ტურისტული რეკლამების უმეტესობა პეიზაჟების კადრებზეა აგებული, რაც ცოტათი მოსაწყენი და ბანალურია. თუმცა Visit OSLO-ს განსხვავებული მიდგომა აქვს — ნორვეგიის დედაქალაქის უახლესი სარეკლამო კამპანია ირონიული ხასიათისაა და უპირატესობების ნაცვლად, ხარვეზებზე აკეთებს აქცენტს.
რეკლამის მთავარი გმირი, 31 წლის ოსლოს მკვიდრი, სახელად ჰალფდანი, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დადის და ყველაფერს აკრიტიკებს. რეალურად კი, გვაჩვენებს, რისი გაკეთება შეიძლება აქ, რა სძენს მას უნიკალურ ხიბლს.
ეს სარეკლამო კამპანია, შექმნილი NewsLab AS-ის მიერ და გავრცელებული ინფორმაციით, შთაგონებულია დანიელ-ნორვეგიელი კინორეჟისორის, იოახიმ ტრიერის შემოქმედებით. ვიდეორგოლში ირონიისა და ავთენტურობის ნაზავი სარეკლამო ინდუსტრიისთვისაც საინტერესო გადაწყვეტა აღმოჩნდა.