„იაპონურ ენასა და კულტურას ადრეული ასაკიდან ვსწავლობდი და ყოველთვის ვცდილობდი მის პოპულარიზაციას. შემდეგ შევქმენი ვებგვერდი, რომელიც წლებია ამ ქვეყნის მოყვარულ ქართველებს იაპონურ კულტურას აცნობს. იქ 4 წელი ვიცხოვრე და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტე, შემექმნა ჰაბი იაპონური ენითა და კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ასე გაჩნდა იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი, 2015 წელს“ , – ამბობს ცენტრის დამფუძნებელი ნინო ჭანტურია.
მისივე თქმით, ცენტრში ძირითადი ფოკუსი იაპონური ენის სწავლებაზე აქვთ, თუმცა, დიდ დროს უთმობენ ამ ქვეყნის კულტურაზე საუბარსაც:
შემდეგ ჯგუფთან მუშაობას იწყებს იაპონელი მასწავლებელი, რომელიც უკვე იაპონურად ასწავლის სტუდენტებს ამ ქვეყნის ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას და ა.შ.
ცენტრში იაპონელი პედაგოგები ასწავლიან?
ამჟამად 4 მასწავლებელი გვყავს. აქედან, ერთი იაპონელია. ქართველმა მასწავლებლებმა იაპონური ენა ჯერ უნივერსიტეტში შეისწავლეს, შემდეგ კი, იაპონიის მთავრობის სრული დაფინანსებით, სწავლა იაპონიაში განაგრძეს.
ვის შეუძლია იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში სწავლა და, ზოგადად, რა პირობები გაქვთ?
აქამდე სტუდენტებს მხოლოდ 11 წლის ასაკიდან ვიღებდით, კურსი უფრო მეტად მორგებული იყო უფროსებზე. გრამატიკის ახსნა რთულია იმ ასაკის ბავშვისთვის, რომელსაც, შესაძლოა, ქართულში არ ჰქონდეს ყველა საკითხი გავლილი. თუმცა, ახალი ორთვიანი კურსი კონცენტრირებული იქნება არა გრამატიკაზე, არამედ სხვადასხვა აქტივობით ენის შესწავლაზე, მათ შორის იაპონური სიმღერებით, ორიგამით (ქაღალდის კეცვის ხელოვნება), იკებანათი (თაიგულის შექმნის ხელოვნება), იაპონური ტკბილეულის მომზადებით და ა.შ. რაც შეეხება პირობებს, საწყის კურსზე სწავლის საფასური არის 150 ლარი. იაპონელი მასწავლებლის შესვლასთან ერთად საფასური იზრდება და ხდება 200 ლარი. 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ორთვიანი კურსის ღირებულება 250 ლარია. მეცადინეობები არის მხოლოდ ჯგუფური, რადგან პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ საუკეთესოს შედეგს სწორედ ჯგუფური მეცადინეობებისას ვიღებთ.
დღეს ინტერესი და მოთხოვნა თუ არის იაპონური ენის, კულტურის შესწავლაზე?
იაპონიის მიმართ ინტერესი, თანდათანობით, იზრდება. ცენტრი რომ გავხსენი, პირველად მხოლოდ 25-მდე ადამიანი მივიღეთ. ყოველ მიღებაზე რაოდენობა იზრდება და, ამჟამად, ჩვენთან 100 მეტი სტუდენტი სწავლობს. ბოლო რამდენიმე წელია იაპონური კულტურის პოპულარიზების მიზნით, ცენტრი თავად აწყობს და ასევე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალში. ყოველწლიურად ტარდება იაპონური ზაფხულის ფესტივალი ნაცუ-მაცური. ასევე, ცენტრი იღებს მონაწილეობას ჩაის ფესტივალში, ეროვნული სამოსის ფესტივალში და ა.შ. ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობით აწვდიან ხალხს ინფორმაციას იაპონიის შესახებ.
ცენტრის კურსდამთავრებულებს თუ უწყობთ ხელს დასაქმებაში?
„იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს“ აქვს კონტაქტები იაპონიაში არსებულ დასაქმების სააგენტოსთან. რაც შეეხება საქართველოში დასაქმებას, კურსდამთავრებულებს შეეძლებათ აქ არსებულ იაპონურ კომპანიებში მუშაობა. ასევე, აღსანიშნავია ტურიზმის სფეროც, სადაც იაპონურენოვანი გიდები ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გიდები არიან. იაპონიაში სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ცენტრი კონსულტაციას უწევს სტუდენტებს, ეხმარება მათ დოკუმენტების მოწესრიგებაში, შევსებაში და ამზადებს ინტერვიუებისთვის. ამის მაგალითია გიორგი ქუმსიაშვილი, რომელმაც სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსება მოიპოვა იაპონიის მთავრობისგან.
ახსენეთ, რომ თქვენმა პედაგოგებმა ენა უნივერსიტეტში შეისწავლეს. იაპონურს ასწავლიან სხვა უმაღლეს სასწავლებლებში და, ალბათ, არსებობს სხვა სასწავლო ცენტრებიც, სადაც შესაძლებელია ამ ენის შესწავლა. რა უპირატესობა აქვს თქვენს კურსებს?
ჩვენთან მეტი აქტივობაა, ლექციები მეტად ინტერაქტიულია. ცენტრი თავად ქმნის სასწავლო მასალებს. შესაბამისად, ერთადერთი სასწავლებელია, სადაც პროგრამა ქართველ სტუდენტებზეა გათვლილი. გარდა ამისა, ცენტრს ჰყავს იაპონელი მასწავლებელი (განსხვავებით უმაღლესი სასწავლებლებისგან), რომელიც ასევე თავისით ამზადებს მასალებს. ცენტრში არის ბიბლიოთეკა, სადაც განთავსებულია 400-მდე წიგნი. მათ შორის მანგა (კომიქსი), მხატვრული ლიტერატურა, ენციკლოპედიები და ენის სახელმძღვანელოები. ბიბლიოთეკაში არის ტელევიზორიც და სტუდენტებს შეუძლიათ უყურონ იაპონურ არხებს. ცენტრი, დროდადრო, აწყობს „ივენთებს“, დაწყებული ტაიკოს შეჯიბრებებით (იაპონური დოლი), ოკონომიაკის მომზადებით (იაპონური კერძი) დამთავრებული. მუდმივად ვუკვეთავთ იაპონურ ტკბილეულობას და ინგრედიენტებს კერძების მოსამზადებლად. შესაბამისად, ცენტრში ყოფნა სტუდენტებისთვის სახალისოც არის.
[R]