in

#ჯანსაღიგარემოშენიუფლებაა – კამპანია მოქალაქეების გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ

გარემოსდაცვითი საკითხები არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლა. დღეს ისეთ გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებს ვაწყდებით, როგორიცაა წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება, ბიომრავალფეროვნებისადმი მიყენებული ზიანი და კლიმატის ცვლილება. გარემოსდაცვითი უფლებების გაცნობიერება და დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე მსოფლიოში თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავისი უფლება იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში.

შესაძლოა, აქამდე ფიქრობდით, რომ გარემოს დაცვა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციებისა და აქტივისტების საქმეა. თუმცა კამპანია #ჯანსაღიგარემოშენიუფლებაა ამ წარმოდგენას შეგიცვლით. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს სუფთა და ჯანსაღ გარემოში, მოითხოვოს და მიიღოს გარემოსდაცვითი ინფორმაცია, რადგან ინფორმირებული მოქალაქე მეტად მოტივირებულია დაიცვას საკუთარი უფლებები, ხმამაღლა ისაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საზოგადოების ყველა წევრს აქვს უფლება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მიიღოს მონაწილეობა. რაც გულისხმობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობისა თუ წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოსაზრებებისა და პოზიციის წერილობით, ან ზეპირად დაფიქსირებას.  და ბოლოს, თუ თვლი, რომ ირღვევა შენი გარემოსდაცვითი უფლებები,  გაქვს უფლება, მიმართო ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ან სასამართლოს.

ვინაიდან გარემოსდაცვითი პრობლემები მწვავედ დგას და აქტუალურია, არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgia’s Evnironmental Outlook, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, განახორციელა საინფორმაციო კამპანია „გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“. ეს ფართომასშტაბიანი კამპანია არაერთ საინფორმაციო აქტივობასა თუ ღონისძიებას მოიცავდა, მათ შორის, შეხვედრებსა და ტრენინგებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, იურისტებთან, ჟურნალისტებთან, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებთან.  კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა შემეცნებითი ინფოგრაფიკა, ქვიზები, ვიდეორგოლები და ანიმაციები.

საინფორმაციო კამპანია საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ექვს თვეს გაგრძელდა და სხვადასხვა ასაკობრივი, ეთნიკური და პროფესიული ჯგუფი მოიცვა.

 
კამპანია  განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის“ ფარგლებში. რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიის ავტორ ორგანიზაცია  Georgia’s Environmental Outlook-ს, მისი მიზანია, საქართველოში გარემოს დაცვის ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა, მარეგულირებელი აქტების შედგენაში მონაწილეობა და დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის წარმოება. ორგანიზაცია ეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებს, შესაძლებლობების განვითარებასა და ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაში.

[R]

Adidas გვაჩვენებს, როგორ უმკლავდებიან სპორტსმენები ზეწოლას

ღვინის ეტიკეტზე ნამდვილი ვარდის ფურცლები დაამაგრეს