დღეს ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში. რამდენი ჩვენგანის დილა იწყება არომატული, ცხელ-ცხელი ყავით? ალბათ ძალიან ბევრის. მსოფლიო მასშტაბით ყავის უამრავი მწარმოებელია და მათი გაყიდვები სულ უფრო იზრდება. ყავის სურნელი არა მარტო სახლებში ტრიალებს, არამედ ოფისებში და ყავის პატარა ჯიხურებშიც კი, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ქუჩაშიც ვისიამოვნოთ ყავის გემოთი. ამ ყველაფერმა ყავის სმის ერთგვარი კულტურა და მის მოყვარულთა კლასტერი ჩამოაყალიბა. ათასწლეულების განმავლობაში ამ სურნელოვანი სასმლის მრავალი რეცეპტი გამოვიდა, თუმცა მათ შორის გამორჩეულები ისინი არიან, ვისაც მთელი მსოფლიო იცნობს. „იაკობს მონარქის არომაგიის ძალა” – ეს ფრაზა ალბათ ბევრს გეცნობათ რეკლამებიდან. ის ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც სწორედ რჩეულთა სიაში მოხვდა.
ისტორიის დასაწყისი
Jacobs Coffee-ის ისტორია 1895 წელს დაიწყო, როდესაც იოჰან იაკობსმა 26 წლის ასაკში თავისი პირველი სასურსათო მაღაზია გახსნა. ეს იყო ყავის, ჩაის, კაკაოს, შოკოლადისა და ორცხობილების სპეციალიზებული მაღაზია გერმანიაში, ბრემენის ცენტრში. იაკობსის მიზანი იყო მხოლოდ საუკეთესო და უნაკლო საქონლის მიწოდება, რომელსაც ყოველთვის გონივრული ფასი ექნებოდა.
ყავის წარმოების შესწავლა
იოჰანმა რამდენიმე წელი დაუთმო ყავის წარმოების შესწავლას. იგი ბრემენის ერთ-ერთ სავაჭრო დაწესებულებაში საცალო გაყიდვების სპეციფიკას სწავლობდა. მას ჰქონდა კარგი გემოვნება და კარგად არჩევდა ცუდ და ვარგის ყავის მარცვლებს, ამიტომ ჯერ კიდევ შეგირდობისას დანიშნეს ყავის ნიმუშების დეგუსტატორად. ის ასევე მარცვლების გამოწვაზეც მუშაობდა.
ამ წლებში დაგროვილი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა იოჰანისთვის, რომ 1907 წელს საკუთარი საწარმო გაეხსნა. აქ ის ყავის მარცვლების მომზადებაზე მუშაობდა და ბრემენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ახალი ყავით ამარაგებდა.
ბრენდად ჩამოყალიბება
1929 წელს იოჰანის ძმისშვილი, უოლტერ იაკობსი ჩავიდა ბიძასთან ბრემენში და მის ბიზნესში ჩაერთო. მან იზრუნა ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ დროს გაჩნდა შავი და ყვითელი ფერები და სლოგანი “Jacobs Kaffee Wunderbar”. ის ძალიან კარგად ერკვეოდა მარკეტინგში და მრავალი ახალი იდეა განახორციელა გაყიდვების, დისტრიბუციისა და ბრენდინგის მიმართულებით. ამ მიდგომამ კარგად იმუშავა და Jacobs Kaffee-ზე მოთხოვნა გაიზარდა. კომპანია გაფართოვდა, მაგრამ ამას არასოდეს შეუშლია მისთვის ხელი, რომ ხარისხიანი პროდუქცია გამოეშვა.
პროდუქტის აღწერა
მაინც რაში გამოიხატებოდა „იაკობსის” ყავის ხარისხი და გემოვნური თვისებები? იოჰანმა და მისმა გუნდმა თავის საიდუმლოს მიაგნეს, რომელმაც ყავას განსაკუთრებული გემო მისცა და, რაც ყავის მოყვარულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის ამ გემოს მაქსიმალურად ინარჩუნებდა ბოლო ყლუპამდე.
Jacobs ყავის პროდუქციის ხაზი მოიცავს ყინვაში გამომშრალ, მოხალულ და დაფქულ ყავას, ყინვაში გამხმარი მიქსების მრავალფეროვნებას და ალუმინის ყავის კაფსულებს. ეს უკანასკნელი უფრო გვიან, ყავის აპარატების გამოჩენის შემდეგ დაემატა.
იოჰან იაკობსისთვის მთავარი იყო არომატი და ის პირადად მუშაობდა იმაზე, რომ მის ყველა პროდუქტს განსაკუთრებული არომატი ჰქონოდა, რაც, მისი რწმენით, იყო მთავარი გასაღები მომხმარებლის სურვილის გასაღვიძებლად.
JDE Professional
კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა JDE Professional, რომელიც სპეციალიზებულია იმ მომხმარებლების დახმარებაზე, რომლებსაც ყავის ბიზნესის წამოწყება სურთ. „იაკობი” იღებს ვალდებულებას მომხმარებელს მიაწოდოს:
- მაღალი ხარისხის ნედლეული;
- საიმედო სპეციალური აღჭურვილობის ნაკრები;
- სრული სერვისის მხარდაჭერა;
- მზა ნედლეულის მოხმარების აღრიცხვის სისტემა.
კომპანია ყავის ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს ევროპის, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ავსტრალიაში. მას აქვს საკუთარი პროდუქტის კვლევისა და განვითარების ცენტრი.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი