in ,

საქართველოში ბუნებრივი პიგმენტების წარმოება იგეგმება – რუსთაველის ფონდის კონკურსის გამარჯვებული პროექტი

საქართველოში, საღებავის მიღების მიზნით, ბუნებრივი პიგმენტები არ იწარმოება და ამ მხრივ, მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. არადა, ქვეყანაში ბუნებრივი პიგმენტების 300-ზე მეტი საბადო და მადანგამოვლინებაა. მათი ნაწილის ათვისებასა და საწარმოო ტექნოლოგიის შექმნას, ასევე, შესაბამისი სტარტაპის დაფუძნებას ისახავს მიზნად შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის (CARYS) ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელიც 250 000 ლარით დაფინანსდა. გთავაზობთ ვიდეოინტერვიუს ჩანაწერს, რომელშიც პროექტის მკვლევართა ჯგუფთან (ასმათ შეყილაძე, მამუკა ბაღნაშვილი, ოთარ კავთელაშვილი და ავთანდილ ბაბაკიშვილი) ერთად ვსაუბრობთ საქართველოში საღებავი პიგმენტების წარმოების პერსპექტივებზე: 

პროექტის მიზნებია, შესწავლილ იქნას ფოლადაურის პიგმენტური საბადოს გეოლოგიური პოტენციალი. ჩატარდეს ნახევრადსაწარმოო ექსპერიმენტული კვლევები და შეიქმნას საბადოდან აღებული მინერალებიდან ეკოლოგიურად უსაფრთხო, პიგმენტების მიღების ეკონომიკურად მიმზიდველი საწარმოო ტექნოლოგია. შემუშავდეს  რკინის საბადოს მადნების გამდიდრების ჰიბრიდული ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგია, საღებავი და ანტიკოროზიული თვისებების მქონე, ეკოლოგიურად უსაფრთხო მუმიის ტიპის და რკინის სურინჯის პიგმენტების მიღების მიზნით – განხორციელდეს ხარისხის სერთიფიკატის აღება ბაზრზე/მარკეტინგულ ქსელში დაშვებისა და უსაფრთხო მასიური მოხმარების მიზნით. გარდა ამისა, შეიქმნება მეწარმე-სუბიექტის სტანდარტი, შემუშავდება ბიზნეს მოდელი, მომზადდება დოკუმენტაცია სტარტაპის დასაფუძნებლად. 

პროექტი 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს, ხოლო მისი საბოლოო პროდუქტი გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მკვლევარების მიერ შემუშავებული საწარმოო ტექნოლოგიით შექმნილი, ეკოლოგიურად უსაფრთხო  ანტიკოროზიული თვისებების მქონე რკინის სურინჯი და მუმიის ტიპის პიგმენტები იქნება. შემდეგი ნაბიჯები კი სტარტაპის შექმნა და პროდუქტის ბაზარზე რეალიზების გზების მოძიებაა. 

CARYS გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (GENIE – Georgia National Innovation Ecosystem) ნაწილს, რომელსაც ახორციელებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული  ხელშეკრულების თანახმად. სამეცნიერო ფონდის კონკურსში 36-მა პროექტმა გაიმარჯვა. მათი ნაწილის შესახებ ეტაპობრივად მოგიყვებით. 

როგორ მოვიქცეთ, თუკი ბოსს არ მოვწონვართ?

ძალიან ძალიან უცნაური ამბავი… – Nike-ის რეკლამა