in

„ჩემს ნამუშევრებში მე ვარ მეოცნებე“ — ინტერვიუ სტეპერ ჯენიფერ ჟვანიასთან

გრაფიკულ დიზაინერებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომაც, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ გრაფიკული დიზაინი მომავლის პროფესიაა.

თუმცა, როგორც ყველა თანამედროვე პროფესიას, გრაფიკულ დიზაინსაც სჭირდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ამიტომაც, ახალ პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას ჩნდება კითხვები, თუ რა ან სად უნდა ისწავლოთ, რა ცოდნა გჭირდებათ იმისათვის, რომ სამსახურის დაწყება შეძლოთ და ა. შ.

დღეს თავის ისტორიას IT Academy STEP Georgia-ს გრაფიკა და დიზაინის სტუდენტი, STEP-ის შიდა კრეათონისა და #STEPDESIGN2023-გამარჯვებული ჯენიფერ ჟვანია გვიზიარებს.

„ბავშვობიდან რასაც ხელს მოვკიდებდი, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად გამეფორმებინა. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ სულ უფრო და უფრო მივიწევდი ამგვარი საქმიანობისკენ. ერთ დღესაც გრაფიკული დიზაინი აღმოვაჩინე და ამის შემდეგ მუდმივად ვეძებდი შემეცნებით ვიდეოებს ან სტატიებს ამ პროფესიაზე“.

სურვილის მიუხედავად, პირველი ნაბიჯის გადადგმა რთული აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში უკვე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. „ჩემთვის რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ამ პერიოდში უკვე უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. გრაფიკული დიზაინი შორი და მიუწვდომელი ოცნება მეგონა“. საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა, ბედი ეცადა და მისთვის საინტერესო პროფესიის შესახებ მეტი გაეგო.

კურსის შერჩევისას ყურადღება ყველაზე მეტად STEP-ის სტუდენტების ნამუშევრებმა მიიპყრო. „სანამ აკადემიაში სწავლას დავიწყებდი, სტუდენტების ნამუშევრებს ვათალიერებდი და არარეალური მეგონა ეს ყველაფერი“. სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი სწავლის დაწყებისთვის. როგორც თვითონ იხსენებს, იმის მიუხედავად, რომ დამწყებმა გრაფიკულმა დიზაინერმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს, პროცესი ყოველთვის საინტერესო იყო:

„დამწყებმა გრაფიკულმა დიზაინერმა ბევრი რამ უნდა შეისწავლოს: ფოტოშოპი, ილუსტრატორი, ბრენდინგი… კურსი უფრო საინტერესო გახადა ციფრული ხატვის, სტილისა და ფერთა თეორიის ლექციებმა. ციფრული ხატვის შესწავლად ხშირად სხვებს ცალკე კურსის გავლა უწევთ ხოლმე. STEP-ში ის სასწავლო პროგრამის ნაწილია. როცა დამწყები ხარ ყველა ეტაპი საინტერესო და მნიშვნელოვანია“.

ჯენიფერს მიაჩნია, რომ გრაფიკული დიზაინერის მთავარი თვისება შემოქმედებითობაა. მისი ნამუშევრები თანამედროვე სამყაროსა და კიბერ-რეალიზმის ნაზავია. „ჩემს ნამუშევრებში მე ვარ მეოცნებე. ეს ის სამყაროა, სადაც მე ვცხოვრობ — ჩემი კიბერრეალობა“. ამიტომაც, პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ცდილობს განიტვირთოს, ბუნებაში გავიდეს, მხატვრული ნაწარმოები წაიკითხოს ან ფილმს უყუროს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერ ჟვანიას სწავლა ჯერ არ დაუსრულებია, მან უკვე შეძლო და გაიმარჯვა აკადემიის შიდა კრეათონში. ასევე, ის გახდა #STEPDESIGN2023-ზე სტუმართა რჩეული ნამუშევრის ავტორი, რის შემდეგადაც მას მარკეტინგულმა სააგენტომ „ჯინჯერსმა“ სტაჟირება შესთავაზა.

#STEPDESIGN2023 აკადემიის ტრადიციული გამოფენაა, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას გრაფიკული დიზაინის მიმართულების 100-ზე მეტი სტუდენტი იღებს. აქ მათ საშუალება ეძლევათ, წარმოაჩინონ საუკეთესო ნამუშევრები. გამოფენაზე მოწვეულები არიან სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ, გაეცნონ STEP-ის სტუდენტების ნამუშევრებს, შეაფასონ ისინი და ხელი შეუწყონ მათ კარიერულ განვითარებაში.

თავის გამოცდილებას ჯენიფერი კი ასე იხსენებს: STEP-მა ჯერ ცოდნა მომცა, მერე კი გამოწვევებში ჩამაგდო. აქ ყოველ ნაბიჯზე მეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. მუდმივი კონკურსები მოტივაციისთვის, საზღვარგარეთ მოხვედრის შანსი და სტაჟირების შესაძლებლობა. ვიცი, რომ აქ შრომა ნამდვილად გიფასდება.“

სწავლის დასრულების შემდეგ სურს, საინტერესო პროექტზე დაიწყოს მუშაობა და განვითარდეს. ამასთან ერთად, აპირებს, რომ სფეროს სხვა მიმართულებები — 3დ მოდელირება, ანიმაცია და ხელოვნური ინტელექტი შეისწავლოს. გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულებს კი ურჩევს: „ჩემი აზრით, გრაფიკული დიზაინის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი კრეატიული ხედვაა. სხვა ტექნიკურ უნარებთან ერთად, ამის განვითარებაც არის შესაძლებელი სწორ გარემოში. თუმცა, ეს მაინც ისაა, რაც შენს შიგნით არის — და თუ ამას ამჩნევ, მაშინ გრაფიკული დიზაინი სწორი არჩევანია“.

გრაფიკა და დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. IT აკადემია STEP კი ამ მიმართულების რამდენიმე კურსს გვთავაზობს — გრაფიკა და დიზაინი; გრაფიკა და დიზაინი სკოლის პარალელურად; სარეკლამო (ბრენდი) დიზაინი და UI/UX დიზაინი.

კურსების განმავლობაში STEP-ის სტუდენტები 0-დან შეისწავლიან Adobe-ის პროგრამების გამოყენებას, 2D ილუსტრაციების შექმნას, ციფრულ ხატვას, კომპანიის ბრენდისა და პროდუქტის დიზაინის შექმნას, UI/UX დიზაინს, მოძრავი ვიზუალების შექმნას და ხმის დიზაინს. კურსის გავლის შემდეგ, აკადემია სტუდენტებს Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებაში ეხმარება, რაც მათ აძლევს საშუალებას დასაქმდნენ ქართულ და გლობალურ ბაზარზე.

STEP-ის გრაფიკული დიზაინის კურსებზე მეტის გასაგებად და დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.

[R]

სჭირდება თუ არა თქვენს შეფუთვას განახლება? — 4 ნიშანი

ცვლილებების მენეჯმენტი საკუთარი თავის შეცვლით დაიწყეთ