iTechnics საქართველოში Apple Authorised Reseller ანუ „ეფლის“ ავტორიზებული „რესელერი“ გახდა. სიახლიდან გამომდინარე, კომპანიის სრული რებრენდინგი განხორციელდა : iTechnic ახლა ბაზარზე iTechnics-ის სახელით ოპერირებს, შეიცვალა ლოგო, კორპორატიული ფერები და ა.შ. . კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი ქირიას თქმით, მათთან, როგორც ოფიციალურ პარტნიორთან შეძენილ პროდუქციაზე, უკვე „ეფლის“ საერთაშორისო გარანტია მოქმედებს. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ქირია ამბობს, აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ ქართველ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო ფასი და პირობები შესთავაზონ.
ირაკლი ქირია: ბოლო პერიოდში Apple ნამდვილად ინტერესდება ქართული ბაზრით. შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ Apple-მა სწორედ iTechnics-ი შეარჩია პარტნიორად. მათ კარგად შეისწავლეს ქართული ბაზარი და ჩვენ სახით მათთვის საიმედო კომპანია აირჩიეს. წლების განმავლობაში, ამ სფეროში, საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და რაც მთავარია, ბაზარზე კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მზად აღმოჩნდა, მიეღო გამოწვევები და დაენერგა ის მაღალი სტანდარტები, რომელიც საჭიროა Apple-ის პარტნიორის სტატუსის მისაღებად.
M: რა შესაძლებლობებს აძლევს Apple-ის პარტნიორობა ანუ ავტორიზებული „რესელერის“ სტატუსი კომპანიას და მომხმარებლებს?
ავტორიზაცია გულისხმობს იმას, რომ კომპანიამ გაიარა და დააკმაყოფილა Apple-ის მაღალი სტანდარტები. მომხმარებლები ხშირად იბნეოდნენ, ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანია ეწევა „ეფლის“ პროდუქციის რეალიზაციას, ზოგიერთი კომპანია ავრცელებდა და დღესაც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ ოფიციალური წარმომადგენელები არიან. თუმცა, ამ ინფორმაციის Apple.com-ზე გადამოწმება საკმაოდ მარტივია. იქ ჩამოთვლილია, რომელი კომპანიები არიან Apple-ის ავტორიზებული „რესელერები“ და პარტნიორები ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათთვის ამ სტატუსს აქვს გარკვეული უპირატესობები, ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება „ეფლის“ საერთაშორისო გარანტია. ეს ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში მომხმარებელი მიიღებს სრულ გარანტიას ტექნიკის შეცვლაზე Apple-ის მიერ სერთიფიცირებულ სერვის ცენტრში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, შევძლებთ, ქართველ მომხმარებლებს ბაზარზე საუკეთესო ფასი შევთავაზოთ.
M: კომპანიამ განაცხორციელა „რებრენდინგი“. რა არის ამ ცვლილების მიზანი ?
„რებრენდინგის“ საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დავიწყეთ Apple inc-თან. პირველი პროექტი, რაც „ეფლთან“ პარტნიორობის ფარგლებში განვახორციელეთ, იყო ,,Apple-ი სასკოლო განათლებაში”, ხოლო შემდეგი ნაბიჯი უკვე იყო ჩვენი ოფიციალური სტატუსი – ჩვენ Apple-ის პარტნიორები და ავტორიზებული „რესელერები“ გავხდით. სწორედ ამ სიახლის შემდეგ დადგა საკითხი, რომ საჭირო იყო „რებრენდინგის“ განხორციელება.
M: კონკრეტულად რა შეიცვალა „რებრენდინგის“ ფარგლებში?
სახელი (იყო iTechnic, ახლა არის iTechnics), ლოგო, კორპორატიული ფერები, ეტაპობრივად იცვლება მაღაზიების ინტერიერი და ექსტერიერი. ასევე, დავამზადეთ ახალი, არასტანდარტული ვებგვერდი, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს დეტალური ინფორმაცია Apple-ის ყველა სიახლეზე; თითოეულ მათგანს ექნება პირადი „ექაუნთი“, სადაც ხელმისაწვდომი იქნება დეტალური ინფორმაცია მის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, შეძენილი ტექნიკის საგარანტიო პირობებსა და ვადებზე. აღნიშნულ საკითხებზე მიმდინარეობდა საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო, რომ ცვლილებებს სრულად ეპასუხა ჩვენი სტრატეგიისთვის.
[R]