in

როგორია ჯანსაღი სამუშაო გარემო ნობელის პრემიის ლაურეატის აზრით?

კლაუდია გოლდინი მესამე ქალია ისტორიაში, რომელმაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ნობელის პრემიის კომიტეტმა სწორედ მას სთხოვა ქალებთან დაკავშირებული სამუშაო პრობლემების კვლევა — კერძოდ, ხშირ შემთხვევაში რატომ აქვთ მათ ნაკლები შემოსავალი და კაცებზე დაბალი ანაზღაურება.

სამსახურებში „ხარბ მუშაობას“ აფასებენ

სამსახურები, რომლებიც ხანგრძლივ მუშაობასა და მოუქნელ საათებზეა დაფუძნებული, ყველაზე მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა ხოლმე. გოლდინი ამ მოვლენას „ხარბ მუშაობას“ უწოდებს. მაგალითად, საინვესტიციო ბანკინგსა და სამართალში, კლიენტებს ერთ ადამიანთან მუშაობა სურთ — ამის სანაცვლოდ კი ორმაგის გადახდაზეც თანახმა არიან, რათა დამატებითი საათების განმავლობაში ერთგულადაც მიიღონ მომსახურება. როგორც წესი, მამაკაცებს მეტად აქვთ იმის „ფუფუნება“, რომ ამგვარი სამუშაო შეასრულონ. ქალები კი ანალოგიურ საქმიანობას ნაკლებად „ხარბ“ გარემოში ეწევიან… რატომ? გოლდინი ამის მიზეზად ოჯახურ ცხოვრებას ასახელებს.

„ქალები და კაცები ერთნაირ ხელფასს იღებენ მანამ, სანამ ქალს პირველი შვილი ეყოლება. შემდეგ ქალები უფრო მეტ დროს უთმობენ ოჯახურ საკითხებს და ნაკლებად ახერხებენ სხვა საქმეების დაპრიორიტეტებას“. თუმცა კლაუდიას თქმით, ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება — პირველ რიგში, ბიზნესები უნდა დაფიქრდნენ, არის თუ არა უწყვეტობა და ხანგრძლივი მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგან ეს მოცემულობა გენდერულ ასპექტს სცდება და დღეისათვის თითქმის ყველას ერთგვარი ბალანსის პოვნა სურს — შესაბამისად, კომპანიები ნიჭიერ, ქმედითუნარიან თანამშრომლებს კარგავენ.

რა უნდა გააკეთონ ლიდერებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად?

აუცილებელია პროდუქტიულობაზე კონცენტრირება, ნაცვლად სამსახურში გატარებული საათების დათვლისა. ზოგჯერ ადამიანები მართლა დიდ დროს ატარებენ ოფისში და ხანგრძლივი სამუშაო დროით ტრაბახობენ, მაგრამ მათ მიერ გაწეული ძალისხმევა არც ისე დიდია.

გარდა ამისა, ხელმძღვანელებმა უარი არ უნდა თქვან ისეთი თანამშრომლების აყვანაზე, რომლებსაც კარიერული წყვეტა აქვთ. ხშირად მენეჯერები მზად არიან, გამოცდილების არ მქონე პირები აიყვანონ სამსახურში და ყველაფერი ასწავლონ, თუმცა უარს ამბობენ გარკვეული პაუზის მქონე ადამიანებზე. მაგალითად, თუ 10 წელი წარმატებით მუშაობენ და 10 წელი კარიერული წყვეტა აქვთ, ნაკლებად იმსახურებენ ლიდერების ყურადღებას, რაც ცალსახად არასწორია. სანაცვლოდ, ასე ზედაპირულად არ უნდა შეაფასონ მათი კომპეტენცია.

ამასთანავე, თანამედროვე რეალობამ დისტანციურად მუშაობის უპირატესობა მოიტანა — ეს არის ყველაზე მოქნილი სამუშაო გარემოს შესაძლებლობა, რაც თანამშრომლებს დროის სწორად გადანაწილებაში ეხმარება. ასე ვთქვათ, მოქნილობა და პროდუქტიულობა პირდაპირპროპორციულად იმატებს. „თუ თანამშრომლებს უწყვეტ და მოქნილ სერვისებს შესთავაზებთ, ისინი კმაყოფილები იქნებიან და კანდიდატების უფრო ფართო არჩევანიც გექნებათ“.

დაკარის რალისთვის ინტენსიურად ემზადება სამი Audi RS Q e-tron

უდიდესი კარიერული შეცდომა, რომლის შესახებაც რეი დალიო გვაფრთხილებს