in

„იყო ერთი გოგო“- როგორ შეიქმნა თანამედროვე ქართული ზღაპრები და ილუსტრაციები ისტორიული ქალების შესახებ

იყო ერთი გოგო“ 12 თანამედროვე ქართველი მწერლის მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულია, რომელშიც თავმოყრილია ამბები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. წიგნში შესული 21 ნაწარმოები მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობაზე, სამართლიანობასა და ბრძოლისუნარიანობაზე გვიყვება.


როცა ვსაუბრობთ ზღაპრებზე, აუცილებელია აღვნიშნოთ ის, თუ რა როლს თამაშობს ეს ლიტერატურული ჟანრი საკუთარ სეგმენტში – ბავშვებში სამყაროს შესახებ წარმოდგენების, კონსტრუქტების ფორმირებაში. ეს არის პირველადი და წარუშლელი ცოდნა სიკეთისა და ბოროტების, სამართლიანობისა და უსამართლობის, ამასთან კი, გენდერული როლების შესახებ, რომლებიც უმეტესწილად, როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო საბავშვო ლიტერატურაში, სტერეოტიპიზებულადაა წარმოდგენილი.

„იყო ერთი გოგო“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით გამოიცა, კრებულის ფარგლებში დაგეგმილი კამპანიისა და ვიდეორგოლების სერიის შესრულება კი სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi-ს ეკუთვნის. ზღაპრების მთავარი პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და ა.შ. ზღაპრების ავტორები კი არიან ალექს ჩიღვინაძე, დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკატერინე ტოგონიძე, თეა თოფურია, თეონა დოლენჯაშვილი, მაია სარიშვილი, მაკა ლდოკონენი, ნესტან ნენე კვინიკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ტორესა მოსი და პაატა შამუგია.

კრებული დასურათებულია სპეციალურად წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციებით, რომელიც რამდენიმე ქართველმა არტისტმა, უსასყიდლოდ შექმნა. ზღაპრების ანიმირებულ ილუსტრაციებთან ერთად, წარმოგიდგენთ პროექტის მენეჯერ და „მაკენ თბილისის“ Senior Copywriter – ირა ჭელიძესთან ინტერვიუს, რომლის საშუალებითაც მოგიყვებით „იყო ერთი გოგოს“ კრებულის მიზნებსა და კამპანიასთან დაკავშირებულ დეტალებზე:

M: როგორ გაჩნდა კრებულის შექმნის იდეა და როგორ ჩაერთო პროექტში McCann Tbilisi?
კრებულის იდეა გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაჩნდა, იდეის ავტორი გვანცა ასათიანია. შეხვედრისას, გვანცამ კრებულის გამოცემის იდეა და თანამედროვე მწერლების დაწერილი ზღაპრები გაგვაცნო. ჩვენ იმდენად გავიმსჭვალეთ ამ იდეით, იმდენად დაემთხვა მაკენის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ღირებულებები ერთმანეთს, რომ იმ წუთასვე გადავწყვიტეთ პროექტში ჩართვა. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გვქონდა, HeForShe-ს გლობალური კამპანიის ფარგლებში, რომელმაც ტოკიოს ფესტივალზე გამარჯვებაც მოგვიტანა.

M: როგორ იქცა „იყო ერთი გოგოს“ იდეა ხელშესახებ პროდუქტად?
თავდაპირველად, ქართველ ილუსტრატორებს დავუკავშირდით, მათ კი სრულიად უსასყიდლო ითანამშრომლეს ჩვენთან. შევკრიბეთ ყველა ზღაპრის ილუსტრაცია და ჩვენი არტ დირექტორის, ნათია კვარაცხელიას თაოსნობით ეს  მოთხრობები და ილუსტრაციები წიგნად შეიკრა. ჩვენ შევქმენით ილუსტრაციების გიფები, გადავიღეთ ვიდეორგოლები და მონაწილეობა მივიღეთ გამოფენის ორგანიზებაში. წელს კი, როგორც ხედავთ, წიგნიც გამოიცა. პროექტის სულისჩამდგემელების – გვანცა ასათიანისა და ნინო ნატროშვილის თანადგომისა და ფასდაუდებელი შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის შემჭირდოვებული ვადებიც, რომლებშიც ამ პროექტის შესრულება შევძელით. ეს მხოლოდ პროფესიონალთა გუნდის და იმ დიდი მუხტის დამსახურებაა, რომელიც თავად ამ იდეას ჰქონდა.

M: რა არის პროექტის მთავარი მიზანი McCann Tbilisi-ს ხედვით?
ეს არის მცდელობა გამოვიდეთ როლური სტერეოტიპებიდან, სადაც გოგონები არიან პასიურები და „პრინცის მომლოდინეები“. რეალური ქართველი ისტორიული ფიგურების მაგალითზე, ამ ზღაპრებიდან ვგებულობთ, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს სასურველს, აიხდინოს ყველაზე თამამი ოცნება და ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს წვლილი. ეს გრძელვადიანი, მომავალ შედეგებზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც ასე აკლია ჩვენს სივრცეს.

M: კონკრეტულად, რა კომპონენტებს მოიცავს „იყო ერთი გოგოს“ ფარგლებში დაგეგმილი კამპანია? 
პროექტი წიგნის გარდა შეიცავს – ვიდეორგოლებს, სადაც ბავშვები თავად ამსხვრევენ სტერეოტიპებს, კამპანიას სოც ქსელებში, რომელსაც სულ მალე იხილავთ. ეს იქნება გაცოცხლებული ილუსტრაციები და მათთან ერთად ნაჩვენები რეალური ადამიანების პროტოტიპები, ზღაპრებს მიღმა.

M: რაც შეეხება ილუსტრაციების ავტორებს..
ილუსტრაციები თანამედროვე ქართველმა ილუსტრატორებმა უსასყიდლოდ შექმნეს მაკენის დაკვეთით. პროექტის დაწყებისთანავე იდეა რამდენიმე ილუსტრატორს გავუზიარეთ, რომლებისთისაც აღნიშნული საკითხი ძალიან ღირებული აღმოჩნდა. მათ აიტაცეს ეს იდეა და შესანიშნავი ნამუშევრები მოგვაწოდეს და ეს ილუსტრატორები არიან: ნინო ჯიჯავაძე, ზურა მჭედლიშვილი, დავით მჭედლიშვილი, ნათია კვარაცხელია, სონეჩკა ელიაშვილი, ლეი გრიგოლია, ირაკლი ტოკლიკაშვილი, სოფო კირთაძე, თაკო ბაქრაძე, მაკა ჯიშკარიანი, მიშა ბერძენიშვილი, რუსლან ბერიძე და ხატია ჩიტორელიძე.

Client: UN Women

Agency: McCann Tbilisi

Account Manager: Tamuna Chikvaidze

Project Manager: Ira Chelidze

Art Directors: Natia Kvaratskhelia, Maka Jishkariani

Graphic Designers: Misha Berdzenishvili, Yana Kryl

Copywriter: Ana Nikoladze

Producer: Maka Neidze

Director: Niko Jankarashvili

DoP: David Sephiashvili

Set Designer: Neiko Neidze

Sound Editor: Kakha Chalelishvili

Motion Graphics: Richard Mkhitarian

თქვენ სად უყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს? – “დელუქს დეველოპმენტის” ვიდეორგოლი

90-იანების ტექნოლოგიური რეტროსპექცია: „ბანანის ნოკია“ კვლავ მსოფლიო ბაზარზეა