in

რამდენად ღირს ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხის მოპოვება?

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) ორიენტირებულია ხელმძღვანელობის უნარების ჩამოყალიბებასა და ბიზნესის პრინციპების შესწავლაზე. მაგრამ სტუდენტთა უმრავლესობისთვის, MBA ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც ყველამ იცის. ეს არის უფრო ძლიერი პროფესიონალური ქსელი, სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა და თანაც, ანაზღაურებაც ბევრად მეტია, ვიდრე სხვა სფეროებში. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ შესაძლოა, ამ პროფესიით (როგორც ნებისმიერი პროფესიის შემთხვევაში) დასაქმებას, სათანადო სამსახურის პოვნას გარკვეული დრო დასჭირდეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყველა სფეროს სჭირდება შესაბამისი დრო, ენერგია და თანხები თქვენი მხრიდან. ამიტომ, ვიდრე  ბიზნესის ადმინისტრირების დაუფლებისკენ გადადგამთ ნაბიჯს, დაფიქრდით, რამდენად არის ის თქვენი შესაფერისი და პირიქით.

სწორი მიზეზები, თუ რატომ უნდა დაეუფლოთ ბიზნესის ადმინისტრირებას.

მზადყოფნა სამომავლო კარიერისთვის. პანდემიიდან გამომდინარე, ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს მცდელობა იმისა, რომ კომპანიებმა კრიზისული სიტუაციებიდან იპოვონ ეფექტური გამოსავალი. ამ შემთხვევაში მათთვის აუცილებელია თანამშრომელი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნიჭი და უნარები. ჰკითხეთ საკუთარ თავს – „როგორ შემიძლია გავაფართოვო ჩემი ცოდნა და შესაძლებლობები, რათა ასეთ შემთხვევაში საუკეთესო კანდიდატი ვიყო?“

დამსაქმებელი ყოველთვის ეძებს ისეთ კანდიდატს, რომელსაც ემპათია გააჩნია საკუთარი საქმისადმი, შეუძლია დროის მენეჯმენტი და ასევე, არ არის ფოკისურებული მხოლოდ აწმყოზე, არამედ ერთი მოცემულობიდან სახავს მომავლის სტრატეგიულ გეგმებს.

აღსანიშნავია, რომ დროის მენეჯმენტის, ჯგუფური მუშაობის შესასწავლად და სტრატეგიული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად MBA-ის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

ახალი ინდუსტრიების ან ფუნქციების შესწავლა. თუ თქვენ გეგმავთ, რომ კარიერა თქვენი ცხოვრების მთავარ ღერძად იქცეს, MBA-ის კურსები დაგეხმარებათ, ყოველგვარ გამოწვევას მზადყოფნით შეხვდეთ.

შეგიძლიათ, მაგალითი აიღოთ ერთ-ერთი სტუდენტისგან, რომელსაც აქვს ორი კარიერული ამბიცია: მონაწილეობა მიიღოს ბიოფარმაცევტიკაში და ერთ დღეს ხელმძღვანელობდეს რაიმე ორგანიზაციას. მისი აზრით, MBA-ის დიპლომი საუკეთესო გზას წარმოადგენს ორივე მიზნის განსახორციელებლად, რადგან ბიზნესის ადმინისტრირების დაუფლებით, საჭირო რესურსების ცოდნა ექნება.

ზოგიერთი სტუდენტი კი ამ პროფესიას სამეწარმეო საქმის წამოსაწყებად ირჩევს – ან თავად ჰქმნიან სტარტაპს, ან უკვე არსებულში იწყებენ მუშაობას.

თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღნიშნულ პროფესიას თითქმის ყველა ინდუსტრიაში წარმატებით გამოიყენებთ.

დააჩქაროთ თქვენი კარიერული წინსვლა. ყველას, ვინც ბიზნესის ადმინისტრირებას ირჩევს, არ სურს რაიმე „გრანდიოზული“ ცვლილება… ბევრი მათგანი შესაძლოა ფოკუსირებული იყოს კონკრეტულ ინდუსტრიასა თუ კომპანიაში კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შესაბამისად, ანაზღრაურების გაზრდაზე.

ალბათ, რიცხვობრივი სხვაობა, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, გაგაოგნებთ! როგორც ირკვევა, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომის მქონეს 20 000 დოლარით მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე სხვა სფეროების წარმომადგენლებს.

ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვა რატომ? (შესაძლოა, პროტესტიც). ამაზე პასუხი კი ასეთია – დამსაქმებლებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი წარმოუდგებათ, როგორც აკადემიური, პიროვნული და ლიდერული უნარების მქონე ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა.

მათთვის, ვისაც მოკლე ვადაში სურს ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება, აუცილებელი არ არის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე ჩაბარება. ამისთვის სხვადასხვა საინტერესო კურსები არსებობს.

თქვენი საქმიანობის გასაზრდელად და დივერსიფიკაციისთვის. თუ თქვენ ეძებთ საჭირო ინფორმაციასა და ადამიანებს იმისათვის, რომ გაზარდოთ საკუთარი ბიზნესი ან წამოიწყოთ სწორი გზით, MBA-ის შესწავლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არის ყველა იმ შესაძლებლობების ერთიანი თავმოყრა, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობის გაფართოებას და, შესაბამისად, წარმატების შანსების ზრდას ბიზნეს სამყაროში.

არასწორი მიზეზები

თქვენ ეძებთ ჯადოსნურ აბს! MBA არ არის „ოქროს ბილეთი”, რომელიც ავტომატურად გიხსნის გზას უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურისკენ. ცოდნისა და უნარების გაფართოებას სჭირდება საქმის სიყვარული, აქტიურობა და შრომა. არ გადადგათ ნაბიჯი ამ პროფესიისკენ, თუ თქვენი მიზანი მხოლოდ ფულის ან ძალაუფლების მოპოვებაა.

თქვენი მშობლები გვთავაზობენ სწავლის დაფინანსებას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მშობლების ფინანსური მხარდაჭერა მაცდუნებელია, ნუ იქნება ეს ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც მიმართავთ ბიზნეს სკოლას. თქვენ გულწრფელად უნდა გსურდეთ ამ პროფესიის დაუფლება. თუ ეს ასე არ არის, მაგრამ ამასთან ერთად მაინც გინდათ გარკვეული კურსების გავლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ პლატფორმები.

უბრალოდ მოწყენილი ხართ. შესაძლოა, არ გაკმაყოფილებთ თქვენი ამჟამინდელი კარიერული თუ ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის ადმინისტრირებას „გასართობად” უნდა დაეუფლოთ. ეს არასწორია! თქვენ ახლა ერთადერთი რაც გჭირდებათ, იმის გაანალიზებაა, თუ რატომ არ „გიმართლებთ”… რას აკეთებთ არასწორად? რატომ ვერ აღწევთ წარამატებას? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ კი ჰკითხეთ საკუთარ თავს – „და მაინც, რატომ გადავწყვიტე ბიზნეს სკოლაში ჩაბარება?”

სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რაც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს – „რატომ?”. იპოვეთ ამაზე პასუხი და აუცილებლად დაინახავთ თქვენს სწორ გზას. 

წყარო: HBR



ევოლუშენი კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობის თანამშრომლობის ახალ მოდელს სთავაზობს

2020-ის გაკვეთილები – რა ისწავლეს ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოებში?