არიზონაში არსებული Large Binocular Telescope (LBT) იმ უდიდეს ტელესკოპებს მიეკუთვნება, რომლებიც მაღალი გარჩევადობითა და თანამდროვე ინსტრუმენტებით კოსმოსის სიღრმისეულად შესწავლას გვპირდება. ეს კი თვალშისაცემი იმ საოცარი სურათებით ხდება, რომელსაც შორეული გალაქტიკებიდან დაწყებული, ჩვენს მზის სისტემაში არსებულ ობიექტებამდე ასახავენ.
ამჯერად მთავარი სამიზნე იუპიტერის მთვარე იო გახდა — შემოგვთავაზეს სურათები, რომლებიც ყველაზე მაღალი გარჩევადობისაა მათ შორის, რომლებიც დედამიწაზე არსებული ტელესკოპით ოდესმე გადაუღიათ. ფოტოზე ზედაპირის მახასიათებლებიც კი გამოვლენილია, რომელთა დიამეტრი 80 კილომეტრს შეადგენს.
მიღებულ სურათებს LBT-ის ახალი SHARK-VIS ინსტრუმენტსა და ტელესკოპის ოპტიკურ სისტემას უნდა ვუმადლოდეთ. აღნიშნული ინსტრუმენტის გასაღები მისი „სწრაფი გამოსახულების“ კამერაა, რომელიც ნელი მოძრაობის კადრებს იღებს და ასე ოპტიკურ დამახინჯებებს გვარიდებს თავიდან.
„მონაცემები კომპიუტერზე დავამუშავეთ, რათა წაგვეშალა სენსორის ელექტრონული კვალი, შემდგომ კი საუკეთესო ჩარჩოები ავირჩიეთ და ძალიან ეფექტურ Kraken-ის პროგრამასთან დავაკავშირეთ, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა დუგლას ჰოუპიმ და სტიუარტ ჯეფერიმ შეიმუშავეს. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, მოგვეშორებინა ატმოსფერული ეფექტები და გამოგვევლინა იო საოცარი გარჩევადობით“, — აცხადებს ჯანლუკა ლი კაუსი, მონაცემთა დამუშავების მენეჯერი.
SHARK-VIS-ის გამოსახულება იმდენად მდიდარი იყო დეტალებით, რომ მკვლევრებს საშუალება მისცა, მთვარის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი Pele აღებეჭდა. სურათზე ლაქები ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, მეზობელი ვულკანი Pillan Patera-ს ამოფრქვევის შედეგია. საინტერესოა, რომ ნასას Galileo-ს კოსმოსურმა ხომალდმა მსგავსი ამოფრქვევათა თანმიმდევრობა 1995-2003 წლებში დააფიქსირა. თუმცა აღნიშნული მაინც პირველია მათ შორის, რომელიც დედამიწიდან მსგავსი დეტალებით გადაიღეს. SHARK-VIS-ის გარეშე კი ეს წარმოუდგენელი იქნებოდა…
შეგახსენებთ, რომ იო იუპიტერის უდიდეს მთვარეებს შორისაა, რომელთაც Europa, Ganymede და Callisto შეადგენენ. მეცნიერები კი იოთი მაშინ მოიხიბლნენ, როცა ნასამ 1979 წელს Voyager 1 იუპიტერისკენ გაუშვა…
„იუპიტერის მთვარე იო წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გავიგოთ იმ ამოფრქვევების შესახებ, რომლებმაც შორეულ წარსულში დედამიწისა და მთვარის ზედაპირების ფორმირებას შეუწყო ხელი“, — აცხადებს აი კონრადი, გუნდის ხელმძღვანელი.
ამგვარი კვლევები იმის გაგებაშიც დაგვეხმარება, თუ რატომ გვხვდება ზოგიერთ პლანეტაზე ვულკანები და ზოგიერთზე, არა. ასე ვულკანურ ეგზოპლანეტებზეც კი შეგვიძლია გავიგოთ, რაც შორუელი ობიექტების გეოლოგიურ აქტივობას მოჰფენს ნათელს…