25
Feb
2019

იაპონიაში, პროექტ „საქართველო – ღვინის სამშობლოსთან“ დაკავშირებით, სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

25 Feb 2019

იაპონიაში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელებასთან დაკავშირებით, სპეციალური ვებგვერდი – georgia-homelandofwine.com შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ვებგვერდი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ის მხარდაჭერით დამზადდა. სწორედ Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“. ვებგვერდი ორენოვანია: იაპონური და ინგლისური.

 

გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისის ჩათვლით, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“, გაიმართება, სადაც დაინტერსებულ ადამიანებს უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცნობა შეეძლებათ. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში იმოგზაურონ.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება.

პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

განხილვა