„იუკუს“ შესახებ რომ გიამბობთ, გვინდა, „მუსიკის ჰანგებიდან“ ის სცენა გაგახსენდეთ, ბავშვები დასაძინებლად რომ ემზადებიან და ღამის ორეულებსა და პერანგებში გამოწყობილები ერთმანეთს ტკბილ ძილს უსურვებენ. ეს ამბავიც სწორედ ამ ფილმის შთაგონებას უკავშირდება. ორი მეგობარი, ელენე გახარია და მარიამ გაბედავა საბავშვო ორეულების ბიზნესიდეამ გააერთიანა. შემდეგ კი, ბავშვების მხიარულ გარემოცვაში და გემრიელ ძილზე ოცნებით, „იუკუს ჯადოსნური სული“ დაიბადა. დამფუძნებლების თქმით, ეს სახლის ორეულების ბრენდია, რომელიც აწარმოებს ე.წ პიჟამოებს, 1-14 ასაკის ბავშვებისთვის. თუმცა, როგორც ამბობენ, ბაზრისთვის უფრო მეტის შეთავაზების სურვილი აქვთ.
„დღეს, ამ აჩქარებულ, ქაოტურ სამყაროში ერთმანეთისთვის და ჩვენი შვილებისთვის დრო არ გვრჩება. ამ სამოსით გვინდა ვაგრძნობინოთ ბავშვებს, რომ ოჯახი და სახლური გარემო ყველაზე ტკბილი და ძვირფასი ფასეულობაა. „იუკუს“ სახით, ერთგვარი ტრადიციის დამკვიდრება გვინდა.“
M: თქვენ ახსენეთ, რომ ტკბილ ძილზე ოცნება ერთ-ერთი იყო, რამაც „იუკუს“ იდეამდე მიგიყვანათ. რას გულისხმობთ ამაში?
ელენე: წლებია, ძილი მაკლია… ვისაც შვილები ჰყავს, მიხვდება, ეს რაც არის… სამი შვილი დიდი პასუხისმგებლობა, დატვირთული დღის რეჟიმი და უამრავი გათენებული ღამეა. ამიტომ, ძილისკენ სწრაფვა ერთ-ერთი შთამაგონებელი ნიშანი იყო ამ ორეულების შექმნისას. უფრო მნიშვნელოვანი კი, რა თქმა უნდა, ნატურალური ქსოვლისაგან შექმნილი სახლის სამოსის არსებობის სურვილი გახლდათ. გვინდოდა, რომ ჩვენი და თქვენი შვილების ტკბილ ძილსა და ლამაზ სიზმრებზე გვეზრუნა.
მარიამი: „უძილობის ტკივილმა“ და ძილზე ოცნებამ გაგვაერთიანა. მეცინება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მართლა ასეა… ცოტა უფრო სერიოზულად თუ გეტყვით: მეც და ელენესაც ძალიან გვიყვარს „მუსიკის ჰანგები“, ერთ-ერთი შთაგონების წყარო ეს ფილმი, ის ძველი დრო და ჩვენი 6 შვილი იყო.

M: როგორ შეიკრა „იუკუს“ ვიზუალური ნაწილი?
მარიამი: თავდაპირველად შეიქმნა ორეულების ვიზუალი, შეირჩა ნაჭერი… შემდეგ დაიწყო “იუკუს” შეფუთვაზე ზრუნვა. ლოგოზე ბუბა რადიანმა იმუშავა. ზღაპარი, რომელსაც გაგრძლება აუცილებლად, ექნება ნიკოლოზ წულუკიძისაა, ბრენდინგის სასაჩუქრე შეფუთვა და კომუნიკაციის ნაწილის ხასიათი კი ერთად შევქმენით მე და ელენემ. ზუსტად ისეთი ხასიათი, ჩავდეთ, როგორც ჩვენ ვხედავდით „იუკუს“. მგონი, მომხმარებელმაც სწორად აღიქვა და ზუსტად გაიგო, რისი თქმაც გვსურდა.
M: როგორი იყო მომხმარებლების გამოხმაურება?
ელენე: მოხმარებელმა ძალიან სწრაფად აიტაცა. მათგან ყოველთვის ვგრძნობთ დადებით დამოკიდებულებას. ხშირად უთქვამთ, რომ მოლოდინს გადავაჭარბეთ და ეს ძალიან დიდი ბედნიერება და მოტივაციაა ჩვენთვის. ამ საქმეში მთელ სულსა და გულს ვდებთ. გვჯერა, რომ მომავალი თაობა იმსახურებს ჯანსაღ ურთიერთობებსა და გარემოს, სადაც ყველაფერი ლამაზი და ზღაპრულია. ამიტომაც აქვს „იუკუს“ ჯადოსნური სული და სადაც მიდის, ყველგან ბედნიერება მიაქვს.
M: რაზე მიუთითებს სახელი „იუკუ“?
ელენე: ჩემი შვილები იუკურიძეები არიან და უფრო აქედან წამოვიდა სახელი. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ იაპონურად „იუკუ“ წარმატებას ნიშნავს.
მარიამი: მგონი, ამან კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა „იუკუ“. ის ადამიანებს ეუბნება, რომ წარმატება ბედნიერებაშია. ბედნიერება კიდევ, სულ აქვე, ჩვენ გვერდითაა. მთავარია, შეგრძნობა შეგვეძლოს. შვილები კი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან, ვისთვისაც ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო და ჯადოსნური გვემეტება.

M: მსგავსი ბრენდებისგან რით გამოირჩევით?
ელენე: ვფიქრობ, ხარისხი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ქსოვილი თავად ჩამოგვაქვს და 100% ბუნებრივი მასალისგან იქმნება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ბრენდს მომხმარებელთან სწორი და საინტერესო კომუნიკაცია აქვს. ზღაპრით დაწყებული, ინდივიდუალური ბარათებით დასრულებული. ზღაპარი ხომ, თავისთავად, რაღაც ჯადოსნურს ნიშნავს. ეს „ბუნება“ კი, ყველასგან გამოგვარჩევს. ფოტოების გადაღების დროსაც, ყოველთვის ვცდილობთ ამას გავუსვათ ხაზი. შედეგს, რა თქმა უნდა, მომხმარებელი უკეთ შეაფასებს.
M: რა ეტაპზე ხართ ახლა და როგორია სამომავლო გეგმები?
მარიამი: ჯერჯერობით, ძალიან ცოტა ხანია, რაც ქართულ ბაზარზე ვართ. გეგმა ბევრია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი – ექსპორტზე გასვლაა. ამისთვის დიდი და რთული გზა გველოდება, მაგრამ ვიცით, რომ შრომას მოაქვს სიკეთეც და „აღიარებაც“. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს განვითარების კუთხით საქართველოში – მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას ვაპირებთ მომხმარებლისთვის: ვმუშაობთ ე.წ. დისნეის ქართულ კონცეპტზე: წარმოგიდგენთ ქართველი „პერსონაჟის“ შოურუმს, სადაც ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ბავშვმა თავი ჯადოსნურ სამყაროში იგრძნოს. ამჟამად, დაწყებულია „იუკუს“ თოჯინისთვის ესკიზების კეთება და ველოდებით ახალ ზღაპარს, რომელსაც ძალიან ცნობილი ქართველი მწერალი წერს – „იუკუს“ მეგობრებისთვის.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











