in

#დარჩისახლში? NASA გასწავლის, როგორ შეინარჩუნო კარგი განწყობა და პროდუქტიულობა პატარა სივრცეში ყოფნისას

თუკი, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, თქვენც დარჩით სახლში, მაშინ გამოგადგებათ იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც პატარა სივრცეებში დიდ დროს ატარებენ – ასტრონავტებს ვგულისხმობთ. NASA-მ გადაწყვიტა გვასწავლოს 5 მეთოდი, როგორ შევინარჩუნოთ კარგი განწყობა და პროდუქტიულობა, როდესაც ჩვენი სამოძრაო სივრცე შეზღუდულია. როგორ მოვიქცეთ, თუკი დროის 100%-ს სახლში ვატარებთ?

#1: კომუნიკაცია

ისაუბრეთ სხვებისთვის გასაგებად და თავადაც ისმინეთ ყურადღებით. ეს გულისხმობს იმ მიდგომის ძიებას, რომლის საშუალებითაც ინფორმაციას გაუზიარებთ, მოყვებით საკუთარ განზრახვებზე და იტყვით იმასაც, როცა ცდებით. ბიზნეს ლიდერებსა და გუნდებს ურჩევენ, დაისახონ ადეკვატური მოლოდინები, როგორი იქნება ურთიერთობები, როდესაც ოფისში ერთად აღარ მუშაობთ. მოამზადეთ გუნდი და დაეხმარეთ ამ მიდგომასთან ადაპტაციაში.

#2: ლიდერობა და მიმდევრობა

აქ ვისაუბრებთ, რამდენად სწრაფად შეუძლია გუნდს ახალ სიტუაციებთან ადაპტირება. აქ საკვანძო ფაქტორია ლიდერსა და გუნდის წევრებს შორის ნდობის ხარისხი. როგორ მივაღწიოთ ნდობას? პირველ რიგში, გაიაზრეთ პასუხისმგებლობა და მოარგეთ თქვენი სტილი გარემოს, დაისახეთ მიზნები და დასვით ამოცანები. ამას გარდა, დაუთმეთ დრო უკუკავშირის მიღებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.

დარწმუნდით, რომ თანამშრომლებს აქვთ ხელსაწყოები, რაც თავიანთი საქმის სახლიდან შესასრულებლად სჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს საოფისე მოწყობილობები ან სხვა გადაწყვეტილება, რაც სახლიდან მუშაობაში დაეხმარებათ.

#3: საკუთარი თავის მოვლა

NASA მიიჩნევს, რომ პროდუქტიულობასთან მჭიდრო კავშირი აქვს ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ჰიგიენას, სამუშაო და პირადი დროის განაწილებას, კარგ ძილსა და განწყობას.

ეს ნიშნავს, რომ უნდა შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და ასევე, როგორ მუშაობთ უფრო დიდ ჯგუფში. ამას გარდა, NASA გირჩევთ, იყოთ სოციალური, ეძებოთ უკუკავშირი და დააბალანსოთ სამუშაო და პირადი დრო – იყოთ ორგანიზებული.

#4: გუნდური მზრუნველობა

ეს #3 პუქტთანაა დაკავშირებული, მაგრამ უფრო მეტად გულისხმობს გუნდის წევრების ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

NASA გვირჩევს, გამოვიჩინოთ მოთმინება და პატივისცემა, წავახალისოთ სხვები. გავუწიოთ მონიტორინგი სტრესის ან დაღლილობის მაჩვენებლებს. წაახალისეთ გუნდური მუშაობა. დააფასეთ და აღნიშნეთ ყველას მუშაობა, დანაშაული კი საკუთარ თავზე აიღეთ.

ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა, რაც წარმატებულ გუნდებს ახასიათებთ ისაა, რომ პერიოდულად იკრიბებიან და ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დალაგებაზე ზრუნავენ.

#5: ჯგუფური ცხოვრება

ეს უნარი, შესაძლოა, სამსახურის გუნდთან შედარებით, უფრო მეტად იმას ეხება, როგორ ეწყობით ოჯახს (ან ოთახის მეზობელს), სახლიდან მუშაობის პერიოდში. თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია.

NASA გირჩევთ, კონკურენციის ნაცვლად, ითანამშროთ. სასარგებლოა ჯგუფური კულტურის აქტიური კულტივირება. გაიაზრეთ ეს და გაამხნევეთ, შეაქეთ დაუნანებლად. იმუშავეთ იმაზე, რომ გუნდში ოპტიმისტური განწყობა გქონდეთ. კონფლიქტების დროს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ცხადია, კოსმოსში არ არსებობს “გასეირნება და ტვინის განიავება”, იქ სივრცე ბევრად შეზღუდულია და არც ისე მარტივია გამიჯნოთ “სამსახური” და “პირადი დრო”. ასე რომ, თუკი სახლიდან მუშაობთ, კოსმონავტებზე ბევრად დიდი უპირატესობა გაქვთ, ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ პლანეტიდან ასობით კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებიან, სულ მცირე ფართობში.

 

წყარო: inc



თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის უფასო „ონლაინ“ მასტერკლასები იწყება

სილქნეტმა “StopCoV ფონდის” მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ერთი მილიონი ლარი ჩარიცხა