ისლანდიის ერთ-ერთი ქალაქი გრინდავიკი, რომელიც 4000 ადამიანის სახლია, შესაძლოა, ვულკანმა გაანადგუროს… იგი საკმაოდ ახლოსაა რეიკიავიკთან და როგორც The Guardian აცხადებს, რამდენიმე საათსა თუ დღეში შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს.
„მაგმა აღარ არის დიდი სიღრმეში, ამიტომ მის ამოფრქვევას ძალიან მალე ველოდებით, რამდენიმე საათში ან სულ მცირე რამდენიმე დღეში“, — აცხადებს ვიდირ რეინისონი, ისლანდიის სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელი.
2000-მდე მიწისძვრის გამო უკვე საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადეს, მათგან 1000 კი მხოლოდ შაბათს ღამით მოხდა ძირითადად რეიკიანესის ნახევარკუნძულის სამხრეთ დასავლეთით, რაც კვლავ ვულკანის ამოფრქვევის გაზრდილ რისკზე მიუთითებს. ხოლო გაზრდილი სეისმური აქტივობის საპასუხოდ, Blue Lagoon, რომელიც სახელგანთქმულია თავისი გეოთერმული სპებითა და მდიდრული სასტუმროებით, სიფრთხილის მიზნით უკვე დაიხურა.
როგორც ვიგებთ, ნახევარკუნძულის მეწყერსაშიში ზონების გამო პირუტყვისა და ფერმის ცხოველების გადარჩენა ვერ მოხდება… ამ დროისთვის კი კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანების გადაადგილება აკრძალულია. გრინდავიკის ჩრდილოეთით 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა რეიკიავიკშიც კი იგრძნობოდა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანას.
საინტერესოა ისიც, რომ უკვე ოქტომბრის ბოლოდან იგრძნობოდა ბიძგები… IMO-მ კი მიწისქვეშ მაგმის დაგროვება დაახლოებით 5 კილომეტრის სიღრმეზე შენიშნა, რაც ვულკანური ამოფრქვევის სპექტრს ზრდის. ისინი ვარაუდობენ, რომ მაგმის ზედაპირზე ამოსვლას საათებზე მეტიც დასჭირდება, პოტენციური ზემოქმედების ზონა კი უკვე მკაცრად კონტროლდება და პრევენციული ზომებიც მიღებულია.
აქ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ისლანდიას 33 აქტიური ვულკანური სისტემით, ანუ ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ევროპაში, „ცეცხლისა და ყინულის მიწას“ ეძახიან…












