22
Apr
2019

ბიჭი, რომელმაც 21 ქვეყანა სკუტერით მოიარა – ჯაბა ჩარგაზიას თავგადასავალი

22 Apr 2019

რამდენიმე თვის წინ კარიერას მოწყდა და მოგზაურობა დაიწყო, თანაც – სკუტერით. არც მეტი, არც ნაკლები ძალიან პატარა დროში ევროპის 21 ქვეყანა გამოიარა და 15 000 კმ დაფარა. ბევრი რამის ნახვასთან ერთად ბევრიც შეიგრძნო და საქართველოში დაბრუნდა. ბიჭი, ვისზეც გიყვებით, ჯაბა ჩარგაზიაა, რომელმაც დიდი ხნის ოცნება, ემოგზაურა სკუტერით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ აისრულა..

M: რამდენ ქვეყანაში იყავით და საიდან გაჩნდა იდეა, მოგევლოთ ეს ქვეყნები?

ევროპაში სკუტერით მოგზაურობის იდეა გამიჩნდა 2018 წლის მიწურულს, რადგან მეც, როგორც ბევრ ადამიანს, მსურდა მოგზაურობა – სხვადასხვა ქვეყნის მონახულება, ქალაქებისა და მათი ღირშესანიშნაობების დათვალიერება, გამეგო, თუ როგორია რეალურად ევროპა, როგორი ცხოვრების სტილი გააჩნიათ ევროპელებს და ა.შ. მე გასულ წლებშიც ვიყავი საზღვარგარეთ წასული სამსახურეობრივი მივლინებით (არაბთა გაერთიანებული საემიროები, ავსტრია) ან პირადი ხარჯებით (თურქეთი, უკრაინა) და ჩამოთვლილ ქვეყნებში ვიზიტებმა უფრო და უფრო გამიმძაფრა სურვილი მენახა, რაც შეიძლება მეტი. სწორედ ამიტომ, დავიწყე ინფორმაციის მოძიება, როგორ შეიძლებოდა მემოგზაურა ეკონომიურად და თან ისე, რომ ეს არ ყოფილიყო დროში გაწელილი. სკუტერი კი ზუსტად მიესადაგებოდა მოგზაურობის ამ კონკრეტულ იდეას. მარშუტის რუკაზე გავლება ყველაზე მარტივი იყო ჩემთვის – ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილიდან სამხრეთ ნაწილის გავლით წავსულიყავი ევროპის უკიდურეს დასავლეთ წერტილში ლისაბონში (პორტუგალია), და უკან დავბრუნებულიყავი ჩრდილოეთ ნაწილის გავლით – რათა მენახა, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა და არ გამევლო ერთი და იგივე გზა. საბოლოო ჯამში, მე გავიარე ევროპის 21 ქვეყანა საქართველოს ჩათვლით და დავფარე 15000 კმ მანძილი.

M: რა წინაღობებს გადააწყდით მოგზაურობისას?

იქიდან გამომდინარე, რომ მოგზაურობა დავიწყე ამა წლის 10 თებერვალს, ფაქტობრივად, ზამთრის პერიოდში, კლიმატური პირობები იყო ის ერთადერთი წინაღობა, რაც ხელს მიშლიდა. მე ვიცოდი, რომ გზაში შემხვდებოდა, წვიმა, თოვლი, ქარი, ნისლი – თუმცა, ჩემი თავის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვიცოდი, რომ ამ წინაღობებს გადავლახავდი – გამიჭირდებოდა, თუმცა, აუცილებლად გადავლახავდი.

M: ზოგადად, მოგზაურობა ისაა, რაც ბევრ რამეს ახვედრებს და გადააფასებინებს ადამიანს, თქვენს შემთხვევაში თუ მოხდა ამგვარი რამ?

2015 წელს დილარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, დენზელ ვაშინგტონმა თქვა – „გქონდეთ ოცნებები, მაგრამ გქონდეთ მიზნებიც; რადგან მიზნების გარეშე ოცნება ოცნებადვე დარჩება.“ ჩემი მოგზაურობის შთაგონების წყაროდ ზუსტად ეს ფრაზა იქცა – მქონდა ოცნება და დავიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ მიზნისკენ სვლა – ვკითხულობდი ინფორმაციას მოტო-მოგზაურებზე, საჭირო დოკუმენტაციებზე, გავწერე პროგრამა, მოვიძიე სპონსორები – betlive.com და ჩემი ოცნება რეალობად ვაქციე. იმის თქმა მსურს, რომ ამ მოგზაურობამ დამანახა რომ, თუ რამე გვსურს – მონდომების და კარგი ორგანიზების შემთხვევაში ყველა სურვილი ახდება.

M: როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს თქვენს მოგზაურობას?

ჩემთვის ჩემს მოგზაურობს ერთდროულად გააჩნდა რამდენიმე დატვირთვა – პირველ რიგში ის, რომ მენახა ევროპის ესა თუ იქ ქვეყანა, ქალაქი, ღირშესანიშნავი ადგილი. მენახა მათი ცხოვრების სტილი, განვითარებულობა და შემედარებინა საქართველოსთან – რამდენად შორს ვართ ევროპისგან ან პირიქით – ჩვენ რაში ვუსწრებთ ევროპას.

მეორე რიგში, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მსურდა, გამეკეთებინა რაიმე განსაკუთრებული, რითაც ჩემი ოჯახი და ნათესავები იამაყებდნენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკუტერით მოგზაურობა ნამდვილად არ არის რთული და შეუსრულებელი მისია; მაგრამ, დამეთანხმებით, ადვილი, რომ ყოფილიყო, ყოველი მეორე ადამიანი განახორციელებდა მსგავსი ტიპის მოგზაურობას.

და ბოლო და მთავარი – მინდოდა, გამომეცადა საკუთარი თავის შესაძლებლობები, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური კუთხით. ჩამეყენებინა ჩემი თავი სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში და ვკითხე ჩემს თავს – თუ მაქვს ესა თუ ის უნარი, რომ დავისახო მიზანი და სისრულეში მოვიყვანო იგი. მოგზაურობის დაგეგმვის დროს მე ჯერ კიდევ არ მქონდა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალების მართვის პრაქტიკა, მაგრამ იანვრის შუა რიცხვებში  დავიწყე მოტო გაკვეთილებზე სიარული, 5 დღეში წარმატებით ავიღე შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, მომდევნო 10 დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში დავდიოდი სკუტერით, რომ გამომემუშავებინა ის უნარები, რაც საჭირო იყო ასეთი ტიპის მოგზაურობისთვის შორ მანძილზე და 10 თებერვალს უკვე გავუდექი ევროპის გზას..

M: რა შეიცვალა თქვენში/თქვენს ცხოვრებაში?

ჩემში შეიცვალა ის, რომ ამიმაღლდა თვითრწმენა და უფრო თავდაჯერებული გავხდი. ამასთანავე მივხვდი, რომ ნებისმიერ ადამიანში არის ყველა ის საჭირო უნარი, რაც ამა თუ იმ სიტუაციაში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მთავარია, მოვინდომოთ, კარგად მოძებნოთ ის თვისებები, რაც გვგონია რომ გვაკლია ან დედა-ბუნებისგან არ გავაქვს მონიჭებული და ვიმუშაოთ მასზე. რეალურად, ყველაფერი გონებიდან მოდის და, სამწუხაროდ, ჩვენვე ვუწესებთ გარკვეულ ლიმიტებს ჩვენს თავს, რომ რაღაცა არ შეგვიძლია; პირიქით, შეგვიძლია ყველაფერი, უბრალოდ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტი.

ხოლო რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს –  ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა ის, რომ მოგზაურობის განმავლობაში უცხოეთსა და, მეტწილად, საქართველოში გავიცანი ბევრი ადამიანი, რომელსაც თამამად შემიძლია ვუწოდო მეგობარი.

M: როგორ ფიქრობთ, რა მოგაქვთ სხვა ქვეყნებიდან თქვენს ქვეყანაში?

ჩემს ქვეყანაში მომაქვს იდეა, რომ ევროპა თავისი ევროპული არსით და მახასიათებლებით არც თუ ისე შორსაა, რამდენადაც ჩვენ აქედან გვეჩვენება. რა თქმა უნდა, ევროპაში არის ქვეყნები, რომლებსაც მენტალური ან ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით ჩამოვრჩებით, თუმცა, ბევრ ქვეყანას შეგვიძლია ტოლ-სწორადაც ველაპარაკოთ და ზოგიერთ მათგანს აღვემატებით კიდეც. ჩვენ, ქართველებს ნამდვილად შეგვიძლია ჩვენს თავს ვუწოდოთ ევროპელები და თავი მივაკუთვნოთ ევროპული ოჯახის ნაწილს.

M: რა გეგმები აქვს ჯაბას და ჯაბას ტურს, მოგვიყევით ესეც..

სამომავლო გეგმების კუთხით ორად ვარ გაყოფილი – გული მთხოვს, დავგეგმო მომდევნო მოგზაურობა, მაგრამ გონება მკარნახობს, რომ საჭიროა გადავერთო ისევ კარიერაზე და მის შემდგომ განვითარებაზე. მე 18 წლის ვიყავი, როდესაც მიმტანად დავიწყე მუშაობა და ბოლოს სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი პროტოკოლის სპეციალისტად. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოგზაურობა იყო ერთგვარი განტვირთვა და ბოლო წლების განმავლობაში დაგროვებული ენერგიის გამოთავისუფლება.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მე ორივე მიმართულებით მაქვს გადადგმული საჭირო ქმედითი ნაბიჯები და ვნახოთ რომელი მათგანი გაიმარჯვებს ამ რბოლაში..

განხილვა