in

ღვინის, მუსიკისა და ორი კულტურის სინთეზი კახეთში, ჯაზისა და ღვინის ფესტივალზე

კახეთი ის რეგიონია, რომელიც შემოდგომას ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება. კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი” აგერ უკვე მე-6 წელია, ყურძნისა და ღვინის არომატების სამშობლოში მასშტაბურ ფესტივალს ატარებს, რომელსაც „ჯაზი და ღვინო კახეთი“ ეწოდება და წელსაც გრანდიოზულ დღეებს ჰპირდება საზოგადოებას. ფესტივალზე დასწრება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს, ღვინისა და ჯაზის მოყვარულებს შეუძლიათ და არა მარტო. ის საშუალებას გაძლევთ, გაიცნოთ ახალი მარნები, დააგემოვნოთ ღვინის სახეობები და ეზიაროთ გემოვნებიან მუსიკას, რომელსაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები წარმოგიდგენენ.

ფესტივალი ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანს ეპატიჟება. აქტივობები, რომლებიც 15-16 ოქტომბერს არის დაგეგმილი წინანდალში, საკმაოდ მრავალფეროვანია და სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ. მუსიკა და ღვინო – ეს ფესტივალის მთავარი თემატიკაა, რომელიც მიზნად ქართული მეღვინეობის პოპულარიზაციას, ჯაზის კულტურის დანერგვასა და ახალი პერსპექტივების გაჩენას ემსახურება, როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველად ამ ფესტივალს ეყოლება სტუმარი ქვეყანა და ეს არის აშშ. ამ დღეების ფარგლებში კახეთს ამერიკელი მეღვინეები და შეფები ესტუმრებიან, რომლებიც თავიანთ ღვინოსა და ამერიკულ სამზარეულოს წარმოადგენენ, ჩაატარებენ მასტერკლასებს და გაიცნობენ ქართველ მეღვინეებს. როგორც იცით, ამერიკის შეერთებული შტატები ჯაზის სამშობლოდ ითვლება, ხოლო საქართველო ღვინის სამშობლოა. ესეც მნიშვნელოვანი რგოლია, რომელსაც ფესტივალი კრავს, აერთიანებს ორივე კონცეფციას და ერთი იდეის ქვეშ მოაქცევს როგორც ჯაზს, ისე ღვინოს, ქართულ და ამერიკულ კულტურას.

კრისტოფერ ანდერსონი, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, გვიზიარებს თავის მოსაზრებასა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს:

„წლევანდელი ღვინისა და ჯაზის ფესტივალი მართლაც განსაკუთრებული იქნება. აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აშშ საპატიო სტუმარია. ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ღვინოს – რომლის სამშობლოა საქართველო – და ჯაზს – რომლის სამშობლოც შეერთებული შტატებია – არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის ბუნებრივი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ცოცხალი და სახალისო მაგალითი. აშშ-ის საელჩოს მოწვევით, საქართველოში ჩამოდის უმაღლესი კლასის ჯაზ კვინტეტი, ღვინის მწარმოებელი, შეფ-მზარეული სან-ფრანცისკოდან და მცხობელი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ფესტივალში, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებში ერთი კვირის განმავლობაში.

საელჩო მოხარულია, წარმოგიდგინოთ Caili O’Doherty Quintet-ის პირველი ტური საქართველოში, რომელიც მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ხაშური, ბორჯომი, წეროვანი, თბილისი და თელავი. ხოლო კულინარიის წარმომადგენლები ეწვევიან იმერეთს, თბილისსა და კახეთს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, გამართავენ მასტერკლასებს და შემოგვთავაზებენ უამრავ გემრიელ კერძს. ისინი ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ საუკეთესო, საერთაშორისო გამოცდილებას მდგრადი ტურიზმისა და აგრობიზნესის განვითარებაში, ასევე, გაეცნობიან საქართველოს მშვენიერ კულინარიულ და ღვინის ტრადიციებს, რასაც შემდეგ გააცნობენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს აშშ-ში. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან, შეფი მეთიუ დოლანი, კულინარიული წიგნის ავტორი და აღმასრულებელი შეფ-მზარეული სან-ფრანცისკოს ცნობილ რესტორან „Lusk25“-ში; შონ იუბანკი, Rocklands Farms and Winery-ის ვიცე-პრეზიდენტი; და ევრიმ ბოგუ, მცხობელი, რომელიც იყენებს ენდემური ხორბლის ჯიშებს და რომელმაც ხელი შეუწყო შეშაზე მომუშავე Sub Rosa-ს საცხობისა და Common Grain ალიანსის შექმნას და ფერმერების, წისქვილების და მცხობელების დაკავშირებას მდგრად ქსელში”.

როგორ ემზადება ჯაზ ფესტივალი 2022 წლისთვის და რას უნდა ველოდოთ მისგან, „ისთერნ პრომოუშენსის” დამფუძნებელი, კახა კანდელაკი გვესაუბრება:

M: რა სიახლეებს სთავაზობს წლევანდელი ჯაზ ფესტივალი საზოგადოებას, რით იქნება განსხვავებული წლევანდელი ფესტივალი წინამორბედებისგან?

წლევანდელ ფესტივალზე ახალი და განსხვავებული ისაა, რომ მას ეყოლება სტუმარი ქვეყანა, აშშ. ეს გვინდა, ტრადიციად დავამკვიდროთ და სამომავლოდ სხვა ქვეყნებსაც შევთავაზოთ. ფესტივალის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იგეგმება: ამერიკიდან ჩამოდის მეღვინე, თავისი პროდუქციით, რომელიც ქართველ მეღვინეებთან ერთად გამოფენს თავის ღვინოს და დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება, დააგემოვნოს. ასევე ჩამოდიან ამერიკელი შეფები, რომლებიც მოამზადებენ ამერიკულ კერძებს და ფესტივალის სტუმრებს ამ კერძების დაგემოვნებაც, რა თქმა უნდა, შეეძლებათ.

იქიდან გამომდინარე, რომ ფესტივალი 50% მუსიკასა და 50% ღვინოს მოიცავს, მისთვის მოწვეული გვყავს როგორც გამორჩეული შემსრულებლები, ისე მეღვინეები, რომლებიც კარგი ხარისხის პროდუქციას ქმნიან და საჭიროებენ რეკლამირებას. წელს 30-მდე კომპანია წარმოადგენს თავის პროდუქციას. ეს იქნება ღვინის სახეობები, ჭაჭა და სხვა. 

ამასთან, წელს ფესტივალზე გვექნება ე.წ. ჯაზშოპი, სადაც ჯაზის თემატიკასთან დაკავშირებული სუვენირები და ღვინო გაიყიდება. თუ ღვინის კოლექციებით ხართ გატაცებული, შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინო სტინგის, კოპოლას ან ბრედ პიტის მარნებიდან. ამ ღვინოებს უნიკალური შეფუთვებიც აქვს და თუ ყიდვის სურვილი არა, დათვალიერება მაინც საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის.

M: რა აქტივობების ნახვა შეეძლებათ ფესტივალზე მოსულ სტუმრებს?

15-ში 13:00 საათიდან გაიხსნება ფესტივალის კარი ამფითეატრში. ყველა კომპანიას თავისი კუთხე ექნება და იმის გარდა, რომ პროდუქტის დაგემოვნების საშუალებას მისცემენ, საზოგადოებას მოუყვებიან თავიანთი ღვინის ისტორიას, თუ რა და როგორ მზადდება მათ მარნებში. ასევე მათ საშუალება ექნებათ თავიანთი გამოცდილება ამერიკელ მეღვინეებსაც გაუზიარონ. ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით, არის კომპანიები, რომლებიც ამერიკული სტილით აწარმოებენ ღვინოს და ისინიც წარმოდგენილნი იქნებიან ფესტივალზე.

პარალელურად ამ ღვინის დეგუსტაციისა და გაცნობისა, გაიმართება ელის ფრანსისის კონცერტი, რომლის მუსიკაც უფრო გაამდიდრებს და ენერგიას შეჰმატებს ფესტივალის მსვლელობას. ელის ფრანსისის ბენდი 20-30-იანი წლების ჯაზისა და თანამედროვე, 21-ე საუკუნის მუსიკის ნაზავია, სადაც ვოკალი და ინსტრუმენტალი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. 

საღამოს სტუმრებს ბოლრუმი უმასპინძლებს ამერიკელი კომპოზიტორისა და პიანისტის კაილი ოდოერტის კვინტეტის კონცერტზე. ისინი სხვადასხვა პერიოდისა და მიმართულების ჯაზს დაუკრავენ. ეს სივრცეების ცვალებადობაც ერთგვარი თავგადასავალია ფესტივალის სტუმრებისთვის, რადგან ამფითეატრიდან ბოლრუმში რომ შემოდიხარ, თითქოს სხვა ქალაქში ხვდები. შემდეგ კი ისევ ამფითეატრში გადაინაცვლებ, სადაც უკვე სხვანაირად იქნება მოწყობილი გარემო. აქცენტი იქნება ღამის შესაფერის განათებებზე, მუსიკაც უფრო ენერგიული და საცეკვაო დაგხვდებათ. მსმენელის წინაშე ლეგენდარული გერმანული ჯგუფი დი-ფაზი წარდგება, რომელიც 25 წლის გახდა წელს და მისი წევრები ერთ-ერთი პიონერები არიან ლაუნჯ მუსიკაში. 

M: წელს ფესტივალს სტუმარი ქვეყანა ჰყავს – აშშ. როგორ შედგა ეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და რით იქნება გამოხატული ამერიკის სტუმრობა ფესტივალზე?

ჯაზი, როგორც იცით, დაიბადა ამერიკაში და აქედან შეიყვარა მსოფლიომ. ჩვენთვის ამ მუსიკასთან და ამერიკასთან ამ კუთხით ურთიერთობა ახალი არ არის, რადგან პირველი ჯაზ ფესტივალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარდა. თბილისის ჯაზ ფესტივალები დიდი ხანია არსებობს, ის არის ხერხემალი იგივე Black sea ჯაზ ფესტივალისთვის. ამერიკის საელჩო ძალიან უჭერდა მხარს ყოველთვის ამ ფესტივალებს და მასტერკლასებსაც აფინანსებდა. შესაბამისად, ეს კავშირი საქართველოსა და აშშ-ს შორის მუდამ არსებობდა. ამიტომ, როცა შევთავაზეთ, რომ წელს სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენილიყვნენ და თავიანთი გამოცდილებაც ეჩვენებინათ ამ ფესტივალზე, სიხარულით დაგვთანხმდნენ, რადგან ეს ორმხრივად საინტერესო ფესტივალი და თანამშრომლობაა. სამომავლოდ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებიც ჩავრთოთ ამ ყველაფერში და ყველამ თავისი კულტურა გაგვაცნოს, რადგან ფესტივალი პირველ რიგში კულტურების გაცვლას ემსახურება. ამაში კიდევ უფრო გვარწმუნებს ის, რომ თვითონ ამერიკელი მეღვინეები და მზარეულები რამდენიმე დღით ადრე ჩამოდიან საქართველოში და ჯერ ქუთაისსა და სხვა ქალაქებში აპირებენ მასტერკლასების ჩატარებას. შემდეგ კი უკვე კახეთში დააგვირგვინებენ თავიანთ ვიზიტს.

M:  არის ასეთი კონცეპტიც „ჯაზი ბავშვებისთვის”. ამაზეც ვისაუბროთ, რატომ და როგორ გაჩნდა ეს იდეა და რას სთავაზობს ის ბავშვებს?

16 ოქტომბერს, 10:00 საათზე ბოლრუმში კეილი ოდოერტის კვინტეტი გამართავს პროექტს „ჯაზი ბავშვებისთვის”, სადაც მუსიკოსები სპეციალურ პროგრამებს მართავენ ბავშვებისთვის. ის ასწავლის ბავშვებს ჯაზის სამყაროს, რომელი ინსტრუმენტი რას ემსახურება, სხვადასხვა მულტფილმის მაგალითზე უხსნის და აცნობს ჯაზურ თემებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ პროექტს პირველად ვაკეთებთ. ამან შეიძლება ახალი ინტერესები გაუჩინოს ბავშვებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვობიდან მოხდეს მსგავს კულტურებთან ზიარება. ჩვენს საზოგადოებას მაგ მხრივ გაზრდა სჭირდება, რომ სწორად შეაფასოს კარგი და ცუდი მუსიკა. როგორც კლასიკური მუსიკის ბავშვებისთვის შეჩვევაა მნიშვნელოვანი, ისეა ჯაზიც, რადგან ესეც უკვე კლასიკაში გადის, მე-20 საუკუნის კლასიკური მუსიკაა. 

M: როგორ შეირჩნენ ის მარნები, რომლებიც წელს ფესტივალში იღებენ მონაწილეობას?

პირველად რომ ამ ფესტივალის ორგანიზება დავიწყეთ, 7-8 მარანი ძლივს ვიპოვეთ, მაგრამ წელს გვიხარია, რომ ბევრად გაფართოვდა თავად ეს წარმოება და უფრო მეტი და მეტი საოჯახო ბიზნესი არსებობს ღვინის კუთხით, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას სთავაზობენ საზოგადოებას. ჩვენი მხრიდან გვაქვს რიგი კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შერჩეული მარანი, ეს არის ჭურჭელი, თუ მიწოდების ფორმა. უშუალოდ გემოს შემფასებელი უკვე ის დეგუსტატორები იქნებიან, რომლებიც ფესტივალზე მათ ღვინოს გასინჯავენ. ჩვენგან ხელშეწყობა ისაა, რომ ისინი უსასყიდლოდ წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტს ჩვენს ფესტივალზე და მათთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ ფართო მასებზე გაიტანონ პროდუქტი. 

ფესტივალზე მთელი ოჯახებით მოდიან, სთავაზობენ სტუმრებს თავიანთ პროდუქტს, ზოგს სომელიეებიც მოჰყავს, საინტერესო დიალოგები იმართება ხოლმე მეღვინეებს, მეღვინეებსა და სტუმრებს შორის, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებით სრულდება.

დასაწყისში შეგპირდით და ალბათ უკვე დარწმუნდით, რომ „ჯაზი და ღვინო კახეთი” გემრიელ, მხიარულ და სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ. ფესტივალი არა მარტო კახეთის რეგიონის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასაც. ამასთან, იგი მცირე მეწარმეებს ეხმარება წინ წამოწევაში. მაშინ, როცა დიდი კომპანიები უამრავ ფინანსს ხარჯავენ იმაზე, რომ ცნობილი სახეების მეშვეობით ბრენდი  გაარეკლამონ, ამ მარნებს საშუალება ეძლევათ ისეთი მუსიკოსების კონცერტებზე გამოიტანონ თავიანთი პროდუქტი, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს. 

ბოლო თაობის Skoda Fabia-ს მოკლე მიმოხილვა და დადებითი მხარეები

როგორ უნდა დაისახოთ კარიერული მიზნები, როცა გადამწვარი ხართ?