in

ევროპული სამუშაო დრო საქართველოში: როგორ შეცვალა 08:00–16:00 რეჟიმმა „ჯამბოს“ გუნდის ყოველდღიურობა

თუ აქამდე სამუშაო გრაფიკის შეცვლა „რისკიან ექსპერიმენტად“ ითვლებოდა, დღეს ეს უკვე კონკურენტული უპირატესობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცვლილება არა მხოლოდ თანამშრომლების კომფორტზე, არამედ რეალურ ეფექტიანობაზეა დაფუძნებული. ამის მიუხედავად, კომპანიები ჯერ კიდევ ვერ ბედავენ უკვე დადგენილი სამუშაო დროის შეცვლას, რადგან ამას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება და მსგავსი ცვლილებებისთვის მზად ყველა არ არის.

თუმცა „ნიკორა ტრეიდის” ყავის მიმართულებამ „ჯამბო”, სწორედ ეს ნაბიჯი გადადგა – ოფისი და საწარმო ევროპულ სამუშაო რეჟიმზე, 08:00-16:00 საათებზე გადაიყვანა. შედეგად კი მიიღო: ნაკლები ქაოსი პროცესებში, მეტი სინქრონიზაცია გუნდებს შორის და თანამშრომლები, რომლებსაც დღის ნახევარი ისევ საკუთარი ცხოვრებისთვის რჩებათ.

რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რა სირთულეები ახლდა პროცესს და როგორ იმოქმედა ამ ცვლილებამ თანამშრომლებზე – ამ თემებზე გვესაუბრა თათია ზარქუა, „ჯამბოს“ გენერალური მენეჯერი.

M: რა გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ სამუშაო გრაფიკის ევროპულ დროზე (08:00-16:00) გადაყვანა?

ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი იყო ჩვენი კომპანიის შიდა პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა. ვინაიდან ჩვენ ადგილობრივად ვხალავთ ყავას და ვმართავთ ყავის საწარმოს, მნიშვნელოვანია, რომ ოფისისა და საწარმოს თანამშრომლების სამუშაო დრო მაქსიმალურად თანხვედრაში იყოს. ერთსა და იმავე დროის ინტერვალში მუშაობა მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას, აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას და ამცირებს ოპერაციულ შეფერხებებს.

გარდა ამისა, ჩვენთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების კეთილდღეობა და სამუშაო გარემოს ხარისხი. მიგვაჩნია, რომ ევროპულ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა ხელს უწყობს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი ბალანსის შენარჩუნებას. როდესაც თანამშრომელს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სამუშაო დრო და საკმარისი თავისუფალი დრო პირადი საქმიანობებისთვის, ის უფრო მოტივირებული, კონცენტრირებული და პროდუქტიულია.

შესაბამისად, ეს ცვლილება ემსახურება როგორც ბიზნესპროცესების გაუმჯობესებას, ისე თანამშრომლების კმაყოფილებისა და ეფექტიანობის ზრდას.

M: როგორ წარიმართა ამ ცვლილების დანერგვის პროცესი და რა სირთულეებს გადააწყდით დასაწყისში?

ცვლილების დანერგვის პროცესი ეტაპობრივად და გააზრებულად განხორციელდა. თავდაპირველად ჩატარდა შიდა კვლევა, რომლის ფარგლებში შევისწავლეთ თანამშრომლების საჭიროებები და დამოკიდებულებები, ასევე გაიმართა აქტიური კონსულტაციები გუნდთან, რათა ცვლილება მაქსიმალურად კომფორტული და მისაღები ყოფილიყო.

დასაწყისში გარკვეული სირთულეები ნამდვილად გამოვლინდა. მთავარი გამოწვევები დაკავშირებული იყო როგორც ადრიან გაღვიძებასთან და ახალი ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებასთან, ისე ტრანსპორტირებასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი ოფისი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, რის გამოც დილის 7 საათზე გადაადგილება გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა. ეს განსაკუთრებით იგრძნეს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული.

თუმცა დროთა განმავლობაში გუნდმა წარმატებით შეძლო ახალ რეჟიმთან შეგუება. თანდათანობით ჩამოყალიბდა ახალი, უფრო ორგანიზებული რუტინა, შემცირდა საწყისი სირთულეები და თანამშრომლებმაც უკეთ მოახერხეს დროის მართვა.

M: როგორ მიიღეს თანამშრომლებმა ეს ცვლილება პირველ ეტაპზე და როგორ აისახა ახალი გრაფიკი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე? გაიზარდა თუ არა მათი პროდუქტიულობა ან მოტივაცია?

პირველ ეტაპზე თანამშრომლებმა ეს ცვლილება საკმაოდ პოზიტიურად მიიღეს.

ახალმა სამუშაო გრაფიკმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თანამშრომლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარეა ის, რომ მათი დრო პრაქტიკულად აღარ იხარჯება საცობებში, რადგან აღარ უწევთ გადაადგილება ქალაქის პიკის საათებში. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და ენერგიის დანაკარგს, რაც საბოლოოდ, დადებითად აისახება სამუშაო პროცესზე.

გარდა ამისა, თანამშრომლებს გაუჩნდათ მეტი შესაძლებლობა, რომ დღის დარჩენილი ნაწილი ოჯახთან და პირად საქმიანობებს დაუთმონ. სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი ბევრად გამარტივდა, რაც მათი კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის დონეს ზრდის.

M: გაქვთ თუ არა კონკრეტული მაგალითები ან უკუკავშირი თანამშრომლებისგან?

რა თქმა უნდა, თანამშრომლების უკუკავშირი ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მენეჯმენტის მხრიდან მუდმივად ხდება აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირის შეგროვება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურად შევაფასოთ ცვლილების გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაო პროცესზე.

მიღებული უკუკავშირი საკმაოდ პოზიტიურია. თანამშრომლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ახალი სამუშაო გრაფიკის პირობებში გაუჩნდათ მეტი დრო და ენერგია საკუთარი თავისთვის. მაგალითად, ბევრმა დაიწყო ფიტნესაქტივობებში ჩართვა, სხვადასხვა ჰობით დაკავება ან, უბრალოდ, მეტი დროის გატარება ოჯახის წევრებთან, რაც მანამდე ხშირად ვერ ხერხდებოდა.

M: თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია მსგავსი მოდელის დანერგვა სხვა ქართულ კომპანიებში?

მსგავსი მოდელის დანერგვა ქართულ კომპანიებში საკმაოდ რეალურია, თუმცა ეს დიდწილად დამოკიდებულია კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკაზე. ყველას არ შეუძლია, სრულად გადავიდეს ახალ სამუშაო გრაფიკზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლების კეთილდღეობაზე ორიენტირებული მიდგომის დანერგვა შეუძლებელია. პირიქით, კომპანიებს შეუძლიათ იპოვონ ალტერნატიული გზები, რათა ხელი შეუწყონ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის გაუმჯობესებას.

მთავარი იდეა არ არის მხოლოდ კონკრეტული გრაფიკის კოპირება, არამედ იმ პრინციპის გათვალისწინება, რომ დაბალანსებული თანამშრომელი უფრო მოტივირებული და პროდუქტიულია. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია, რომელიც მოახერხებს ამ ბალანსის შეთავაზებას, მიიღებს უფრო ეფექტურ და კმაყოფილ გუნდს.

[R]

7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში – უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“

გვართმევს თუ არა AI წერის სტილს?