ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც თანამედროვე კაცობრიობის თვალად იქცა, ჩვენს გაკვირვებას განაგრძობს. ამჯერად მისი შთამბეჭდავი ლინზები კვლავ უჩვეულო, იდუმალებით მოცული ურანისკენ მიიმართა. ყინულის გიგანტის დინამიკური სამყარო რგოლებით, მთვარეებით, ქარიშხლებით და სხვა ატმოსფერული მახასიათებლებით გამოირჩევა — ვების ტელესკოპმა კი ახალ, საოცარ დეტალებში გადაიღო.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ვებმა ურანის შიდა და გარე რგოლები, მათ შორის ე. წ. ზეტა რგოლიც, 27 ცნობილი და კიდევ აქამდე უცნობი რამდენიმე პატარა მთვარეც დააფიქსირა. არადა, 1980-იან წლებში Voyagre 2-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ურანი ყველაზე მშვიდ, მყარ ლურჯ ბურთად მიიჩნეოდა, რომელიც მრავალი ატმოსფერული მახასიათებლითაა სავსე. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია პლანეტის სეზონური „ჩრდილოეთ პოლარული ღრუბლის ქუდი“.
უახლეს ფოტოზე პოლარული ქუდის სამხრეთ საზღვრის მახლობლად და ქვემოთ რამდენიმე ნათელი ქარიშხალიც ჩანს. ხოლო შტორმების რაოდენობა, სიხშირე თუ წარმოქმნის ადგილი, სავარაუდოდ, სეზონური და მეტეოროლოგიური ეფექტების ერთობლიობის ნაზავია. ამასთან, პოლარული ქუდი უფრო გამოკვეთილი ხდება, როცა ურანი თავის 21-წლიან ზამთარში მზისკენ იხრება.














