19
Aug
2019

Black Sea Arena-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

19 Aug 2019

არსებობს სიმღერები, რომლებიც დავიწყებას არასდროს მიეცემა. ქართული შემოქმედება უამრავ ამგვარ სიმღერას ინახავს და რაც დრო გადის, მით უფრო სანუკვარი და ძვირფასი ხდება ეს კომპოზიციები. ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის შემოქმედება კი ნამდვილად შეგვიძლია ერთგვარ საგანძურად ჩავთვალოთ.. ეს სწორედ ის მუსიკებია, რომლითაც უამრავი ფილმი და სპექტაკლია გაფორმებული. დრო გადის და ამ კომპოზიციების ახალ-ახალ ვარიაციებს გვთავაზობენ მუსიკოსები, ფაქტი კი ფაქტად რჩება – სულ უფრო ძვირფასი ხდება იგი ქართველი მსმენელისთვის.

გარკვეულწილად, ალბათ, სწორედ ეს ფაქტი გახდა ინსპირაცია, Black Sea Arena-ზე ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამო ჩატარებულიყო. კონცერტის დაანონსებამ ქართულ აუდიტორიაში დიდი სიხარული გამოიწვია. სწორედ ამ მომენტიდან 17 აგვისტომდე მათი მოლოდინი სულ უფრო იზრდებოდა. თანაც, Black Sea Arena-ც ხშირად გვთავაზობდა ვიდეოებს რეპეტიციებიდან, რაც ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

კონცერტი 21:00 სთ-ზე დაიწყო. მისი პროგრამა ორი ნაწილისგან შედგებოდა: კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იყო ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი – კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდა.

ეს კონცერტი სწორედ იმ სცენაზე გაიმართა, რომელზეც სულ რამდენიმე დღისა თუ კვირის წინ 30 Seconds To Mars, Jessie J და Black Eyed Peas წარსდგნენ. უნდა ითქვას, რომ აუდიტორიის ოვაციები მართლაც არანაკლები იყო. აშკარაა, რომ ქართულ შემოქმედებას საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მასაც ისევე ვაფასებთ, როგორც უცხოურ, მსოფლიო მასშტაბის შემსრულებლებელთა შემოქმედებას.

როგორც ვახტანგ კახიძემ განაცხადა, კონცერტის პირ­ვე­ლივე წუ­თი­დან გრძნობდა მა­ყუ­რებ­ლის­გან მხარდაჭერასა და სითბოს, რაც კონცერტს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებდა.

კონცერტი ყველასთვის საყვარელი სიმღერით “ანო და ვანო” დაგვირგვინდა:

Ano & Vano

"ანო და ვანო" – დღევანდელი დღის კულმინაციური მომენტი.ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო | Black Sea Arena

Gepostet von Black Sea Arena am Samstag, 17. August 2019

 

მასში მონაწილეობას იღებდნენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი “რუსთავი”, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა