in ,

ისრაელი მოქალაქეების ადგილმდებარეობის ისტორიას COVID-19-ის გავრცელებასთან საბრძოლველად გამოიყენებს

ისრაელის შინაგან საქმეთა საქმეთა სააგენტო – Shin Bet მოქალაქეთა სმარტფონებში ჩაშენებულ ადგილმდებარეობის დადგენის ფუნქციას კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად გამოიყენებს. New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სისტემის დახმარებით უფრო ზუსტად მოხდება იმის დადგენა სად და რა ხანგრძლივობით ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ პირს სხვა პირებთან. შესაბამისად, ადგილმდებარეობის ისტორიაზე წვდომა, ისრაელის მთავრობას, შესაძლებლობას მისცემს დროულად და ზუსტად განსაზღვროს, ვინ მოათავსოს კარანტინში.

ისრაელის მთავრობა გამოიყენებს ტექსტური შეტყობინებების ფორმატსაც – იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი დაინფიცირებულთან და არც იციან ამის შესახებ, გაეგზავნებათ საინფორმაციო მესიჯი, მოწოდებით, პირველ ეტაპზე, სანამ მთავრობა მათ კარანტინში მოქცევას შეძლებს, სასწრაფოდ მიმართონ თვითიზოლაციას.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავრობა არ აზუსტებს, კონკრეტულად რა პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ამისთვის, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ისრაელის მთავრობას შეუძლია წვდომა ჰქონდეს განურჩევლად ყველა, სმარტფონის მქონე მოქალაქის ადგილმდებარეობაზე. „ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი ინდივიდუალურ უფლებებსა და ზოგად საჭიროებებს შორის და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის – ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაში.

Times-ის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ მოქალაქეების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ამუშავებს. თუმცა ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების შესაბამისად ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გზას უკვე აშშ-ც ადგას. ცნობილია, რომ სამთავრობო ორგანიზაციები ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორის, Facebook-თან და Google-თან განიხილავენ ამ საკითხს. Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ საუბრებში ჩართული არიან ჯანმრთელობის ექსპერტებიც.

რა პლატფორმები გამოვიყენოთ ონლაინ სწავლებისთვის?

„როდის იქნება ვაქცინა? როდის იქნება მკურნალობა შესაძლებელი?“ – ბექა ბახტაძე