ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა არასოდესაა მარტივი. ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება და ჯანსაღი ცხოვრების დაწყება რთულია და საწყის ეტაპზე შეიძლება იმედგაცრუებითაც დასრულდეს, თუმცა შეუძლებელი არაფერია.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დაწყება არა მხოლოდ კვებითა და ვარჯიშიც ხელშეწყობას, არამედ ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გულისხმობს. ეს არის თქვენი პოზიტიური შეხედულების შექმნა ცხოვრებაზე, რომლის გააზრებაც დაგეხმარებათ სხვა ჩვევების გამომუშავებაშიც.
რუბრიკა „ჯანმრთელობის” ფარგლებში მოკლედ გეტყვით, თუ როგორ შეიძლება დაგეგმოთ თქვენი ცხოვრების სტილის შეცვლა ჯანსაღი რუტინისკენ ისე, რომ ეს რუტინად არც აღიქვათ.
რით დავიწყოთ?
ჯანსაღი ცხოვრებისკენ შეცვლა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მიზანია, თუმცა საიდან უნდა დავიწყოთ? ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაიჯეროთ, რომ რეალურად შეგიძლიათ ამის გაკეთება და შეადგინოთ გეგმა.
როგორ შევცვალო ჩემი არაჯანსაღი ცხოვრების წესი?
განსაზღვრეთ თქვენს ცხოვრებაში ცუდი ან არაჯანსაღი ჩვევები, რომელთა შეცვლაც გსურთ. შემდეგ, თითოეული ჩვევისთვის დაასახელეთ მიზეზი, თუ რატომ უნდა შეცვალოთ იგი. შესაძლოა, ეს თქვენი ფსიქიკური კეთილდღეობისთვისაა, ან რაიმე სხვა მოტივაცია გაქვთ. კარგად ჩაუღრმავდით ამას. აიღეთ პასუხისმგებლობა ამ ცვლილებების განსახორციელებლად. ნუ დაადანაშაულებთ სხვებს ან დროის ნაკლებობას, რომ ვერ შეძლებთ ცუდი ჩვევების შეცვლას.
მოიშორეთ უარყოფითი ფაქტორები თქვენს ცხოვრებაში. თუ სოციალური ქსელები თავს ცუდად გრძნობთ, წაშალეთ ანგარიში. თუ ალკოჰოლის დალევა იწვევს სიგარეტის სწრაფვას, შეისვენეთ ალკოჰოლისგან. თქვენ უკეთ იცით, რას თვლით მავნე ჩვევად, იპოვეთ გზა, რომ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი გამოწვევა.
მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ, რომ შეგიძლიათ შეიცვალოთ. წარმატების მიღწევაში ბრძოლის ნახევარი არის იმის თქმა, რომ „მე შემიძლია ამის გაკეთება”.
როგორ დავიწყო ვარჯიში ან გავაუმჯობესო ჩემი მიმდინარე რუტინა?
ვარჯიში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს ფიზიკურ კეთილდღეობას, არამედ აუმჯობესებს თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. დაიწყეთ მცირედით და მარტივით, მაგალითად, კვირაში სამჯერ ფეხით სიარულით და ამას ეტაპობრივად დაამატეთ სხვადასხვა სავარჯიშო.
თქვენი ყოველკვირეული განრიგი უნდა შეიცავდეს გამოყოფილ დროს, როცა შეგიძლიათ ვარჯიში. მაგალითად, თუ იცით, რომ სამუშაოს შემდეგ ერთი საათი გაქვთ, გამოიყენეთ 30 წუთი რაიმე ფიზიკური აქტივობის ჩასატარებლად.
- სანამ დაიწყებთ, შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა, მიმართეთ ექიმს
- დაისახეთ რეალისტური მიზნები
- აქციეთ ვარჯიში ჩვევად და არა რუტინად
რა არის საუკეთესო ვარჯიში დამწყებთათვის?
- მსუბუქი აერობიკა
- ფოკუსირება კუნთების ვარჯიშზე
- მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში
- იოგა
როგორ მივიღო ჯანსაღი საკვები ყოველდღე?
ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილი თქვენი ცხოვრების წესის ჯანსაღზე შეცვლაში. ჯანსაღი საკვები უზრუნველყოფს მეტ ენერგიას, აუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და ზრდის პროდუქტიულობას.
პირველი პრობლემა, რაც დგება ხოლმე ჯანსაღ კვებაზე გადასვლაში, ის მითია, რომ თითქოს ყველაფერი ჯანსაღი უგემურია. იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ თან ჯანმრთელი პროდუქტები მიიღოთ და თან პროცესითაც ისიამოვნოთ. ჯანსაღი კვება ნიშნავს წონასწორობის სწავლას.
დაგეგმეთ თქვენი კვება: თქვენი კერძების წინასწარ დაგეგმვა, სასურსათო სიის შედგენა და გეგმის დაცვა ძალიან დაგეხმარებათ, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სანამ ამ ყველაფერს უკვე ავტომატურად გააკეთებთ. მოამზადეთ სახლში და ჩაალაგეთ ლანჩი: სახლში საჭმლის მომზადება, როგორც წესი, ყოველთვის იაფია, ვიდრე გარეთ გასვლა და ისე ჭამა. საკუთარი ხელით მომზადებული კი უფრო გემრიელიც არის.
მიირთვით სეზონური პროდუქტი: ხილი და ბოსტნეული მიირთვით სეზონურად. მაგალითად, მარწყვი მარწყვის ყვავილობისას და ატამი ატმის ყვავილობისას. ამ დროს პროდუქტი უფრო ჯანსაღია და საჭირო ვიტამინებითაა სავსე.
აწარმოვეთ დღიური: ძალიან მნიშვნელოვანი და პრაქტიკაში გამოცდილი ფაქტორია დღიურის წარმოება. ის დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რამდენი ცილა და ცხიმი მიიღეთ დღის განმავლობაში. არის სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ დღიურის მარტივად წარმოებაში. მაგალითად, MyFitnessPal.
გახსოვდეთ, რომ კვება თქვენს მიზანს უნდა დაამთხვიოთ. თუ მიზანი წონაში კლებაა, სხვა ტიპის მიდგომაა საჭირო და თუ მიზანია უბრალოდ სწორ კვებაზე გადასვლა, მაშინ სულ სხვა მენიუ დაგჭირდებათ. საუკეთესო ვარიანტი იქნება დიეტოლოგთან კონსულტაცია, თუმცა, თუ ამას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ უფასოდ მოიძიოთ ინფორმაცია ნუტრიციოლოგებისა და დიეტოლოგებისგან, რომლებიც პერსონალურ ბლოგებს აწარმოებენ.
წყალი
ჯანსაღ ცხოვრებაზე საუბრისას რამდენჯერაც არ უნდა იყოს საჭირო, იმდენჯერ უნდა ვახსენოთ წყალი. წყლის სწორი მიღების გარეშე ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არსებობს. ბევრს არ აქვს მოთხოვნილება ან უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას, რამდენ წყალს სვამს.
იმისთვის, რომ წყლის სმა ჩვევად გექცეთ, აიღეთ ბოთლი, სასურველია, ისეთი დიზაინით, როგორიც მოგწონთ. გაავსეთ წყლით და დაიდეთ თვალსაჩინო ადგილას, რომ დღის განმავლობაში გაგახსენდეთ და დალიოთ. თუ სახლიდან გადიხართ, არ დაივიწყოთ მისი თან წაღება და ჩაიდეთ ის მოხერხებულ ადგილას ჩანთაში, რათა გზაშიც დალიოთ.
ძილი
ძილის რეჟიმის გამომუშავება აუცილებელია, თუკი გვაქვს პრეტენზია, რომ ჯანმრთელობისკენ მივისწრაფვით. დღე-ღამეში 7-8 სთ მაინც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა სრულფასოვნად დაისვენოს. ცხადია, ყოველთვის არ ხერხდება ძილის რეჟიმის დაცვა სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ ყოველდღიურობაში დაიცვათ და იშვიათად დაუშვათ გამონაკლისები.
წყლის მიღების, ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტივობის ერთმანეთთან შეთავსება უკვე ნიშნავს ცხოვრების ახალ წესზე გადასვლას. გამოიყენეთ ეს მოკლე გზამკვლევი მიმართულების ან, თუნდაც, მოტივაციისთვის და შეუდექით ჯანმრთელი ცხოვრების დაგეგმვას ახლავე.
რუბრიკა #ჯანმრთელობის წარმდგენია ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა Ekimo.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი