რაღაცები უცნაურად მეორდება ხოლმე ჩვენს გონებაში. დეჟავიუ რომ ავიღოთ, მცდარი რწმენაა იმის შესახებ, რომ წარსულში რაღაც მსგავსი გამოვცადეთ. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი მეხსიერების სისტემა ზუსტად ასე მუშაობს. ფენომენი მაშინ წარმოიშობა, როცა ტვინის ნაწილი, რომელიც მსგავსებას ადგენს, დესინქრონიზდება რეალობასთან. დეჟავიუ სიგნალია, რომელიც ამ უცნაურობის შესახებ გაფრთხილებთ. მარტივად რომ ვთქვათ, მეხსიერების სისტემისთვის ფაქტების შემოწმების პროცესს ასახავს.
თუმცა დეჟავიუს საპირისპირო ფენომენიც რომ არსებობდა იცოდით? Jamais Vu-ს სახელითაა ცნობილი. უახლესმა კვლევამ კი სწორედ ამ ფენომენის ირგვლივ არსებული მექანიზმი შეისწავლა. Jamais Vu-ს მაშინ განიცდით, როცა ნაცნობ სახეს უყურებთ და უეცრად უჩვეულო და უცნობ რამედ გესახებათ, ან როცა სულ ერთსა და იმავე გზას გადიხართ, ერთ დღესაც კი აღმოაჩენთ, რომ იქ რაღაც ახალია თქვენი თვალისთვის.
ეს გამოცდილება დეჟავიუზე იშვიათია, ადამიანები კი ხშირად ასე აღწერენ: „როცა გამოცდაზე ინგლისურად სიტყვას სწორად დავწერ, შემდეგ კი მასზე დაკვირვებას ვაგრძელებ, მგონია, რომ არასწორია…“. ამგვარად, გვეუბნებიან, რომ Jamais Vu-ს ყოველდღიურობაში რაღაცების განმეორება ან რაღაცებზე დიდხანს დაკვირვება იწვევს.
შესაბამისად, ჩატარებული ექსპერიმენტებიც მსგავსი დიზაინით ხასიათდებოდა. პირველ ცდაში 94 პირს ერთი და იმავე სიტყვის განმეორებით დაწერა სთხოვეს, ასე მოიქცნენ სულ 12 სიტყვის შემთხვევაში. შემდეგ კი მათ სიტყვა რაც შეიძლება ჩქარა უნდა გადაეწერათ ისე, რომ არ გაჩერებულიყვნენ. თუმცა დაახლოებით 70% ერთხელ მაინც გაჩერდა იმის გამო, რომ რაღაც უჩვეულო დაემართა, ის, რასაც მეცნიერები Jamais Vu-ს უწოდებენ. ეს ჩვეულებრივ 1 წუთის შემდეგ ხდებოდა, რაც 33 გამეორებას მოიცავდა და, როგორც წესი, ასე ნაცნობ სიტყვებზე ხდებოდა.
მეორე ექსპერიმენტში კი The-ის გამეორება სთხოვეს მონაწილეებს, რა დროსაც 55% შეჩერდა, ანუ 27 გამეორების შემდეგ. მიღებულ გამოცდილებას ისინი აი, ასე აღწერდნენ — „რაც უფრო მეტად აკვირდები, მით უფრო კარგავს მნიშვნელობას. თითქოს სწორი არ იყო, არც სიტყვას ჰგავდა, რაღაცამ ჩამითრია ამ ფიქრებში“.
თუმცა არ გეგონოთ, რომ რაღაც პატარა კვლევაზე გიყვებით, მეცნიერებს ამისთვის 15 წელი დასჭირდათ… არც ძალიან ახალი ამბავია, რადგან 1907 წელს ფსიქოლოგ მარგარეტ ვოშბერნს აქვს ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელშიც ერთ-ერთი სტუდენტი ასოციაციური ძალაუფლების დაკარგვაზე საუბრობს სიტყვებში, რომლებსაც 3 წუთის მანძილზე აკვირდებოდა — სიტყვები უჩვეულო გახდა, მნიშვნელობა დაკარგა და დროთა განმავლობაში ფრაგმენტირებულადაც იქცა…
ამგვარად, მეცნიერები Jamais Vu-ს სიგნალად აღწერენ, რომელიც ზედმეტად ავტომატური, მკაფიო და განმეორებადი გახდა. არარეალურობის შეგრძნებას ბადებს, რაც სინამდვილეში სწორედ რეალობის შემოწმებაა. საინტერესოა, რომ მკვლევართა ჯგუფმა ამ ნაშრომისთვის Ig Nobel-ის პრიზი მოიპოვა, აქ კი ძირითადად იმ კვლევებს ვხვდებით, რომლებიც ჯერ ღიმილს იწვევს, შემდგომ კი გვაფიქრებს. ამიტომ, იმედოვნებენ, რომ Jamais vu კიდევ მრავალი კვლევის საგანი გახდება.