თუ მცხეთის ქუჩის მეორე შესახვევში, ერთ-ერთ კერძო სახლში შევიჭყიტებით, თვალწინ გადაგვეშლება დიდი ეზო, შევხვდებით ძალიან ბევრ კატას, საღებავებს, ძველ ნივთებსა და ორ მეგობარს – ნინო ქართველიშვილსა და მაშკა დავლიანიძეს. ეს ადამიანები, თითქმის ერთი წელია, ვინტაჟურ აქსესუარებსა და ავეჯს ამზადებენ სტარტაპისთვის – Ivy Design – აივი დიზაინი. მარკეტერი ესაუბრა მაშკა დავლიანიძეს და აღმოჩნდა, რომ სახელი Ivy Design მან მოიფიქრა, რადგან მაშკასთვის, ხელოვნებაში ყველაზე საყვარელი პერიოდი მოდერნია, აივი კი ამ პერიოდის სიმბოლოა. მეგობრები, ძირითადად, ხეზე მუშაობენ და შესაბამისად, სპეციალურ საღებავებს იყენებენ იმისთვის, რომ Ivy Design-ის პროდუქცია იყოს ისეთი, როგორიც არის.
M: მაშკა, გაგვეცანით, როგორ დაიწყო Ivy Design-ის ამბავი?
„აივი დიზაინის“ შექმნამდე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა, მთელი ცხოვრებაა, რაღაცას ვაკეთებ: ნაქსოვი ტანსაცმელი, აქსესუარები, გრაფიკა და ა.შ. ნინო ქართველიშვილსაც ჰქონდა რაღაც გამოცდილება, საახალწლო საჩუქრებს აკეთებდა ადრე. იდეა, რომ შეგვექმნა ჩვენი სტარტაპი დაიბადა ნინოს სამზარეულოში, როდესაც გადავწყვიტეთ პატარა ზარდახშების გაკეთება. ძალიან მალე გავიტანეთ ჩვენი ზარდახშები და ხელსაწმენდის ჩასადებები „ფლი მარკეტზე“, შარშან, შობას. დიდი მოწონება დავიმსახურეთ, ბევრი შეკვეთაც მივიღეთ და ამის შემდეგ გავბედეთ და დავიწყეთ ავეჯზე მუშაობაც.
M: შეკვეთებს როგორ იღებთ და რა დრო გჭირდებათ დასამზადებლად?
ძირითადად, „ფეისბუკის“ მეშვეობით, მაგრამ ბევრი ტელეფონითაც გვიკავშირდება. ჩვენ საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. მაგალითად, სასადილო მაგიდისთვის გვჭირდება, დაახლოებით, 10 დღე, ბუფეტისთვის – 20 დღე.
M: შეკვეთის პროცესი როგორ მიმდინარეობს, როგორ თანხმდებით, რა უნდა კლიენტს?
როდესაც ჩვენ კლიენტს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, ვანახოთ ის ნიმუშები, რაც სპეციალურად ასეთი სიტუაციებისთვის გვაქვს შექმნილი და შემდეგ დიდხანს ველაპარაკებით იმისთვის, რომ უფრო კარგად მივხვდეთ, როგორი ტიპაჟია, რა მოსწონს. მე სულ ყოველთვის ვგრძნობ, რა მოეწონება ამა თუ იმ ადამიანს.
M: „ფლი მარკეტის“ გარდა, სხვაგან თუ გქონიათ გამოფენა?
პირველი დიდი გამოფენა გვქონდა 2016 წელს, „ექსპო ჯორჯიაში“, რეწვისა და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტზე, სადაც სტენდის მოწყობაში, პირველი ადგილი მოგვანიჭეს.
M: რას გვთავაზობს Ivy Design მომხმარებელს?
მომსახურების მხრივ, ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ყველანაირი ძველი ავეჯის გადაკეთებას ისე, როგორც მათ მოეწონებათ, ასევე ჩვენი დიზაინით შექმნილ ავეჯსა და სახლის აქსესუარებს.