11
Jul
2019

გზა ჰოლივუდიდან “მარსამდე”, ანუ ცოტა რამ ჯარედ ლეტოს შესახებ

11 Jul 2019

13 აგვისტოს ბლექ სი არენას სცენაზე კონცერტს საყოველთაოდ ცნობილი ჯგუფი 30 Seconds To Mars გამართავს. ეს კი მართლაც სასიხარულო ამბავია იმ მხრივ, რომ აღნიშნული ჯგუფი მსოფლიო მუსიკალურ ასპარეზზე ერთ-ერთ ლეგენდარულ ფენომენს წარმოადგენს. თუმცა, ხშირად, როცა კი 30 Seconds To Mars-ზე მიდგება ხოლმე საქმე, ყველაზე დიდ დაინტერესებას მისი სოლისტი ჯარედ ლეტო იწვევს და ეს არც არის გასაკვირი.. იგი ხომ თანაბრადაა ნიჭიერი მუსიკოსიც და დიდი ტალანტის მქონე მსახიობიც. მისი გახსენებისას ძალიან ბევრი ასოციაცია შეიძლება, მოგივიდეთ თავში.. სანამ იგი საქართველოში კონცერტს გამართავს, გადავწყვიტეთ, მის შესახებ გარკვეული ცნობები მოგაწოდოთ..

თუკი ადრეული პერიოდიდან გამოვყვებით მის ბიოგრაფიას, უნდა ვახსენოთ საკმაოდ მძიმე ბავშვობა, რომელმაც ჯარედ ლეტოს შემოქმედებითი ნიჭი ვერა და ვერ დააკნინა. იგი კოლეჯიდანვე ცდილობდა, პატარ-პატარა როლები მოერგო. თუმცა, მსახიობობისკენ მძაფრი მიდრეკილება ნიუ იორკის სახვითი ხელოვნების სკოლაში უკეთესად გააცნობიერა. 1992 წლიდან იგი აქტიურად ცდილობდა, განვითარებულიყო როგორც მუსიკალურ, ისე სამსახიობო სფეროში. პირველი მნიშვნელოვანი როლი სწორედ ამ წელს ითამაშა სატელევიზიო შოუში “Camp Wilder”. 1994-95 წლებში ჯორდან კატალანოს როლი მოირგო სერიალში “My So-Called Life”. 1996 წელს კი მთავარი როლის შემსრულებელი გახდა ფილმში “The Last of High Kings”. სწორედ ამ როლების შემდეგ, 1998 წელს შექმნა როკ ბენდი “30 Seconds to Mars” მის ძმასთან – შენონ ლეტოსთან ერთად. ბენდში მას ტექსტების ავტორის, მთავარი ვოკალისტისა და გიტარისტის როლი ჰქონდა მორგებული.

ალბათ, გახსოვთ 1999 წელს გამოსული ფილმი “Girl, Interrupted”, რომელშიც ანჯელინა ჯოლი და ვაინონა რაიდერი თამაშობენ მთავარ როლებს. ამ ფილმში ჯარედ ლეტომ ტობი ჯეიკობსის როლი მოირგო და, ალბათ, ეს მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებადაც უნდა შევრაცხოთ – მას ხომ ასეთ მსახიობებთან ერთად მოუწია თამაში. ჯარედ ლეტომ სწორედ ამავე წელს ითამაშა როლი გახმაურებულ ფილმში”Fight Club”, სადაც მთავარი გმირების შემსრულებლები ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი არიან.

თუმცა, ჯარედ ლეტოს გახსენებაზე ალბათ საკმაოდ ბევრს მოგდით თავში ერთ-ერთი დრამატული და, ამავდროულად, ძალიან პოპულარული ფილმი “Requiem For a Dream”, რომელშიც ლეტო ჰარი გოლდფარბის როლს ასრულებს. სწორედ ამ როლის გამო იგი უამრავი ჯილდოს ნომინანტად იყო წარდგენილი.

წარმატებული როლების პარალელურად, ლეტო წარმატებულ მუსიკალურ საქმიანობასაც ეწეოდა. ბენდის დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, 2002 წელს 30 Seconds to Mars-ის პირველი, სადებიუტო ალბომი გამოვიდა, რომელსაც კრიტიკოსებისგან საკმაოდ დადებითი შეფასება მოჰყვა. 3 წელში კი მეორე ალბომი “A Beautiful Lie” გამოსცეს.

მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა ფილმმა “Chapter 27”, რომელშიც იგი ჯონ ლენონის მკვლელის მარკ დევიდ ჩეპმანის როლი შეასრულა და კარგად ასახა მკვლელის ფსიქოლოგია. სწორედ ამ როლისთვის 2007 წელს მან ციურიხის ფილმის ფესტივალის ჯილდო მოიგო ნომინაციაში “საუკეთესო შესრულება”.

და მაინც, ვინ შეიძლება იყოს ლეტო, თუ არა Mr.Nobody? თუკი ეს ფილმი ნანახი გაქვთ, დიდი ალბათობაა, რომ ლეტოს ხსენებისას პირველ ასოციაციად აღნიშნული ფილმი მოგივიდეთ თავში. მასში 118 წლის ნემო (იგივე ჯარედ ლეტო) თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს ჰყვება. ამ ფილმით მან საზოგადოებას მართლაც მნიშვნელოვნად დაამახსოვრა თავისი თავი. თანაც ამ როლის გამო იგი პუჩონის ფანტასტიკური ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო შესრულებისთვის იყო წარდგენილი.

როკ ბენდის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩავთვალოთ 2009 წელს გამოცემული ალბომი “This is War”, რომელმაც ტოპ 200 ალბომს შორის მე-18 ადგილი დაიკავა. სწორედ ამ ალბომის გამოშვების გამო ბენდს ძალიან დიდი მასშტაბით უწევდა მოგზაურობა. 2013 წელს გამოშვებულმა ალბომმა “Love, Lust, Faith and Dreams” კი ზემოთ აღნიშნულ 200 ალბომს შორის პირველი ადგილი მოიპოვა.

2017 წლისთვის 118 ნომინაციაში წარდგენილ ჯარედ ლეტოს 68 მათგანი მოგებული ჰქონდა. ეს ის ადამიანია, რომელიც ორ სფეროში ახერხებს, იყოს ძალიან წარმატებული. დღესდღეობით 30 Seconds to Mars-ს მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და, ალბათ, არავის ისე არ აქვს ამაში “ლომის წილი” შეტანილი, როგორც ჯარედ ლეტოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის უძველესი ჰიტებიც კი ძალიან პოპულარულად რჩება დღემდე.

სულ მალე, ეს ადამიანი საქართველოს ეწვევა და ვფიქრობ, ჯარედ ლეტოს მოყვარულთათვის ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელ მოგონებად იქცევა. აქ წასასვლელად ხომ ბევრი მიზეზია, თუნდაც ის, რომ ცნობილი მსახიობი და უნიჭიერესი მუსიკოსი ერთდროულად იხილოთ..

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა