in

გაიცანით ივა ქიმერიძე – საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის, ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიის გამარჯვებული

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია საქართველოს ბანკის ინიციატივით და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, 100%-იანი დაფინანსებით ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით ისწავლონ.

სტიპენდიის ფარგლებში, ყოველწლიურად ერთი გამარჯვებული ვლინდება და საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის დაფინანსებით, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კრეატიულ სკოლაში სასწავლებლად მიემგზავრება. წელს სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ივა ქიმერიძე გახდა – ახალგაზრდა არტისტი, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, ჟანრსა და სტილს საკუთარი იდეების განსახორციელებლად იყენებს.

საკუთარი გამოცდილების შესახებ კი ის თავად გვიყვება.

ძირითადი პროფესია

როგორც ივა ამბობს, მისი ძირითადი პროფესია მსახიობობაა, თუმცა ვიზუალური ხელოვნებაც დიდ ნაწილს იკავებს მის ყოველდღიურობაში – „თითქოს ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთი მეორეს ეხმარება, ავსებს“. მისი ინტერესების სინთეზის შედეგად კი საკუთარი სამსახური გრაფიკულ დიზაინს დაუკავშირა და მუშაობა თეატრში დაიწყო, სადაც სპექტაკლებისთვის პოსტერებს ქმნის. ამ გზით, საკუთარ მთავარ პროფესიასთან – მსახიობობასთანაც არის ახლოს და ვიზუალურ ხელოვნებასთანაც.

იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობი ვარ, მუდმივად ვცდილობ, დავუკავშირდე და თუნდაც მცირედით დავეხმარო თეატრს. მეორე წელია, რაც სამეფო უბნის თეატრში ვმუშაობ, როგორც გრაფიკული დიზაინერი და თეატრისთვის პოსტერებს, ფლაერებსა და სხვადასხვა ვიზუალს ვქმნი. ვფიქრობ, რომ სპექტაკლების პოსტერების კულტურა საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება დაეთმოს ამ სფეროს, რაშიც ვცდილობ, პატარა წვლილი მეც შევიტანო”, – ივა ქიმერიძე.

ანიმაცია

მსახიობობის პარალელურად, ივას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ანიმაციასაც –ძალიან უყვარს და ხშირად ადევნებს თვალს ახალ ნამუშევრებს. საკუთარი პერსონაჟების შექმნის დროსაც, შთაგონების წყარო ხშირად სწორედ ანიმაციური გმირები არიან. როგორც აღნიშნავს, საკუთარი შინაგანი ბავშვის გამოღვიძება ხელოვანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არტისტებს ეხმარება, მათი შემოქმედება უფრო ახლოს მივიდეს სხვა ადამიანებთან.

ანიმაციაში აუცილებელია, რომ მესიჯები ნათელი და მკაფიო იყოს, მთავარი იდეა მოქმედებით უნდა გამოიხატოს. ძალიან საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იცვლებიან პერსონაჟები მოძრაობასთან ერთად და როგორ განსაზღვრავს ზოგადად რიტმი და დინამიკა მთელი ანიმაციის სტილსა და ხასიათს. მთელ ამ პროცესში ანიმაციის ავტორი ერთდროულად რეჟისორიც არის, მხატვარიც და ბევრი სხვა როლის შემსრულებელიც, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მართალია, საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც, საბოლოოდ, შენს შექმნილ კადრებს უყურებ, თუნდაც ერთი და იგივე წამი ათასჯერ გქონდეს ნანახი მუშაობის პროცესში”,- ივა ქიმერიძე.

სტიპენდია

როგორც ივა იხსენებს, მისთვის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ უშუალოდ Art Direction-ის გამოცდილება არასდროს ჰქონია. საბოლოოდ, ის უნარები და ცოდნა, რაც მას ვიზუალურ ხელოვნებაში ჰქონდა დაგროვილი, საკმარისი აღმოჩნდა,რომ სტიპენდია მოეპოვებინა.

ახლა ივა Miami Ad School Euorope-ში ორწლიან სასწავლო პროგრამაზე გასამგზავრებლად ემზადება.

ამ სტიპენდიის შესახებ 3 წლის წინ გავიგე, თუმცა ამ დროის განმავლობაში, სერიოზულად არ მიფიქრია, რომ შესაძლებელი იყო ჩემი უნარები და ინტერესები ერთ მიმართულებაში გამეერთიანებინა. მეგონა, Art Direction შორს იყო ჩემგან, თუმცა დედლაინამდე 2 კვირით ადრე მაინც მივიღე გადაწყვეტილება და ნაჩქარევად შეკრული პორტფოლიო გავგზავნე. ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა, როდესაც საბოლოო შედეგი შემატყობინეს, სიხარულისგან დიდხანს ვერ მოვდიოდი აზრზე”, – იხსებს ივა.

პორტფოლიო

ივას პორტფოლიო, რომლის დამსახურებითაც Miami Ad School Europe-ის სტიპენდიის მოპოვება შეძლო, საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა თეატრისა, მუშაობდა კომპანია Ray 11-ში, სადაც ქართული მითოლოგიური გმირების მარველის სტილში გარდაქმნაში მონაწილეობდა. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან საინტერესო იყო მთელი ეს პროცესი – კვლევები და ოქროს შუალედის პოვნა მითოლოგიასა და თანამედროვეობას შორის. ამ პერსონაჟებზე დაყრდნობით, მოგვიანებით კომიქსიც შეიქმნა. გარდა შეკვეთებისა, თავისუფალ დროს, ის ხშირად ქმნის სხვადასხვა პერსონაჟსა თუ ანიმაციებს საკუთარი, პირადი პროექტებისთვისაც.

ხშირად წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული, თუ რა შედეგის მიღება მინდა. ხდება ისეც, რომ რაღაცის დახატვას ვიწყებ, მაგრამ საბოლოოდ, ნამუშევარი სახეს იცვლის და სულ სხვა რამ გამოდის. ხშირად მიჭირს სტილის არჩევაც, რადგან ერთდროულად ბევრი რამ მომწონს და ერთ კონკრეტულზე ჩამოყალიბება რთულია. როგორც წესი, საბოლოო შედეგამდე ხატვის პროცესში ბუნებრივად მივდივარ”, – ივა ქიმერიძე.

მუშაობის პროცესი

როგორც ივა აღნიშნავს, ერთბაშად არასდროს მოსდის იდეები, ბევრი მათგანი თავში ნელ-ნელა იხარშება და საბოლოოდ, როდესაც ერთ კონკრეტულ იდეამდე ჩამოყალიბდება, შემდეგ ეძებს შესაფერის მედიუმს, თავისი სათქმელის გადმოსაცემად. ივასთვის ხელოვნების ყველა მიმდინარეობა, იქნება ეს მსახიობობა, ხატვა თუ რაიმე სხვა, თანაბრად მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

,,ყველა შემოქმედებითი სფერო ერთმანეთს აძლიერებს და ავსებს. აქამდე მუდმივად მქონდა იმის შეგრძნება, თითქოს ცოტ-ცოტას ყველაფერს ვაკეთებ, თუმცა ამას მნიშვნელოვანი შედეგი ნაკლებად მოჰქონდა. ამ გამარჯვებამ სწორედ ის მასწავლა, რომ ტყუილად არაფერი ხდება. მთავარია, ინტერესი გქონდეს და მუდმივად ეცადო ამ ინტერესების დაკმაყოფილებას. თუ ამას შეძლებ, ეს გზა აუცილებლად მიგიყვანს საინტერესო შედეგამდე. ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა ინტერესი ერთმანეთს აძლიერებს – ერთ რაღაცაში რომ პატარა ნაბიჯს გადადგამ, ის ნაბიჯი შემდეგ გეხმარება, რომ სხვა სფეროშიც წაიწიო წინ და განვითარდე”, – ამბობს ივა.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებულის შესახებ იხილეთ ვიდეო.

 
საქართველოს ბანკის CSR პროექტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

[პარტნიორის კონტენტი]

Microsoft-ის რეკლამაში AI სუპერ ძალებს გვაძლევს

Google-ის დიზაინერები Pixel-ის 6 გამორჩეულ ელემენტს გვაცნობენ