ისრაელმა SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა კოსმოსში გაუშვა. მთვარემავალი, სახელად “Beresheet” კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა თავისი პირველი კოსმოსური მისია კერძო დაფინანსებით გააგზავნა. იგი მეოთხე ქვეყანაა საბჭოთა კავშირის, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, რომლის კოსმოსური აპარატიც მთვარეზე დაჯდება. გათვლილია, რომ 4 მილიონი მილის გავლის შემდეგ, აპარატმა მთვარეს დაახლოებით 11 აპრილისთვის უნდა მიაღწიოს.
აპარატის შექმნა 100 მილიონ დოლარამდე დაჯდა. იგი მთვარეზე ყოფნის განმავლობაში შეაგროვებს საჭირო ინფორმაციას დედამიწის თანამგზავრის შესახებ. ასევე, მთვარეზე დატოვებს კაფსულას, რომელშიც განთავსებულია ბავშვების ნახატები, ბიბლია და ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მთვარემავალი კი რეგულარულად დაამყარებს დედამიწასთან კონტაქტს.