ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა თავისი გამჭრიახი თვალი HH 211-ისკენ მიაპყრო — ეს არის პროტოვარსკვლავი, რომელიც ჩვენგან 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მოგეხსენებათ, პროტოვარსკვლავური ფაზა ვარსკვლავის წარმოქმნის ადრეული ეტაპია, როდესაც მასის მოგროვების პროცესი გრძელდება.
HH 211 სულ რამდენიმე ათეული ათასი წლის კოსმოსური ობიექტია. განვითარების ხაზი კი მზის მსგავს ვარსკვლავად გადაქცევის შესაძლებლობაზე მიანიშნებს — შესაბამისად, გარკვეული წარმოდგენა გვექმნება იმაზე, თუ როგორი იქნებოდა მზე თავისი არსებობის საწყის პერიოდში. ამავდროულად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შეიძლება HH 211 ორობითი ვარსკვლავური სისტემის სახით ყალიბდებოდეს.
როგორც ასტრონომები განმარტავენ, HH 211 ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ახლოს მყოფი პროტოვარსკვლავია ჩვენს „კოსმოსურ სამეზობლოში“. „სამყაროს გრანდიოზულ გობელენში აღნიშნული ობიექტი ციური შექმნისა და ევოლუციის ამსახველია. ყურადღების ცენტრში კი ვარსკვლავების მარადიული არსებობის საიდუმლოებებს გვიხსნის“, — აღნიშნავენ მეცნიერები.