუნდება მომხმარებელი.

რაც pick up – delivery სერვისი გაუშვით, ალბათ, უკუკავშირიც გაქვთ მომხმარებლებისგან . . .

თითოეულ ჩვენს მომხმარებელს ვუკავშირდებით, ვისმენთ უკუკავშირს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ მათ შენიშვნებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი შეფასება, საბოლოოდ მინდა, თბილისში იყოს ადგილი, სადაც დაისვენებ და ჯანსაღ, გემრიელ კერძს მიირთმევ. მიიღებ ნახშირწყლების შენთვის სასურველ, დაბალანსებულ რაოდენობას, ან საერთოდ ნახშირწყლების გარეშე შეჭამ, მაგალითად, ბურგერს. მალე მენიუში ცალკე საუზმისა და ლანჩის ხაზს დავამატებთ. ბუნებრივია, ისიც კეტომეგობრული, ანუ დაბალი ნახშირწყლების შემცველობით იქნება.

ბრენდი ისეთ პერიოდში „გაუშვით“, არა თუ ახალი, არსებული ობიექტებიც რომ იხურებოდა . . .

ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა, ზუსტად პანდემიის პერიოდში გავარემონტეთ ფართი. რაღაც მომენტში, ვიფიქრეთ კიდეც, რომ ყველაფერი გაგვეჩერებინა, მაგრამ გამოწვევები დავძლიეთ. იმდენად დიდი სურვილი გვქონდა და ზუსტად ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით, რომ მიზანზე უარი არ ვთქვით – მაისში მიტანის სერვისი გავუშვით და გავაგრძელეთ მზადება რესტორნის გახსნისთვის.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

გაფართოებას ვაპირებთ და ფილიალების გახსნას ვგეგმავთ. დიდი გეგმები გვაქვს და იმედია, გარემო ფაქტორები ხელს აღარ შეგვიშლის.

 

[R]

ორსულობის ციფრული ტესტი, როგორც 5 დოლარიანი მიკროკომპიუტერი

საბავშვო ბაღი, ღია ცის ქვეშ – ერთ დიდ სიყვარულზე აგებული “ბუნებარე”