ბათუმში განსატვირთად ბევრი სივრცე გვეგულება და „ივერია ბიჩი“ ერთ-ერთი გამორჩეულია მათ შორის. 2013 წლიდან მოყოლებული, ეს სანაპირო ზღვის პირას ჩასული ადამიანებისთვის იმ ადგილად იქცა, სადაც დროის შეჩერება და ყოველდღიურობისგან გაქცევა ყველაზე მარტივია. ბრენდის ვიზუალური მხარე, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, თითქმის ათი წლის მანძილზე განსაზღვრავდა მის ხასიათს. ამ წლებში ბევრი რამ შეიცვალა – სტუმრების მოლოდინებიც გაიზარდა და თავად სივრცემაც სულ სხვა მასშტაბი მიიღო. სწორედ ამიტომ, გუნდმა გადაწყვიტა, ბრენდისთვის ახალი ენერგია და უფრო თამამი, თანამედროვე იერსახე მიეცა. ახალი ვიზუალური ენა რეტრო ესთეტიკასა და მზის თბილ განწყობას აერთიანებს. ის ყველგან ცოცხლდება – ინტერიერშიც, მენიუშიც, პერსონალის ფორმებსა და აქსესუარებზეც. როგორ გარდაიქმნა ყველასთვის ნაცნობი სანაპირო დამოუკიდებელ lifestyle ბრენდად და რა დეტალებმა განსაზღვრა ახალი იდენტობა – ამ ტრანსფორმაციაზე „ივერია ბიჩის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნიკოლოზ არაბიძე და არტ-დირექტორი დავით კუპატაძე გვესაუბრებიან.

M: პირველ რიგში, რომ მიმოვიხილოთ – როგორ ჩამოყალიბდა Iveria Beach ბოლო ათწლეულში იმ ადგილად, როგორადაც მას დღეს ყველა იცნობს?
ნიკოლოზ არაბიძე: „ივერია ბიჩი“ 2013 წლის 2 ივლისს გაიხსნა და მას შემდეგ ბათუმის ზაფხულის განუყოფელ ნაწილად იქცა. წლების განმავლობაში ის ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც ადამიანები ყოველდღიურობისგან დასასვენებლად, მეგობრების შესახვედრად, კარგი მუსიკის, ხარისხიანი გასტრონომიისა და იმ განსაკუთრებული ზღვისპირა ატმოსფეროსთვის მოდიან, რომელიც მხოლოდ აქ იგრძნობა. ბრენდისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო 2016 წელი, როდესაც ახალი ვიზუალური იდენტობა მივიღეთ. სწორედ ამ იერმა განსაზღვრა ბრენდის სახე მომდევნო ათი წლის განმავლობაში, დაგვეხმარა საკუთარი ხასიათის გამოკვეთასა და ერთგული სტუმრების დიდი საზოგადოების შემოკრებაში.

M: რა ეტაპზე დადგა ბრენდის განახლების საჭიროება და რა არის ის მთავარი განცდა, რომელიც სიახლეების მიუხედავად, სტუმრისთვის უცვლელი უნდა დარჩენილიყო?
ნიკოლოზ არაბიძე: 2016 წლის იდენტობა მართლაც წარმატებით ემსახურებოდა ბრენდს, თუმცა ამ დროის განმავლობაში „ივერია ბიჩი“ მნიშვნელოვნად განვითარდა – გაფართოვდა მომსახურების სფერო, გაიზარდა სტუმრების მოლოდინები და თავად ბრენდმაც უფრო მკაფიო ხასიათი შეიძინა. 10-წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ მივხვდით, რომ ვიზუალური ენის განახლების დრო დადგა. თუმცა, ეს არ ყოფილა რადიკალური ცვლილება ან წარსულის უარყოფა. პირიქით, ჩვენი მიზანი იყო იმ ღირებულებების თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომლებმაც ეს ბრენდი შექმნა.
მთავარი, რაც სტუმარმა აქ მოსვლისას უნდა იგრძნოს, ყოველდღიურობისგან მოწყვეტა და საკუთარ თავთან, ზაფხულთან და სრულ განტვირთვასთან მიახლოებაა. სწორედ ამ იდეას აერთიანებს ჩვენი მთავარი დაპირება – Indulgence & Relaxation. ახალი ბრენდინგის მიზანიც ამ გამოცდილების უფრო მკაფიოდ გადმოცემაა, რაც ახლა არა მხოლოდ მომსახურებაში, არამედ ბრენდის თითოეულ დეტალში იგრძნობა – ვიზუალურ იდენტობაში, ფერებში, კომუნიკაციის ტონსა თუ სტუმრის თითოეულ შეხების წერტილში. ჩვენთვის ბრენდინგი მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. ის ქმნის იმ ემოციურ გამოცდილებას, რომელიც სტუმარს მოსვლისთანავე აგრძნობინებს, რომ აქ ყველაფერია იმისთვის, რათა დრო შეანელოს და ზაფხულით სრულად ისიამოვნოს.
M: როგორია განახლებული ბრენდის ხასიათი და სტრატეგია?
ნიკოლოზ არაბიძე: განახლებული „ივერია ბიჩი“ არის თავდაჯერებული, თბილი და ძალიან ხასიათიანი ბრენდი. მისი ვიზუალური ენა აერთიანებს რეტრო ესთეტიკის თანამედროვე ინტერპრეტაციას – ის ერთდროულად თავისუფალია, ენერგიული და დახვეწილი, რაც ზუსტად ასახავს ჩვენს ატმოსფეროს. სტრატეგიულად კი გვსურს, რომ „ივერია ბიჩი“ აღიქმებოდეს როგორც ძლიერი lifestyle ბრენდი, რომელსაც საკუთარი კულტურა, ესთეტიკა და გამორჩეული გამოცდილება აქვს.
M: დავით, საინტერესოა, რომელი დაკვირვება თუ დეტალი გახდა თქვენთვის, როგორც არტ-დირექტორისთვის, ახალი ბრენდინგის ამოსავალი წერტილი?
დავით კუპატაძე: მთავარი ამოსავალი წერტილი მზე და მზის სიყვარული აღმოჩნდა. ძველ ვიზუალურ იდენტობასა და სიმბოლოშიც სწორედ ეს ხაზი იკვეთებოდა. ჩვენი ამოცანა იყო მარტივი – შეგვექმნა სიმბოლოების ისეთი ერთობლიობა, რომელიც ყოველდღიურ გამოყენებაში იქნებოდა დასამახსოვრებელი, შეხებადი და ბრენდის ბუნებასთან ორგანულად დაკავშირებული.

M: ნიკოლოზ, თქვენი გადმოსახედიდან, რა აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზუალური ენის ძიებისას და როგორ აისახა მასში სივრცის ყოველდღიურობა?
ნიკოლოზ არაბიძე: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ისეთი ვიზუალური სისტემის შექმნა, რომელიც ბრენდის ხასიათს სრულად გამოხატავდა და სხვადასხვა ფორმატში თანაბრად ეფექტურად იმუშავებდა. ლოგო, ფერთა სისტემა, ტიპოგრაფია და გრაფიკული ელემენტები ერთ მთლიან ენად გაერთიანდა. ამ იდენტობის მთავარი შთაგონება კი თავად „ივერია ბიჩის“ ყოველდღიური ცხოვრება გახდა: ზღვა, მზის შუქი, ზოლიანი ქოლგები, ქვიანი სანაპირო, ზაფხულის ფერები და ის მშვიდი ენერგია, რაც აქაურობას ახასიათებს. ფერებშიც სწორედ ეს განწყობა გადმოვიტანეთ – მზით განათებული თბილი ტონები, ბუნებრივი მწვანე, ღრმა ლურჯი და მზის ჩასვლის ფერები, რაც ერთდროულად სიმშვიდესა და სიცოცხლის ენერგიას გამოხატავს.
M: როგორ ცოცხლდება ეს ახალი იდენტობა უშუალოდ რეალურ გარემოში და როგორია დღეს „ივერია ბიჩი“, როგორც ბრენდი?
ნიკოლოზ არაბიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ცვლილება მხოლოდ ლოგოთი არ შემოფარგლულიყო. დღეს ეს ახალი იდენტობა ცოცხლობს ყველგან: ფიზიკურ სივრცეში, პერსონალის ფორმებში, პირსახოცებზე, შეფუთვაში, მენიუში, სოციალურ ქსელებსა თუ საკომუნიკაციო მასალებში. როდესაც ყველა ეს შეხების წერტილი ერთიან ენაზე საუბრობს, ბრენდი ბევრად უფრო ძლიერი, ამოსაცნობი და ემოციური ხდება.
დღეს „ივერია ბიჩი“ არის ბრენდი, რომელიც უკვე 13-წლიანი ისტორიით აგრძელებს განვითარებას და მუდმივად ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს თავის სტუმრებთან. ეს განახლება ჩვენი ისტორიის ახალი, უფრო თანამედროვე, გამბედავი და მოქნილი ეტაპია, თუმცა იმავე ფასეულობებით, რომლებმაც ეს ადგილი ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ზაფხულის სივრცედ აქცია.














