კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალს წელს ახალი კატეგორია დაემატა: იუმორი. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ამ კატეგორიაში შემავალი ნამუშევრები გონივრულობასა და სატირას უნდა მოიცავდეს, რათა სახალისო, დასამახსოვრებელი და სიცილის გამომწვევი კავშირები შექმნას აუდიტორიასთან.
მონაცემები აჩვენებს, რომ იუმორის კატეგორიის დამატებას ბევრი მიზეზი უძღოდა წინ. სიურპრიზსა და სიახლეზე მეტად, ეს მიმდინარე ტენდენციების ლოგიკური გაგრძელება იყო. მარკეტინგისა და ინოვაციების საკონსულტაციო კომპანია Spikes-ის კვლევის მიხედვით, თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული რეკლამების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ იუმორია.
„ყველა დროის ფავორიტ რეკლამებს გრძელვადიანი გავლენა აქვს არა კვირების ან თვეების, არამედ ათწლეულების განმავლობაში. უმეტესობა მათგანში კი იუმორი გაცილებით დიდ როლს ასრულებს, ვიდრე დანარჩენი სხვა“, — განმარტავს გორდონ ეუხლერი, Spikes-ის თანადამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იუმორის გამოყენების დონემ იკლო, კვლევების მიხედვით, ახლა ის ბრუნდება. „კომედიის ელემენტები ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ხალხს თქვენი ბრენდი მოეწონოს. ინდუსტრიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანები ამ ასპექტის გაფართოებისკენ ისწრაფვიან“, — აღნიშნავს სარეკლამო სააგენტო Preacher-ის თანადამფუძნებელი, რობ ბეირდი.
მართლაც, როდესაც Spikes-მა მომხმარებლებს სთხოვა, საყვარელი რეკლამები გაეხსენებინათ, იუმორი ძირითად როლს ასრულებდა უპირატესობის მინიჭებაში. როგორც გორდონ ეუხლერი აღნიშნავს, იუმორს აქვს ძალა, შეინარჩუნოს ბრენდებსა და საზოგადოებას შორის კავშირი.