პლანეტებს, რომლებსაც მზის სისტემის გარეთ აღმოაჩენენ ხოლმე, ეგზოპლანეტებს უწოდებენ და მათი შესწავლა სამყაროზე ახალი წარმოდგენების ფორმირებაში გვეხმარება. ამჯერად, ასტრონომებმა ულტრაცხელი გაზის გიგანტი აღმოაჩინეს, რომელზეც, ყოველ ღამე, რკინის წვიმა მოდის. ეგზოპლანეტა სახელად WASP-76b, თევზების თანავარსკვლავედში, ჩვენგან 640 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს და მასზე იმაზე ათასჯერ მეტი რადიაციული დასხივება აღინიშნება, ვიდრე დედამიწა იღებს მზისგან.
Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი და ნაშრომის ავტორი დევიდ ერენრაიხი აღნიშნავს, რომ „ამ პლანეტაზე ყოველ საღამოს წვიმს და ოღონდ აქ წვიმს რკინას“. ეგზოპლანეტას ექსტრემალური კლიმატი და საინტერესო ქიმიური შემადგენლობა გამოარჩევს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავისგან ძალიან მცირე მანძილითაა დაშორებული და მისი ერთი ნახევარი ყოველთვის მნათობისკენაა მიმართული. ეს იგივე პრინციპია, როგორიც მთვარისა და დედამიწის „ურთიერთობა“ – დედამიწისკენ ყოველთვის მთვარის ერთი ნაწილია მომართული. ამის გამო, WASP-76b-ის ერთ ნახევარში მუდმივად დღეა, მეორეში კი ღამე. იმ ნაწილში, სადაც დღეა, ანუ რომელი მხარეც ვარსკვლავისკენაა მიმართული, ტემპერატურა 3140 ფარენჰაიტს, ანუ 1726 ცელსიუს გრადუსს აღწევს.
აღმოჩენისთვის ასტრონომებმა European Southern Observatory-ის კუთვნილი და ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე ტელესკოპი გამოიყენეს. ასევე, ეგზოპლანეტას უახლესი სპექტროგრაფით ESPRESSO დააკვირდნენ. სწორედ მისი დახმარებით დაადგინეს WASP-76b-ის ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენების სპეციფიკა და მათ შორის ის, რომ პლანეტაზე რკინას წვიმს. აღნიშნული სპექტოგრაფი ეგზპლანეტების ქიმიური შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
ასტრონომების თქმით, ეგზოპლანეტის ნათელი ნაწილი საკმარისად ცხელია იმისათვის, რომ მოლეკულები ატომებად გარდაქმნას, ხოლო მეტალი – ორთქლად. ასე იქცევა რკინა ორთქლად, ხოლო ძლიერ ქარს ის პლანეტის ბნელ (ღამის) ნაწილში გადააქვს, სადაც ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1200 ცელსიუს გრადუსზე მეტია. აქ, წესით, უფრო ცივი კლიმატი უნდა გვხვდებოდეს, რადგან ღამის ნაწილში ვარსკვლავის სინათლე ვერ აღწევს, თუმცა, ტემპერატურის სიმაღლეს WASP-76b-ის ნათელი მხარიდან მონაბერი ცხელი და რკინის ორთქლის შემცველი ქარი უზრუნველყოფს. რკინის ორთქლი ღრუბლებად იქცევა, საიდანაც მოგვიანებით, თხევადი რკინა იწყებს წვიმას.
წყარო: CNN