in

შემოდგომის ჯაზმა რა ჰქმნა? – Jazz&Wine Kakheti 2020 შედგა

“ისე, ჯაზი ჩვენში ფეხს ვერ მოიკიდებდა, რომ არა მისი გულმხურვალე მსმენელი და კოლექციონერი ხალხი: ეს ესთეტიკური დისიდენტები, სულიერი ემიგრანტები, პლეხანოველი და ვერელი “სტილიაგები” და “შტატსკები”, ვისთვისაც ჯაზი საბჭოთა-კომუნისტური ყოფიდან გასაქცევი ალაგი იყო,” – ვკითხულობთ ზურაბ ქარუმიძის წიგნში, “ჯაზის ცხოვრება”. მუსიკა ხომ ერთგვარი თავისუფლებაა და ამ ციტატისა არ იყოს, რამდენიმე ათეული წლის წინ ახლადჯინსებჩაცმულებმა ჯაზის მოსმენით ნამდვილად ვიგრძენით ეს თავისუფლება. ოდესღაც მისისიპის დელტიდან საქართველოში გამოემგზავრა ეს “ზანგური როკვა” (გრიგოლ  რობაქიძის თქმის არ იყოს) და ქართულ პოლიფონიას ისე შეერწყა, რომ დაახლოებით 1930-იანი წლებიდან დღემდე საკმაო ჯაზ მემკვიდრეობა დაგვიგროვდა. დაგვიგროვდნენ ნიჭიერი შემსრულებლებიც – ჯაზმენები, ტრიოები, გუნდები, რომლებმაც თანდათან ფერი იცვალეს და დღეს უკვე ალბათ ოდნავ უფრო თანამედროვე ფორმით, საოცარი ინტერპრეტაციებითა და მაგიით გვაწვდიან როგორც მსოფლიო ლეგენდების, ისე თავიანთ შემოქმედებასაც.

სიტყვა კი ცოტათი გაგრძელდა, თუმცა, როცა ჯაზზე საუბრობ, მგონი, გრძელი სიტყვა მოკლედ სულაც არ ითქმის. ეს მცირე ექსკურსი დღევანდელობამდე მოსასვლელად იყო საჭირო. ჰოდა, დადგა დრო, ახლა შემოდგომის ჯაზზე მოგიყვეთ – ნელ-ნელა რომ ტრადიციად დამკვიდრდა და სულ უფრო მეტი გულშემატკივარი უჩნდება, სწორედ იმ ჯაზზე. მას Jazz&Wine ფესტივალი ჰქვია და 3 ოქტომბერს ის კახეთში მეოთხედ ჩატარდა.

მოხდა ისე, რომ მოქუფრულ ამინდებს შორის სწორედ ამ დღეს გამოიდარა და 20-მდე მწარმოებლის ღვინის დაგემოვნება გაბრდღვიალებულ მზის გულზე მოვახერხეთ. გარდა იმისა, რომ თითოეულ ღვინოს თავისი იდენტობა ჰქონდა და რაღაც კუთხით, ორიგინალური იყო, ყველაზე საინტერესო ღვინის დაგემოვნების პროცესში მათი მწარმოებლების მიერ მოთხრობილი ამბები იყო – თუ საიდან მოდიოდნენ ეს ღვინოები, რა ჯიშების ნარევი იყო და რითი გამოირჩეოდნენ ისინი.

მეღვინეების ამბებითა და ღვინოებით გაბრუებულმა კი რუსა მანველის მოსმენა დავიწყეთ – მშრალი ღვინოები ჯაზმა უდავოდ დაატკბო. რადისონ ქოლექშენის მცირე სცენიდან რუსამ თავისი შემოქმედება თავმდაბლურად გაგვიმხილა. გვითხრა კიდეც, ცნობილ სიმღერებთან ერთად ჩემებიც მინდა, შემოგაპაროთო – თითქოს ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებდა. ექსპერიმენტი კი ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რადგანაც რუსამ საკმაოდ საინტერესო რეპერტუარი შემოგვთავაზა და, ოვაციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, იქ მყოფი საზოგადოება მართლაც მოხიბლა. თუმცა, ალბათ მისი გამოსვლიდან ყველაზე მეტად მისი მუსიკალური ჟესტი – ჩასაბერი ინსტრუმენტის გარეშე გამოცემული საქსაფონის ხმა დაგვამახსოვრდა.

ცოტა ხანში რუსა დავით მაზანაშვილის ტრიომ შეცვალა. სულ რაღაც წამებში დრამი, ბასი, პიანო ერთად გახურდა და ტრიოს შემოქმედებიდან სწორედ გუშინდელი დღის შესაბამისი მუსიკა “Wine” აჟღერდა. ერთი სიტყვით, ღვინო ჰაერშიც იყო და – ჩვენს ჭიქებშიც. შემდეგ მას მოჰყვა დიუკ ელინგტონისა და მისი ორკესტრის ლეგენდარული “Caravan”, რომელიც ტრიოს ინტერპრეტაციებით საოცრად იყო გაჯერებული. მათვე დაუკრეს არტ ბლეიკისა და მისი ჯაზის მაცნეების “Moanin” და დევიდ ბენოიტის “Freedom at Midnight”, რომელთა ცოცხლად მოსმენაც ჯაზის მოყვარულებისთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.

ჯაზ ენდ ვაინის პირველი ნახევარი ასე დასრულდა და ჩვენც, მსმენლებს, დრო მოგვეცა, დავფიქრებულიყავით და გაგვეაზრებინა, რა ვნახეთ და რა მოვისმინეთ. ალბათ ყველას გულში გვეფიქრებოდა, რომ კლასიკური გარემო ჯაზთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. თითქოს ეს ის ადგილია, სადაც რახმანინოვს ან ლისტს უნდა უსმენდე, თუმცა, როგორც შესავალში ვახსენეთ, ქართულ პოლიფონიასა და ამ რიტმის შერწყმაზე, ზუსტად ასევე მოერგნენ ერთმანეთს ერთმანეთისგან განსხვავებული გარემო და მუსიკა.

საღამოს ამფითეატრში გადავინაცვლეთ – იქ, სადაც ბექა გოჩიაშვილის ტრიო გველოდა. აქ შესავალი აღარაა საჭირო – ტრიოს პირველივე ნოტიდან ჰაერი მუსიკით გაიბერა. ტრიომ ამერიკელი ჯაზმენის, ჩიკ კორეას რეპერტუარით დაწყება ისურვა და ალბათ ეს სწორი ნაბიჯი იყო – უკვე საკმარისად განტვირთულები ვიყავით საიმისოდ, რომ ენერგიული მუსიკა მოგვესმინა. ორივე ტრიოს მოსმენისას ერთი რამ მკვეთრად შეინიშნებოდა – რომ ჯაზში ყველა ბედნიერია. ტრიოს წევრები ერთმანეთთან სხვანაირ, მაგიურ კავშირს გრძნობენ, ერთმანეთს უღიმიან, იმიტომ, რომ ერთად აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს და როცა ამას მსმენელი ხედავს, ანალოგიური შეგრძნებები ებადება მასაც.

ძალიან რთული იქნება იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც ამ ტრიომ გააკეთა – სკამიდან აფრენას ცოტა დაგვაკლდა. ყველას ერთნაირი სიმპტომები გვაწუხებდა – სისხლის მოწოლა, სხეულის თავისით მოძრაობა და ა.შ ეს ის იყო, რაც არასდროს გვინდოდა, რომ დასრულებულიყო. ტრიოს “ბოლო აკორდი” გია ყანჩელის ნაწარმოები იყო, რომელიც ფილმისთვის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” დაწერა. ის აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მანამდე დაუკრეს და მან სულ სხვანაირი სიმშვიდე მოჰგვარა მსმენელს.

კულისებში დღის მთავარი გმირი – ლიზა სიმონე იცდიდა და ტრიოს მერე სცენა სწორედ მას დაეთმო. ჯერ მოგვესალმა, მერე კი სახეზე გადაფენილი ღიმილით გვითხრა, რომ აქ ყოფნა მისთვის უდიდესი სიამოვნება იყო. ქართველი ხალხის სტუმარ-მასპინძლობის შექების მერე კი სამაგიერო თავისი შემოქმედებით გადაგვიხადა. თითქოს ეს ქალი აქ თავისი ისტორიების მოსაყოლად იყო ჩამოსული, რადგანაც მისი თითოეული სიმღერა სწორედ მის ცხოვრებას აღწერდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიო ლეგენდის, ნინა სიმონეს ქალიშვილი იყო, მას სულაც არ ჰქონია მარტივი ცხოვრება.

ლიზა სიმღერებს პატარა შესავლებს ურთავდა, გვიხსნიდა, რატომ მღეროდა იმას, რასაც მღეროდა. მანვე შეგვისრულა დედისადმი მიძღვნილი სიმღერაც “Legacy” და თან გვითხრა, რომ ნინას ქალიშვილობა მისთვის მდიდარი, საინტერესო გამოცდილებაა. ლიზამ ასევე მოახერხა ის, რომ ერთ წამში დასევდიანებულები მეორე წამში ავეცეკვებინეთ, მესამე წამში კი ისევ კაეშანში გავეხვიეთ. საკმაოდ საინტერესო იყო მის მიერვე შემოთავაზებული “აფროამერიკული ტვისტი”, რომელმაც არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ასაკოვანი ხალხიც კი ააცეკვა.

ლიზას სცენიდან გაშვება არავის სდომებია, თუმცა კი ამის დრო მაინც დადგა. ენერგიით, მუსიკალური კულტურითა და შარმით სავსე ლიზა სიმონე ქართველ მსმენელს გულთბილად დაემშვიდობა და მასთან ერთადვე დაგვემშვიდობა მეოთხე Jazz&Wine-იც.

ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო – ასეთი დღეები მუსიკაზე სიღრმისეულად გაფიქრებს, ფაქტობრივად, მისი წარმოშობის საფუძველში გახედებს, გაკვირვებს, როგორ იქმნება ის, რაც იქმნება და მერე გახვედრებს, რომ ამ ყველაფრის საწყისი ჯაზისადმი შეუფასებელი სიყვარულია. ეს ის რიტმია, რომელიც არ გავიწყდება, რომელიც ყველას გვაქვს და გვექნება – ვუსმენთ თუ არ ვუსმენთ, ჯაზი პირდაპირ ქაოსურ ადგილებში დაგროვებული ხმაა, თუმცა, ერთი კია – ის მოწესრიგებული ქაოსია.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

იცით, რისთვის არის განკუთვნილი ტაქტილური ფილები?

MOITANE – აგირჩევთ, ავწონით, მოგიტანთ