ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ცხოვრების სტილია, რომელიც ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში მყოფი აუცილებელი კომპონენტებისა და პირობებისგან შედგება და ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მისი ძირითადი პრინციპებია:
- ჯანსაღი კვება;
- პირადი ჰიგიენა;
- ფიზიკური აქტივობა;
- მავნე ჩვევების პრევენცია;
- დღის რეჟიმი;
- უსაფრთხო გარემო.
ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გათავისება, როგორც ადრეულ, ისე სასკოლო ასაკში, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვა ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, იმუნური სტატუსის ჩამოყალიბებას, სწავლის უნარისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სხვა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას.
მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დანერგვა და პროპაგანდა საკმაოდ ეფექტურია სასკოლო ასაკიდან, რამდენადაც ამ პერიოდში განსაკუთრებით მაღალია მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება და მათი დამკვიდრების რისკი. სწორედ ამიტომ, თბილისის თავისუფალ სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლეებზე ზრუნვა ამ მიმართულებით. მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითადი კომპონენტების: პირადი ჰიგიენის, დღის რეჟიმის, ფიზიკური აქტივობის, სწორი კვებითი ჩვევებისა და კვების კულტურის დამკვიდრების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა მოსწავლეებისთვის.
საერთაშორისო სტანდარტით, ადამიანი კვირაში მინიმუმ 150 წუთი უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური. მართალია, საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილი კვირაში 2-3-ჯერ ტარდება, მაგრამ ხშირად ის 45-წუთიანი დამატებითი შესვენებაა. სინამდვილეში ეს დრო მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზრდისა და სამიზნე ფიზიკური აქტივობის დონის მიღწევისთვის უნდა გამოიყენებოდეს. სწორედ ამიტომ, თბილისის თავისუფალ სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის დაგეგმვის დროს მასწავლებელი არჩევს ისეთ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკური თვისებებისა და მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას ასაკთან მიმართებით. ასევე, ეხმარება, სწორად არეგულიროს მოსწავლის ფიზიკური აქტივობის დატვირთვების სიხშირე და ინტენსივობა.
სპორტის გაკვეთილებისა და არაერთი სპორტული კლუბის პარალელურად, თბილისის თავისუფალი სკოლა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მოსწავლეებს ლაშქრობებსაც სთავაზობს. სპორტის გაკვეთილთან თანხვედრაში ბავშვებს საშუალება ეძლევათ, მიიღონ ლაშქრობის გამოცდილება სკოლის სივრცეშივე და დაეუფლონ სალაშქრო უნარ-ჩვევებს, რაც მოიცავს მოკლე დისტანციაზე ტყეში გასვლას, სალაშქრო წესებისა და უნარების გაცნობას, სალაშქრო ინვენტარის აწყობას, ცეცხლის დანთებას და სხვა უნარების განვითარებას. ლაშქრობა ვარჯიშის ერთ-ერთი ალტერნატივაა, ეს არის პროცესი, სადაც სხეული და გონება, მიუხედავად სრული დატვირთვით მუშაობისა, რელაქსაციას განიცდის და ფიზიკურ აქტივობებში გოგოებისა და ბიჭების თანაბარი ჩართულობის საშუალებას იძლევა.
ძირითადი მიზეზები, რომლებიც ლაშქრობის დადებით მახასიათებლებზე მეტყველებს, შემდეგნაირად გამოიყურება:
- ლაშქრობა აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას
- ფეხით სიარული წვავს კალორიებს და ხელს უწყობს წონის კონტროლს
- აუმჯობესებს ძვლების სიმკვრივეს
- ზრდის ორგანიზმის ენერგიის დონეს
- აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას და ზრდის თვითშეფასების დონეს
- ხელს უწყობს ორგანიზმს, გამოიმუშაოს D ვიტამინი
იქნება სპორტის გაკვეთილები, ლაშქრობები თუ სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა, პრაქტიკაც და თეორიაც აჩვენებს, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინფორმაციის მიღების, ისე საჭირო მინიმალური ფიზიკური აქტიურობის შესაძლებლობა. ცალკე საკითხია, როგორ უნდა ფასდებოდეს სპორტის გაკვეთილები, თუმცა განათლებისა და განვითარების ექსპერტები თანხმდებიან, რომ სკოლას აქვს პასუხისმგებლობა მოსწავლის არა მხოლოდ კოგნიტიურ, არამედ ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. თბილისის თავისუფალი სკოლა ამ პრინციპით ხელმძღვანელობს, როცა თავისი მიდგომებითა და აქტიური ჩართულობით ცდილობს, მოსწავლეებში დაამკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესის, რაც მომავალი თაობის ჯანმრთელობისა და ჰარმონიული განვითარების აუცილებელი პირობაა.
[R]