გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) და გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ CENN ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მათი მიზანი საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ISET-ში ცირკულარული ეკონომიკის კურსის საბაკალავრო სწავლების საფეხურზე დანერგვაა.
„მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ავითარებენ ეკონომიკური განვითარების ცირკულარული ეკონომიკის მოდელს. შესაბამისად, ცირკულარული ეკონომიკის კურსი უკვე ისწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ISET არის პირველი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც დანერგავს ცირკულარული ეკონომიკის კურსს. კურსი შემუშავდა USAID/WMTR II მიერ, რომელსაც ახორციელებს CENN, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილ პროფესორთან, დოქტორ ჰანს ვისმეტთან თანამშრომლობით“.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ISET-ის დირექტორმა თამარ სულუხიამ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ISET-ის, USAID/CENN WMTR II პროგრამისა და USAID-ის წარმომადგენლები.
მხარეების ინფორმაციით, საქართველოს აღებული აქვს ცირკულარული ეკონომიკის მიმართულების განვითარების ვალდებულება და მისი განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია შესაბამისი კადრების მომზადება. სტუდენტებს, კურსზე მიღებული ცოდნა დაეხმარება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაში.
სასწავლო კურსი ISET-სა და CENN-ს შორის, USAID-ის პროგრამაში „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონში“ (ფაზა II) თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
[R]