ბროკოლის სალათის, ავოკადოს ტოსტებისა და ფიტნეს დარბაზების ფოტოები, ალბათ, თქვენც განსაკუთრებულად ხშირად გხვდებათ თვალში, როცა სოციალურ ქსელს სტუმრობთ. ჯანსაღ ცხოვრებაზე საუბარი და მისი პოპულარიზაცია წინა წლებთან შედარებით ძალიან აქტუალურ საკითხად იქცა. ყოველდღე სულ უფრო მეტ აქტივობას შეხვდებით, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება, სულ უფრო მეტ ადამიანს, რომელმაც ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტა – ვარჯიშობს, ითვლის კალორიებს, ეძებს ორგანულ პროდუქტებს და დიდ დროს უთმოს სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა თუ იოგას.
ანა გელბახიანი ერთ-ერთია იმ ბევრი ადამიანიდან, ვინც ერთ დღეს თავისი ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლა გადაწყვიტა. ბავშვის გაჩენის შემდეგ 26 კგ ჰქონდა მომატებული, რომელიც ჯანსაღი კვებით დაიკლო, თუმცა ცოტა ხანში ისევ მიუბრუნდა გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებს, ე.წ. „ჯანკ ფუდებს”, ტკბილეულს და სხვა. ამ მიზეზით პერიოდულად იმატებდა და იკლებდა, იწყებდა ჯანსაღ კვებას და შემდეგ ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. ერთი სიტყვით, თავიდან ბოლომდე, ერთი ხელის მოსმით ყველაფრის შეცვლა მარტივად არ გამოდიოდა.
„ადრე დროდადრო მწვრთნელები მავარჯიშებდნენ მიწერდნენ საკმაოდ მკაცრ ცილოვან კვებას, უცებ ვიღებდი დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ვარჯიში ტანჯვასთან ასოცირდებოდა კვება – ფაქტობრივად შიმშილთან, ამიტომ საკმაოდ რთული იყო ხოლმე ამ რეჟიმზე გადაწყობა, შესაბამისად, როგორც კი შედეგს ვაღწევდი, მაშინვე თავს ვანებებდი ხოლმე ამ ყველაფერს. მივხვდი, რომ მჭირდებოდა არა დროებითი შედეგი, არამედ ცხოვრების ის სტილი, რომელიც მეყვარებოდა. დავიწყე ვარჯიში იმ დოზით, რა დოზითაც შემეძლო და ჯანსაღი საკვების მიღება ისე, რომ დასვენების დღეები არაჯანსაღი კვებისთვის შემოვინახე. მოკლედ, ბალანსის დაცვა დავიწყე ნელ-ნელა, ჯანსაღი ჩვევები შემოვაპარე ჩემს არაჯანსაღ ცხოვრებას”.
ანასთვის ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან იყო დაკავშირებული. მან გაიაზრა, რომ ცუდი მაჩვენებლები ანალიზებში, ავიტამინოზის ზღვარზე ყოფნა და მენტალური თუ ფიზიკური დასუსტება როგორღაც უნდა დაეძლია. ამ მდგომარეობაში მომატებული კილოგრამებიც კი არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ცხოვრების სტილის ისე შეცვლა, რომ ყველა მაჩვენებელი მწყობრში მოეყვანა და მოძლიერებულიყო.
დღეს უკვე ერთი წელი ხდება, რაც მისი ყოველდღიური რუტინა ჯანსაღი ცხოვრების აქტიურად არა მარტო დაცვას, არამედ პოპულარიზაციასაც უკავშირდება. ანას მიერ მომზადებული ფერადი სალათებისა თუ სხვა კერძების ფოტოები სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება. როგორც ამბობს, იმისთვის, რომ დაერღვია ცნება, თითქოს ჯანსაღი საჭმელი უგემურია, სხვადასხვა ვარიაციის მოფიქრება თავად დაიწყო და ამით თავისი რუტინაც გაიხალისა. ანა ფიქრობს, რომ ცხოვრების ამ სტილის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს და ვისთვის რა იქნება მოტივაცია, მნიშვნელობა ნაკლებად აქვს, მთავარია, რომ საზოგადოების უმეტესობამ გაიაზროს, რამდენად კარგია ცხოვრების ჯანმრთელი მხარისკენ შემოტრიალება.
ერთგვარ ტრენდად იქცა ჯანსაღი ცხოვრება თუ საზოგადოებაში ინფორმაციის დონემ იმატა, ამ კითხვებით ნუტრიციოლოგ სოფო ქურდაძესაც მივმართეთ. მას ყოველდღე უწევს შეხება უამრავ ადამიანთან და მათზე დაკვირვებით, გვეუბნება, რომ ჩვენს კითხვაზე პასუხი „კი”-ც არის და „არა”-ც. ის, რომ ჯანსაღი ცხვოვრების მიმდევრობა ერთგვარ ტრენდადაა ჩამოყალიბებული, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა როცა პაციენტები კონსულტაციაზე მიდიან, აშკარად ემჩნევათ ამაღლებული ცნობიერება.
„უდიდესი როლი აქვს სოციალურ მედიას, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდაში მონაწილეობს. ბევრი ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თუ დიეტოლოგი სოციალური მედიის საშუალებით ვაწვდით ხმას მოსახლეობის უდიდესი ნაწილს. დიდი როლი ითამაშა მომრავლებულმა დაავადებებმაც. სანაცნობოში თითქმის ყველას გვყავს ერთი ისეთი ადამიანი მაინც, ვისაც დიაბეტი ტიპი II აქვს. ეს შემთხვევითი არაა და პირდაპირი კავშირი აქვს, არაჯანსაღ ცხოვრების წესთან. შესაბამისად, ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი, კითხვა, მოძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მარკეტებში გამოჩენილი ჯანსაღი პროდუქტებიც გახდა დაინტერესების მიზეზი. 10 წლის წინ, იშვიათად თუ წააწყდებოდით მარკეტებში ბიო ან ორგანული პროდუქტების განყოფილებას”, – სოფო ქურდაძე, ნუტრიციოლოგი.
ჩვენი ორივე რესპონდენტი გვაფრთხილებს, რომ ცვლილებები სიჯანსაღისკენ ერთიანად ვერ ხდება. ეს არის ჩვევა, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. ამისთვის კი დრო, თავის რეჟიმში ჩასმა და საკუთარი გადაწყვეტილების ერთგულებაა აუცილებელი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი