in

ჯანსაღი ურთიერთობების ძალა სამსახურში

ხელმძღვანელები, რომლებიც პრიორიტეტს თანამშრომლებთან ურთიერთობას ანიჭებენ და ამასთან, სამართავად პოზიტიური და კეთილი პოზიციაც აქვთ არჩეული, უკეთეს შედეგებს აღწევენ. ამას კი სოციალური ფსიქოლოგიის სფეროდან მიღებული მონაცემებიც ადასტურებს. ყველაზე ეფექტური ლიდერი, რაც, როგორც პიროვნული, ისე ორგანიზაციის წარმატებით იზომება, ღირებულებებზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, თანამგრძნობი და ჰუმანურია, იგი თანამშრომლებს ინდივიდებადაც აღიქვამს. შედეგად კი, დასაქმებულებიც უკეთ მუშაობენ: სამსახურში მეტად ჩართულები, ლოიალურები და პროდუქტიულები არიან. ასევე, კომპანიებს, რომლებიც მსგავსი ხელმძღვანელების მიერ იმართება, უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელი და აქციონერი ჰყავს.

ხოლო ის ფაქტი, რომ თანამშრომლები უკეთ მუშაობენ, როცა სამსახურში პატივისცემასა და ზრუნვას გრძნობენ, იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიის კულტურას უფრო მეტი გავლენა აქვს თანამშრომლებზე, ვიდრე ხელფასსა და სხვა სარგებელს. კვლევის თანახმად კი, სამუშაო ადგილზე წარმატების განმსაზღვრელი ბედნიერებაა. შესაბამისად, როცა უკვე სიღრმისეულად დაიწყებთ იმის კვლევას, თუ რას ნიშნავს თქვენი თანამშრომლებისთვის ბედნიერება, ეს სამსახურში პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებამდეც მიგიყვანთ. 

კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ ჩვენი სურვილი, დაგვინახონ, ჩვენი ესმოდეთ და გვაღიარებდნენ, ფუნდამენტურად ადამიანურია. როგორც სახეობა, ჩვენ განვვითარდით იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ ნათესაურ კავშირებსა და სხვა გუნდის წევრებთან ურთიერთობებს. ხოლო გაკეთებული საქმის არდაფასება ან იმის გააზრება, რომ ჩვენს ღირებულებას ჯგუფის სხვა წევრები მნიშვნელოვნად არ თვლიან, სტრესულ რეაქციას ააქტიურებს და საფრთხედაც გამოიყურება. გუნდისგან უარყოფა გარიყულობის რისკის ქვეშაც გაყენებთ, რაც ველურ ბუნებაში სიკვდილის მსგავსიც კია. ალბათ, უარყოფა სწორედ ამ მიზეზით ააქტიურებს თავის ტვინის იმ რეგიონებს, რომლებიც ფიზიკური ტკივილის დროს მოქმედებს.

თუმცა სხვებთან ჩვენი დაკავშირებულობის განცდას ჩვენივე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არ აქვს გავლენა, ეს უფრო მეტად მოტივაციაზე მოქმედებს. თვითგამორკვევის თეორიის კვლევა კი აჩვენებს, რომ ავტონომიასა და თავისუფლებასთან ერთად, სხვებთან ჩვენი კავშირის გრძნობა სამსახურში მოტივაციაზე დიდ გავლენას ახდენს. ჩვენ თავს შთაგონებულად ვგრძნობთ, როცა გვახსენებენ, რომ მარტო არ ვართ… შედეგად, ერთ-ერთი იმ საკითხებიდან, რაც გამოფიტულობას საზიანოს ხდის, მარტოობასთან მისი მუდმივი კავშირია.

ეს ყველაფერი კი იმას გულისხმობს, რომ თანამშრომლების დახმარება, რათა მეტად მოტივირებულნი და ჩართულები გახდნენ, მოითხოვს იმაზე უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ რეორგანიზაციაა… დასვენების დრო, მედიტაცია, თავის მოვლისა და ფიტნესდარბაზები კი სტრესს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. მაგრამ, როცა ურთიერთობების პრობლემა რეალურად არსებობს, რაც, თავის მხრივ, ურთიერთდამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს, აღნიშნული საკითხები უბედურებას უკვე ინდივიდუალურ მდგომარეობად აყალიბებს. 

ქვემოთ კი სამსახურში ურთიერთობების გაუმჯობესების 5 პრინციპია მოცემული, რაც ხელმძღვანელების შესახებ არსებული ლიტერატურისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების სოციალური ფსიქოლოგიის კვლევების მიხედვით შეადგინეს. მიუხედავად იმისა, ეს ურთიერთობა სამსახურებრივი იქნება თუ პირადი, შემდეგი 5 პრინციპის გათვალისწინებით ყველა მათგანს გააუმჯობესებთ:

1. გამჭვირვალობა და ავთენტურობა

ჯანსაღი სამსახურებრივი ურთიერთობები მკაფიო, თანმიმდევრულ, პატიოსან და ღია კომუნიკაციას მოითხოვს, რაც ნდობის მთავარი ელემენტიცაა. ამ უკანასკნელის გარეშე კი არცერთი ურთიერთობა გამოდის. კვლევით დამტკიცდა, რომ ავთენტურობა და გამჭვირვალობა ეფექტური მმართველობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანიცაა. მათ გარეშე თანამშრომლები უგულებელყოფასა და დეჰუმანიზაციასაც კი განიცდიან. მეტიც, ჯეიმს გროსისა და რობერტ ლევენსონის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ არაავთენტურობას საფრთხედაც აღვიქვამთ. დიახ, ჩვენი გულისცემა იმატებს, როცა ვხვდებით იმას, ვინც თავს ისე აჩვენებს, როგორიც რეალურად არ არის… საინტერესოა ისიც, რომ ავთენტურობა, როცა ეს დაუცველობას ნიშნავს, ადამიანებს ამშვიდებს კიდეც. დიახ, სინამდვილეში დაუცველობას ბევრი სარგებელიც აქვს, სწავლობთ გულწრფელ, მაგრამ თანამგრძნობ კომუნიკაციას, რწმუნდებით, რომ უსმენთ და პასუხობთ, რითაც სხვებიც თავს დაფასებულად გრძნობენ…

2. შთაგონება

ჯანსაღი ურთიერთობების დროს ადამიანები ერთმანეთს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად წარმოჩენაში ეხმარებიან. ურთიერთობის კმაყოფილების განმსაზღვრელად კი სწორედ ადამიანთა ეს უნარი ითვლება. როცა სხვები ჩვენში საუკეთესოს ხედავენ, ეს მოტივაციას გვიმაღლებს და შთაგვაგონებს, გავხდეთ უკეთესები. ანალოგიურად ხდება თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების ურთიერთობებში. კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ როცა სხვები ჩვენს პერსპექტივას ამჩნევენ, როცა ისინი ჩვენს საუკეთესო ვერსიებს ხედავენ, ეს შთაგვაგონებს, გავხდეთ უკეთესები. იქნება ეს დასაქმებული თუ მეგობარი, ჩვენ თავს დაფასებულად ვგრძნობთ, როცა სხვები ჩვენს ძლიერ მხარეებს ამჩნევენ და ამას აღიარებენ კიდეც. მსგავსი ინტერაქცია ენერგიის მომცემია, რაც პროდუქტიულობას კიდევ უფრო ზრდის. დიახ, ყველას სურს თავისი ინდივიდუალობის გამო პატივისცემა და დაფასება იგრძნოს.

3. ემოციური ინტელექტი

იმას, თუ როგორ უმკლავდებით ემოციებს, განსაკუთრებით კი ცუდ და ნეგატიურ გრძნობებს, გარდაუვალი კონფლიქტების დროს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება. იცით საკუთარი ხასიათებისა და გრძნობების შესახებ? იცით, როგორ გაუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს წარმატებით? კვლევის თანახმად, ემოციების დარეგულირების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა სუნთქვაა.

ან შეგიძლიათ თუ არა სხვებთან ურთიერთობისას არავერბალური მინიშნებების ამოცნობა? იცით, როგორ უნდა გამოიჩინოთ თანაგრძნობა სხვების მიმართ? ეს უნარები და შესაძლებლობები ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტითაც იკვებება, ეს თვითკონტროლის უნარია. კვლევამ აჩვენა, რომ სამსახურებრივი თუ პირადი ურთიერთობები უკეთესი ხდება მაშინ, როცა პატარა წვრილმანებზე არ ნერვიულობთ, ურთიერთობები მაშინაც კი უმჯობესდება, როცა არა თქვენი, არამედ ურთიერთობებისთვის საჭირო მოთხოვნების პირველ ადგილზე დაყენებას იწყებთ.

4. თავის მოვლა 

სხვებთან კავშირის შენარჩუნება საკუთარი ბალანსისა და რაციონალური აზროვნების შენარჩუნებასაც მოიცავს. ამიტომ, უნდა გაარკვიოთ, რომელი მენტალური მდგომარეობა გფიტავთ უფრო სწრაფად… საკუთარი თავის მოვლას კი შვებულებების აღებითა და პატარა შესვენებების მაქსიმალურად გამოყენებით შეძლებთ. ისწავლეთ გამოჯანმრთელების ტექნიკა და სტრესისადმი გამძლეობა მედიტაციითა და ბუნებით აიმაღლეთ. კარგი იქნება თუ თქვენს თანამშრომლებს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებთ, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს უბრალოდ სიტყვები არ იქნება… გამოყავით დრო საკუთარი ენერგიის გაუმჯობესებისთვის, რადგან შეუძლებელია სხვების ფსიქიკური ბალანსისა თუ ჯანმრთელობის პატივისცემა, როცა საკუთარი არ გაგაჩნიათ.

5. ღირებულებები

თავმდაბალი ხელმძღვანელი, რომელიც თანამგრძნობი, გულუხვი, მიმტევებელი და ეთიკურიც კია, უკეთეს შედეგებს აღწევს. ისინი კეთილსინდისიერად ხელმძღვანელობენ და თანამშრომლების კეთილდღეობაზეც ზრუნავენ. ამასთან, პოზიტიურ სამუშაო ადგილებს ქმნიან, სადაც მაღალი ფინანსური მოგება, მომხმარებელთა კმაყოფილება, პროდუქტიულობა და თანამშრომელთა ჩართულობაა. ხოლო, როცა გუნდები ერთსა და იმავე ფსიქიკურ მოდელებს იზიარებენ, რაშიც იგულისხმება, რომ მათ საერთო მოლოდინები და პრიორიტეტები აქვთ, უკეთეს შედეგებსაც აღწევენ. მიზნები თანამშრომლებს უნდა დაუკავშიროთ და განსხვავებებს პატივი უნდა სცეთ. ემოციურად და ინტელექტუალურად სხვებთან კავშირის გრძნობა კი ერთსა და იმავე გვერდზე ყოფნასაც მოითხოვს.

დიახ, ჯანსაღი სამუშაო ურთიერთობების პირობებში ყველა სარგებელს იღებს და ნამდვილ ბედნიერებასა თუ სიამოვნებას განიცდის. მსგავსი მართვის სტილით კი ბიზნესებიც ვითარდება. ამის მაგალითად ქაშალ ჩოქსის საინტერესო შემთხვევა შეგვიძლია ჩავთვალოთ, ადამიანის, რომელმაც „ტყუპებიდან“ ერთ-ერთის კარი შეაღო, ზუსტად მაშინ, როცა 9/11 მოხდა. სიკვდილთან მსგავსმა მიახლოებამ კი მას კონკრეტული საკითხების ხელახლა გააზრებისკენ უბიძგა. თუ ადრე მისი ხელმძღვანელობის სტილი ძირითადად ტრანზაქციული იყო, 9/11-ის შემდეგ თანამშრომლების ინდივიდებად აღქმა დაიწყო, მათივე უნიკალური სიძლიერეებითა და საჭიროებებით. მან შედეგიანობაზე ფოკუსურების ნაცვლად, ხელმძღვანელობა თანაგრძნობით, სიკეთითა და ავთენტურობითაც დაიწყო. მსგავსად კი თავს იმაზე უფრო სრულყოფილ პიროვნებად გრძნობდა, ვიდრე ოდესმე… 

„ვერავინ აღწევს იმდენ ჩართულობასა და შედეგს, როგორც ხელმძღვანელები, რომლებსაც საკუთარი გონებისა და გულის ბალანსი შეუძლიათ. მართვის სტილში ამას დადებითი ენერგია და ემპათია შემოაქვს. ხოლო, როცა გუნდის წევრები თავს შთაგონებულად გრძნობენ და თქვენს მზრუნველობასაც ამჩნევენ, ისინი სამსახურში თავის საუკეთესო ვერსიებსაც წარმოაჩენენ“, — ამბობს ქაშალ ჩოქსი.

წყარო: HBR



როგორ შექმნა Kraken-მა კამპანია, საქართველოში სწრაფი ჩარიცხვის პირველი აპარატის, PayBox-ის შესახებ

„თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით — „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის