IT აკადემია STEP-ის მხარდაჭერით თბილისში Women in AI სამიტი ჩატარდა. ღონისძიება, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტითა და მომავლის ინდუსტრიებით დაინტერესებული პროფესიონალები, სპიკერები და დამწყები მონაწილეები.

სამიტი ორგანიზებული იყო საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის – GAIA მიერ და მიზნად ისახავდა ქალების როლის გაძლიერებას ტექნოლოგიურ სფეროში, ასევე ქართული AI ეკოსისტემის განვითარებას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ინოვაცია მრავალფეროვნებაზე დგას და სწორედ განსხვავებული გამოცდილებების გაერთიანება ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, ტექ ვორქშოპები და ინდივიდუალური სესიები, სადაც სპიკერებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრეს. ეს იყვნენ ქალები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებულ სფეროებში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადგილობრივი ტექნოლოგიური კომუნის განვითარებაზე. მათი პრაქტიკული ცოდნა და რეალური მაგალითები მონაწილეებისთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა.

ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი იყო სტეპის დამფუძნებელი და დირექტორი მაკა მახათაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე “როგორ ვიყოთ საჭირო ადამიანები AI-ის ეპოქაში?” მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროფესიების ტრანსფორმაციაზე და იმ უნარებზე, რომლებიც ინდუსტრია 5.0-ის პირობებში ადამიანებს კონკურენტუნარიანს ხდის. მაკას გზავნილი შეეხებოდა იმასაც, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე ყველაზე დიდი ღირებულება მოქნილ აზროვნებასა და პრაქტიკულ უნარებს აქვს.

სამიტზე განხილული თემები მრავალფეროვანი და აქტუალური იყო. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე, სამართლებრივ გამოწვევებზე, კრეატიულ ინდუსტრიებში AI-ის როლზე, ასევე ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქციაზე. დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა, თუ როგორ ცვლის AI არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ ბიზნეს და შემოქმედებით პროცესებსაც.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2025–2030 წლებში გლობალურად სამუშაო ადგილების დაახლოებით 44% საჭიროებს უნარების განახლებას, ხოლო ყველაზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა მოდის ტექნოლოგიურ და ანალიტიკურ უნარებზე, მათ შორის AI-სთან დაკავშირებულ კომპეტენციებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი სამიტები არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარების, არამედ მომავლისთვის მზადების მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ე.წ. ნეთვორქინგ სესიები, რომლებიც მონაწილეებს აძლევდა შესაძლებლობას, უშუალოდ დაკავშირებოდნენ სპიკერებსა და სხვა მონაწილეებს. სწორედ ასეთ არაფორმალურ გარემოში იბადებოდა ახალი იდეები, იზიარებდნენ გამოცდილებას, იღებდნენ პრაქტიკულ რჩევებს და ხშირად იწყებოდა ახალი თანამშრომლობებიც. ეს ურთიერთობები ქმნის საფუძველს ძლიერი პროფესიული კავშირების ჩამოსაყალიბებლად.

სტეპისთვის, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა ნიშნავს ინვესტიციას მომავლის პროფესიონალებში. სამიტი არის სივრცე, სადაც ინსპირაცია რეალურ მოქმედებად გარდაიქმნება, ხოლო ცოდნა პრაქტიკულ უნარებად. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ისინი ეხმარება ადამიანებს, არა მხოლოდ დაეწიონ ცვლილებებს, არამედ თავადაც გახდნენ ამ ცვლილებების ნაწილი.
Women in AI სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური სფერო ღიაა ყველასთვის, ვინც მზად არის განვითარდეს, ისწავლოს და შექმნას. ასეთი ინიციატივები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინდივიდუალური კარიერული გზის ფორმირებაში, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური პოტენციალის გაძლიერებაში.
განვითარდი და განავითარე!
[R]













